"პროკურორს კეფაში ესროლეს" - კვირის პალიტრა

"პროკურორს კეფაში ესროლეს"

რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ (პაატა) ქირია ქავთარაძის ქუჩაზე, #24-ში, პირველ სართულზე გარდაცვლილი იპოვეს.

ვახტანგ ქირია ზუგდიდიდან თბილისში შვილების სანახავად იყო ჩამოსული. სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით ოთხ საათზე გავიდა. მანამდე მას დაურეკეს, შვილებს უთხრა, რომ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა, თუმცა არ უთქვამს, ვის უნდა შეხვედროდა. სახლში მოსვლა რომ დააგვიანდა, რეკვა დაიწყეს, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. მოგვიანებით ტელეფონი ჩაირთო და შვილებს უცნობმა მამაკაცმა უპასუხა, ტელეფონი რუსთავში, ქუჩაში ვიპოვეო. სწორედ ამის შემდეგ ატეხეს განგაში ოჯახის წევრებმა.

ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად მის სამსახურებრივ საქმიანობას განიხილავენ, თუმცა, არავინ აკონკრეტებს, რა შეიძლება გამხდარიყო ტრაგედიის მიზეზი. შურისძიებას კატეგორიულად გამორიცხავენ ის ადამიანები, ვინც პაატა ქირიას დიდი ხანია, იცნობენ.

ჯიტა გულუა, ადვოკატი: - არ მინდა, დავიჯერო, რომ პაატა მოკლეს. 20 წელია, ვიცნობ. უკონფლიქტო, კეთილი, სხვისი ტკივილის გამზიარებელი, კარგი მამა, კარგი მეუღლე იყო. მიჭირს წარსულ დროში მასზე ლაპარაკი. ვერ ამიხსნია, როგორ შეიძლებოდა, პაატას მტერი ჰყოლოდა.

ვახტანგ ქირია წლებია, პროკურატურაში მუშაობს. როლანდ ახალაიას პროკურორობის დროს ის სისტემიდან წავიდა, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროფესიონალი კადრი სისტემაში დააბრუნეს. მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების გამოძიება ებარა.

პროკურორის ახლობლები ერთმანეთთან საუბარში ე.წ. კანონიერი ქურდების საქმეს იხსენებდნენ და ეჭვს გამოთქვამდნენ, მომხდარი ამას ხომ არ უკავშირდებაო, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას ამ საქმის დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, გაქირავებული იყო. ჯერჯერობით უცნობია, ვის ჰქონდა ნაქირავები და როგორ აღმოჩნდა იქ პროკურორი. არც ის არის გამორიცხული, რომ იგი სხვაგან მოკლეს. მომხდარით შეძრული არიან ქირიას შვილები და ოჯახის წევრები. მოკლული პროკურორის ქალიშვილი იხსენებს - მამას არასოდეს უთქვამს, რომ ემუქრებოდნენ, შინ სამსახურის საქმეებზე არასდროს საუბრობდაო.

მოკლული პროკურორის ცხედარი ოჯახის წევრმა ამოიცნო. ვახტანგ ქირიას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა კეფაში აქვს მიყენებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სხეულზე ეტყობა დაზიანების და წამების კვალი.

იხილეთ ასევე

თეა ხურცილავა, რუსუდან შელია