თბილისში ნაპოვნი პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლულია - კვირის პალიტრა

თბილისში ნაპოვნი პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლულია

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირიაა.

გაბიტაშვილი, ისევე როგორც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, განცხადება ამის თაობაზე მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა.

"ინტერპრესნიუსი"