რა მიზეზით გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე?! - გრიპი თუ გაურკვეველი გარემოებები?! - კვირის პალიტრა

რა მიზეზით გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე?! - გრიპი თუ გაურკვეველი გარემოებები?!

მოწმე ქალბატონი სოფელ ყალაფილაში, ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას, კერძოდ სასაფლაოზე დამლაგებლად მუშაობდა

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას მცხოვრებლების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ირინა გოგილაშვილი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, გოგილაშვილი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.

"ირინას გრიპის ვირუსი ჰქონდა. რამდეჯერმე სასწრაფოც გამოიძახა, თუმცა თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან უქმე დღეები იყო, თუმცა შემდეგ, როცა ვითარება დამძიმდა, ის კლინიკაში მოათავსეს. კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ორი დღე მკურნალობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - აცხადებენ ყარაფილელები. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ დაკრძალეს.

ინფორმაცია ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ გაავრცელა.

მისი თქმით, მოწმე ქალბატონი სოფელ ყალაფილაში, ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას, კერძოდ სასაფლაოზე დამლაგებლად მუშაობდა. ცააძის ინფორმაციით, მოწმე ”არც მოხუცი იყო და არც ავადმყოფობდა”.

"მისი გარდაცვალების დეტალებს ვაზუსტებთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა", - განაცხადა ირინა ცააძემ.