პროკურატურამ საქმე თამაზაშვილისა და ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრა?! - კვირის პალიტრა

პროკურატურამ საქმე თამაზაშვილისა და ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრა?!

ნანა კაკაბაძე: "არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნასაც, რომელსაც სათავეში ელისაშვილი ჩაუდგება. მისი პოლიტიკური კეკლუცობა ამას მოასწავებს"

ალეკო ელისაშვილი: "ნურავინ გაწვალდება იმაზე ფიქრით, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე"

შეწყალების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სკანდალი არ ცხრება. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ შესაძლოა, არაერთ სკანდალურ საქმეს დაუდოს საფუძველი. "კვირის პალიტრას" ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ესაუბრა.

- ეს არის პოლიტიკური მიზნებით დაწყებული პროცესი და სამართლიანობას ან იურიდიულ მტკიცებულებებს არ უკავშირდება. ჩემი აზრით, ყველაფრის წამომწყები ალეკო ელისაშვილიც იმ მოძრაობაშია ჩართული, რომელიც რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფისთვის ათავისუფლებს სარბიელს. ამ შემთხვევაში მისი მიზანია პოლიტიკური ფიგურების ჩარეცხვა სხვებისთვის ადგილების გასათავისუფლებლად...

- "ქართული ოცნების" სიაში უთავისუფლებენ ვინმეს ადგილს, თუ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მზადდება არენა?

- ეს პროცესი "ქართული ოცნებისთვის" სასიკეთო ვერ იქნება. ყველაფერი ხდება იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც "ქართული ოცნების" ჩაჩოჩებას ცდილობს. რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულისხმობ, სხვა პოლიტიკური ძალა მყავს მხედველობაში, თუმცა, ჯერჯერობით მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ... ამასთან, არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნასაც, რომელსაც სათავეში სწორედ ალეკო ელისაშვილი ჩაუდგება. მისი პოლიტიკური კეკლუცობა ამას მოასწავებს. კიდევ არიან ადამიანები, რომელთა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადანაცვლება შიდა განხილვის საგანია, თუმცა, თუ ისინი მართლაც ასეთი ბინძური მეთოდებით მოვიდნენ, ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანენ.

- კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეწყალების კომისიის საქმიანობის სკანდალური ეპიზოდების გამო პროკურატურაში უკვე აღიძრა საქმეები...

- რასაკვირველია, ამას ველოდი კიდეც... ვიცი, რომ პროკურატურა დაინტერესდა პრეზიდენტის ცოლისძმასთან დაკავშირებით გახმაურებული ინფორმაციით.

მან 22 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ადამიანს, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. დამნაშავეს 17 წელი მიუსაჯეს, თუმცა, მოვიდა პრეზიდენტად მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის გავლით თუ მისი გვერდის ავლით, ეს ადამიანი გაათავისუფლეს. მას, ფაქტობრივად, 15 წელი აპატიეს. პროკურატურა მხოლოდ ამ ფაქტით არ დაინტერესებულა. ახლახან მომმართა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, რომელიც ნარკორეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს. ხელისუფლება შეიცვალა თუ არა, ეს კაცი მაშინვე გაათავისუფლეს, რაც, როგორც ირკვევა, თამაზ თამაზაშვილის აქტიურობის შედეგია. სავარაუდოდ, მან სწორედ ალეკო ელისაშვილის დახმარებით და მარგველაშვილის ხელით მიიღო თავისუფლება.

ეს მაშინ მოხდა, როცა "ქართული ოცნება" ერთიანი გუნდი იყო და არც მარგველაშვილი და ღარიბაშვილი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლა, როგორც ჩანს, პროკურატურას როგორც ელისაშვილის, ისე თამაზაშვილის წინააღმდეგ საქმე აქვს აღძრული და ყოფილ პატიმარს ჩვენების მიცემას სთხოვს. ეს კაცი მეუბნება, მე ეს ადამიანები დამეხმარნენ, გამათავისუფლეს, ე.ი. სასჯელის 24 წელი მაპატიეს და ახლა მათ წინააღმდეგ ჩვენება როგორ მივცეო... თანაც ეშინია, რომ ისევ ციხეში არ შეაბრუნონ. სამართლებრივ ნორმებში კარგად ვერ ერკვევა და ჰგონია, რომ ისევ დაიჭერენ! ამიტომ რა გზას დაადგეს და სად გადაიკარგოს, აღარ იცის...

"კვირის პალიტრა" ალეკო ელისაშვილსაც დაუკავშირდა: - არავითარი ინფორმაცია არა მაქვს, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ასე რომ იყოს, პროკურატურა მაცნობებდა... მე ჩემს პოლიტიკურ მომავალზე ვფიქრობ, მაგრამ ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. მე ვარ საკრებულოს არჩეული დეპუტატი, მაქვს ჩემი უფლება-მოვალეობები, მაკისრია პასუხისმგებლობა, რომელსაც არასდროს გავქცევივარ, ამიტომ ნურავინ გაწვალდება იმაზე ფიქრით, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე.