"დაჭრილი ეზოდან რამდენიმე მეტრში დაეცა და გარდაიცვალა" - მკვლელობით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი - კვირის პალიტრა

"დაჭრილი ეზოდან რამდენიმე მეტრში დაეცა და გარდაიცვალა" - მკვლელობით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი

"საცოდავი მერაბი, პატიოსანი, მშრომელი კაცია. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგია, შვილებსა და ოჯახზე იყო გადაყოლილი. ტყიბულის შახტაში მუშაობდა და სულ სახლისკენ ეჩქარებოდა, - ავადმყოფ მეუღლეს თავისი ხელით აჭმევდა"

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული კამათი მხვერპლით დასრულდა - სიმამრმა მერაბ გოგელაშვილმა სიძე პაატა ქასრაშვილის მოკლა. შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

სამართალდამცავთა თქმით  1957 წელს დაბადებული მერაბ გოგელაშვილი მომხდარიდან მოკლე ხანში დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს სამი ქალიშვილი ჰყავს, რომელთაგან ნაბოლარა დაახლოებით თვენახევრის წინ გათხოვდა პაატა კასრაშვილზე, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

"ახლადშექმნილ ოჯახს მუდმივად პრობლემები ჰქონდა, - მუდმივად ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ... ერთი თვის წინაც დაცილდნენ. გარდაცვლილი დროდადრო მიდიოდა ყოფილი მეუღლის სახლში, მასა და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აყალმაყალის შემდეგ, იქაურობას ტოვებდა... იმ დილითაც მივიდა მათ ოჯახში, თან დანა ჰქონია... ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მსუბუქად დაჭრა ოჯახის კიდევ ერთი სიძე. კონფლიქტში ჩაერია სიმამრი და სიძე თავისივე დანით დაჭრა, რომელიც ეზოდან გასული, რამდენიმე მეტრში დაეცა და გარდაიცვალა... მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მერაბი, რომელსაც ჩვენ, შინაურობაში "ჭიჭას" ვეძახით, ტანდაბალი, მაგრამ მკვირცხლი კაცია. არავინ იცის, რა მოხდა და რატომ გამოიყვანა ასე მოთმინებიდან ამ ხნის კაცი იმ უბედურმა. ჭიჭა, ოჯახს გადაყოლი, მზრუნველი ქმარი და მამა იყო. მისი მეუღლე წლებია ლოგინად არის ჩავარდნილი და ეს კაცი მას მზრუნველობას არ აკლებდა. შვილები თავად დაზარდა, მაგრამ ეს მესამე ქალიშვილი ამ მრავალჯერ ნასამართლევს გადაეყარა და ამ მცირე დროის განმავლობაში მუდმივად დავიდარაბაში იყვნენ..." - ყვება ოჯახის ახლობელი.

თენგიზ ლომთაძე, სოფელ საწირეს გამგებელი:

- მერაბს ყველა მეოჯახე კაცადა - კარგ მეუღლედ და მამად იცნობს. მისი შვილი, ახლახან გათხოვდა - ოჯახისგან მალულად გაიპარა და ტყიბულში მცხოვრებ პაატა კასრაშვილს გაჰყვა ცოლად... სიძეს, როგორც ამბობენ, ტყიბულში ჰქონდა სახლი, მაგრამ რადგან მის მეუღლეს ავადმყოფი დედა ჰყავდა, უმეტესად აქეთ იყვნენ. ბოლო ერთი კვირაა, სიმამრთან გადმოსულან საცხოვრებლად, მაგრამ მუდმივად უსიამოვნება ჰქონიათ. ამბობენ, რომ ფიზიკურ შეუარცხყოფას აყენებდა ახალშერთულ მეუღლეს... შემდეგ, ჩხუბის ნიადაგზე ეს კაცი წასულა სახლიდან. ტრაგედიის დღეს კი მივარდნია მათ, იმუქრებოდა და ჩხუბობდა თურმე. მერე ეტყობა, კონფლიქტი გამწვავდა და საქმეში მეორე სიძე ჩაერია... მეზობლები ამბობენ, რომ ამ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 35 წელზე მეტის იქნებოდა. რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და ეტყობა, წარსულმა მძიმე კვალი იქონია მასზე... საცოდავი მერაბი, პატიოსანი, მშრომელი კაცია. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგია, შვილებსა და ოჯახზე იყო გადაყოლილი. ტყიბულის შახტაში მუშაობდა და სულ სახლისკენ ეჩქარებოდა, - ავადმყოფ მეუღლეს თავისი ხელით აჭმევდა. უფროსი ქალიშვილებიდან შვილიშვილები ჰყავს, რომელზეც მერაბი გიჟდებოდა. ჩვეულებრივი, მეოჯახე კაცი იყო. მასზე ცუდი არავის სმენია...

- ბრალდებული დაკავებულია, ხომ?

- დიახ, სიძე, ჭრილობის მიყენებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ადგილზე პატრულის თანამშრომლები მოვიდნენ და მერაბი იქ დახვდათ... რა თქმა უნდა, მაშინვე გადაიყვანეს განყოფილებაში. მას დამალვა არც კი უცდია... ეს არის უბედურება, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, გაუბედურდა საცოდავი მერაბი და მისი ოჯახი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)