"რუსეთის ექსპრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში" - ბენსუდას აგვისტოს ომის გამოიძიების ნება დართეს - კვირის პალიტრა

"რუსეთის ექსპრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში" - ბენსუდას აგვისტოს ომის გამოიძიების ნება დართეს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო.

აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია. "მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა", - წერია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

შეგახსენებთ, ქალბატონი ფატუ ბენსუდა საქართველოში გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. ქალბატონი პროკურორის იჟამინდელი განცხადებით,  არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები. ოქტომბერშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰააგის პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე თან ახლდა დახურული სია პირებისა, ვისაც, შესაძლოა, სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა დაუმტკიცდეთ. თუმცა, ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის და შეუძლებელია იმის თქმა, იკვეთება თუ არა ამ საქმეში პუტინის, მედვედევის, კოკოითის ან ქართული მხარის რომელიმე წარმომადგენლის ბრალეულობა. პროკურორმა ასევე თავი შეიკავა მოწმეთა ვინაობის დასახელებისგან.

ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს? - ამ კითხვას ექსპერტი მამუკა არეშიძე ასე პასუხობდა:

"- ჩვენ თუ მაგალითისთვის მილოშევიჩის საქმეს გავიხსენებთ, მის ბრალდებებში მთავარი ადგილი უჭირავს მის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს, ასევე

იმ მხარდაჭერას, რასაც ის უცხადებდა კოსოვოში მიმდინარე პროცესებს და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებას. თუ დღეს კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, ეს შეეხება, უპირველესად, იმ თანამდებობის პირებს, ვინც ბრძანებები გასცა და განცხადებები აკეთა ამა თუ იმ ეროვნების ხალხის განადგურების მიზნით. ასეთი ფიგურა 2008 წლის ომის დროს იყო კოკოითი, რომელიც კამერების წინ მოუწოდებდა ქართული სოფლების განადგურებისკენ; ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად მოხვდება დამნაშავეთა სიაში. თბილისში ბევრს აქვს იმედი, რომ თუ ჰააგის სასამართლო გამოიძიებს ომის საქმეს, დასასჯელთა შორის მიხეილ სააკაშვილიც იქნება. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე ცოტა სხვანაირად წარიმართება. სააკაშვილმა ამ ომში თავისი წილი დანაშაულიც ჩაიდინა და შეცდომებიც დაუშვა. მისი მთავარი შეცდომა ის არის, რომ კარგად იცოდა, რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ მაინც გაამწვავა სიტუაცია, ანუ დაგებულ ხაფანგში გაყო თავი. ვემიჯნები იმ აზრს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. მან დაიწყო კონკრეტული ბრძოლა, რაც დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ომის დასაწყისი. სამწუხაროდ, ჩვენმა პროკურატურამ ამ საქმის გამოსაძიებლად ვერაფერი გააკეთა.

წესით, ომის გაჩაღების ბრალდებით რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

- ამ პროცესიდან საქართველომ რა მოგება შეიძლება ნახოს?

- საქართველოს საკითხი კვლავ დაბრუნდება მსოფლიოს დღის წესრიგში, მაგრამ ეს დაბრუნება წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უტყუარ და სერიოზულ დოკუმენტაციას წარვადგენთ. ეს უნდა იყოს ძირისძირობამდე გამოკვლეული და მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული დოკუმენტები. უამრავი მასალაა დაგროვილი საქართველოს სხვადასხვა უწყებაში, რომელთაც საომარ მოქმედებებთან პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდათ. ამ ინფორმაციის მოძიებაა საჭირო. მივიჩნევ, რომ იუსტიციის მინისტრი ამ პროცესში მთავარი ფიგურა უნდა იყოს, თუმცა, აუცილებელია სამთავრობო კომისიის შექმნაც, რათა უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი მასალა მოგროვდეს, მაგალითად, ცხელი ხაზის მასალები..."

იხილეთ ასევე: ვინ არის ფატუ ბენსუდა, პროკურორი ქალბატონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას აპირებს