"ჩემი სამი წლის ბიჭი გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე" - კვირის პალიტრა

"ჩემი სამი წლის ბიჭი გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე"

"როცა მათ მივდევდი, არაფერი გამითვლია, არც იმაზე მიფიქრია, გადვრჩებოდი, თუ არა. ყველაფერი წამებში მოხდა"

გასული წლის სექტემბერში ორმა პიროვნებამ გურამიშვილის გამზირზე "პროკრედიტბანკის" ფილიალი დააყაჩაღა, 100 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა, თუმცა მათ მიზნის სისრულეში მოყვანა არ დასცალდათ. 32 წლის იოსებ წეველიძემ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეიარაღებული ყაჩაღები განაიარაღა. 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის 12 პოლიციელი დააჯილდოვა. მათ შორის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი იოსებ წაველიძეც, რომელმაც "კვირის პალიტრას" მომხდარის დეტალები გაუმხილა.

იოსებ წეველიძე:

-2009 წლიდან ვმუშაობ შსს-ს უწყებაში და ეს პირველი ჯილდოა ჩემთვის. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს ამბავი 18 სექტემბრის მოვლენას, კერძოდ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე "პროკრედიტბანკის" ფილიალში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირდება, რასაც ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად შევესწარი. ბავშვთან ერთად მოვდიოდი გურამიშვილის გამზირზე და მეტრო "ღრმაღელესთან" დავინახე, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი გარბოდა ფულით სავსე პარკებით ხელში. ვიღაცამ მითხრა, რომ "პროკრედიტბანკზე" მოხდა თავდასხმა და ფული გაიტაცესო. ბევრი ფიქრის დრო არ იყო, ჩემი სამი წლის ბიჭუნა გამვლელებს ჩავაბარე და ყაჩაღებს გავეკიდე. მოვუწოდე მათ, გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მომიბრუნდნენ და იარაღი დამიმიზნეს. მეც ამოვიღე ჩემი სამსახურეობრივი ტაბელური იარაღი და ჰაერში რამდენჯერმე გავისროლე. ამ დროს ერთ-ერთს ხელიდან ნაყაჩაღარი ფულით სავსე პარკი გაუვარდა და მის ასაღებად რომ დაიხარა, იმ წამსვე დავაკავე. ჩემთან ერთად ყაჩაღებს კიდევ ერთი ადამიანი მოსდევდა, რომელიც მეორე თავდამსხმელის განიარაღებაში დამეხმარა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, იგი ბანკის დაცვიდან იყო. როგორც კი ყაჩაღები დავაკავეთ, ჩემი ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე. 5 წუთში დამნაშავეებს უკვე ბორკილები ედოთ.

- ყაჩაღებს შეეძლოთ თქვენთვის ესროლათ. რას ფიქრობდით იმ მომენტში, როცა თქვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეთ?

- იმ წუთებში სიკვდილ-სიცოცხლეზე არ მიფიქრია. ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, ასე მოვქცეულიყავი და დამნაშავეები შემეპყრო. საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა და არავინ დაზარალებულა. როცა შენს როგორც მოქალაქეობრივ, ისე პროფესიულ მოვალეობას პირნათლად ასრულებ, ბედნიერი ხარ, მით უმეტეს, მსხვერპლის გარეშე რომ დააკავებ დამნაშავეებს. მაგრამ ეს გრძნობა დგება მოგვიანებით. როცა მათ მივდევდი, არაფერი გამითვლია, არც იმაზე მიფიქრია, გადავრჩებოდი, თუ არა. ყველაფერი წამებში მოხდა.

- სოსო, მოგვიყევით, როგორ მოხვდით პოლიციაში და რას საქმიანობდით 2009 წლამდე?

- 2007 წელს წავედი შსს-ს სპეცოპერაციული ცენტრის ჯარში, 8 თვე შავნაბადას ბაზაზე, 9 თვე შსს-ს მე-4 კორპუსში ვიმსახურე. 2008 წელს ერთი თვე ვიმსახურე კოდორის ხეობაში, სადაც ობიექტების დაცვა გვევალებოდა. ჯარის გავლის შემდეგ, კრიმინალური პოლიცია ავირჩიე, გავიარე ეტაპები ქალაქის სამმართველოში, სრული საბაზისო მომზადების კურსი პოლიციის აკადემიაში და 2009 წლის 21 აპრილს დავიწყე და დღემდე ვმუშაობ ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გახლავართ.

- ხომ არ გაიხსენებდით შემთხვევას, რა დროსაც ადამიანის სიცოცხლე გადაგირჩენიათ?

- რამდენიმე წელი ვიმუშავე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 2014 წელს იყო ასეთი შემთხვევა, როცა მე და ჩემმა მეწყვილემ -დავით დანელიამ მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინეთ. "ახმეტელის" მეტროსთან საგზაო მოძრაობას ვარეგულირებდით. ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ დროს ქალბატონმა თხოვნით მოგვმართა, თვენახევრის ბავშვი გადამირჩინეთო. ოცმეთაური ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ მოქალაქეს უნდა დავხმარებოდით და ბავშვი სასწრაფოდ გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში. ბავშვი რეანიმაციაში შეიყვანეს და 2 წუთში სუნთქვა და ტირილი დაიწყო. რომ დაგვეგვიანა, ბავშვი არ გადარჩებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)