ახალგაზრდას, ვინც ბავშვთა სახლსა და მარტყოფის პანსიონატში დატრიალებული ტრაგედიები ამხილა, ემუქრებიან - სკანდალური აუდიოჩანაწერი (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ახალგაზრდას, ვინც ბავშვთა სახლსა და მარტყოფის პანსიონატში დატრიალებული ტრაგედიები ამხილა, ემუქრებიან - სკანდალური აუდიოჩანაწერი (ექსკლუზივი)

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსისა და ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელის საუბრის ფარული ჩანაწერი

"მე ვალერი ჩიტაიას ვუთხარი ის, რისი გაგონებაც უნდოდა. ყველაფერი, რაც მას ვუთხარი, სიმართლე არ არის"(?!)

ლელა კიკნაძე: "რა ყვირილი, რის გავარდნა, ვის დავურეკე, სად დავურეკე?! ყველაფერს აქვს საზღვარი, რა?! გაინტერესებთ, მოთმინების ფიალა როდის ამევსება?!"

"კვირის პალიტრას" აუდიოჩანაწერი მოაწოდეს, რომელიც 22 იანვარს არის ჩაწერილი. ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი კახა ძიმისტარიშვილი ბავშვთა სახლის ყოფილ აღსაზრდელს, ვალერი ჩიტაიას ესაუბრება. ჩიტაიამ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ფარულად ჩაწერა, აუდიოჩანაწერი კი რედაქციაში მოიტანა. ამ ჩანაწერით ჩვენ არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობთ. მხოლოდ ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები საზოგადოებისთვის საინტერესოა.

გარდაცვლილი ბენეფიციარების საქმე

საქმე ეხება ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლსა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში გარდაცვლილ ბენეფიციარებს ("კვირის პალიტრა" ორივე შემთხვევაზე წერდა). მომხდარის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორ დავით პავლიაშვილს, ხოლო მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორი ლელა კიკნაძე კვლავ ამ თანამდებობაზე მუშაობს. ჩიტაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" მარტყოფის პანსიონატის ტრაგედიაზე სტატია დაიბეჭდა (ინფორმაცია ნუცუბიძის ბავშვთა სახლსა და მარტყოფის პანსიონატში გარდაცვლილი ბენეფიციარების შესახებ ჩიტაიამ მოგვაწოდა, თუმცა მან მაშინ ვინაობის გამხელა არ ისურვა), მას ლელა კიკნაძე დაემუქრა და შემოუთვალა, ციხისთვის მოემზადეო...

ჩიტაიამ ისიც გვითხრა, რომ ერთი წლის წინაც შეხვდა ძიმისტარიშვილს, ამ დაწესებულებებში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ მასალები გადასცა და სთხოვა ფაქტების შესწავლა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც ნუცუბიძის ბავშვთა სახლსა და მარტყოფის პანსიონატში ტრაგედია დატრიალდა (ერთ-ერთი ვერსიით, ორი ბენეფიციარი პერსონალის უყურადღებობის გამო გარდაიცვალა), ჩიტაიამ კვლავ მიმართა ძიმისტარიშვილს და დარღვევების შესახებ კიდევ ერთხელ მოახსენა. რატომ გახდა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ფარულად ჩაწერა აუცილებელი, ამ კითხვას ჩიტაია ასე პასუხობს: "ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სამართალი ვერ ვნახე... ამ დაწესებულებებში არსებულ დარღვევებზე ერთი წლის წინ რომ ამოეღოთ ხმა, ტრაგედია არ დატრიალდებოდა...".

აუდიოჩანაწერით ისიც ირკვევა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის შიდა ინსპექტირების უფროსს, მევლუდ (ზვიად) კუხიანიძეს გათავისუფლება ემუქრება... საქმე იმაშია, რომ მევლუდ კუხიანიძემ გასული წლის მოხსენებით ბარათში დაწვრილებით აღწერა ამ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ორი ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევებიც და ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელს, სახალხო დამცველსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს გადაუგზავნა. აუდიოჩანაწერში ძიმისტარიშვილი ამბობს, რომ ამით კუხიანიძემ შინაგანაწესი დაარღვია.

ვალერი ჩიტაია ამტკიცებს, რომ მევლუდ კუხიანიძე ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ბენეფიციარებზე გული შესტკიოდა და საჭიროების შემთხვევაში ცდილობდა, დროული და ადეკვატური რეაგირება მოეხდინა...

ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. ამ ფონდში ერთიანდება ბავშვთა სახლები, პანსიონატები და თავშესაფრები, რომლებსაც ფონდის ადმინისტრაცია მართავს, ჯანდაცვის სამინისტრო კი მონიტორინგს უწევს ფონდის საქმიანობას

"ასეთი ადამიანი არ უნდა მუშაობდეს ბენეფიციარებთან. მას ვიღაც ჰყავს..."

(აუდიოჩანაწერი):

კახა ძიმისტარიშვილი: "დოკუმენტის შინაარსობრივი ნაწილი ნორმალურია, თუმცა, უხერხულია, როცა დედანს უგზავნის ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის დირექტორ თამარ ბარკალაიას, ასლს კი - მინისტრს, ბატონ სერგეენკოს. გარდა ამისა, მის სამუშაო ნაწილშიც არის გარღვევები. მაგალითად: მედიკამენტების შესყიდვის ჩავარდნილი ტენდერები და ა.შ. ამ საკითხზე მას დროული რეაგირება უნდა მოეხდინა". "

ძიმისტარიშვილი ამბობს, რომ კუხიანიძემ ჭკვიანურად შედგენილი და გამართული მოხსენებითი ბარათი წარმოადგინა, რომელშიც ბავშვთა სახლებსა და პანსიონატებში არსებული დარღვევების შესახებ ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, ძიმისტარიშვილი კუხიანიძეს ამის გამო პრეტენზიას უყენებს და მიაჩნია, რომ ის თანამდებობიდან მოსახსნელია, რადგან კუხიანიძეს მსგავსი დეტალური ანგარიში აქამდე არ წარმოუდგენია.

ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი ვალერი ჩიტაია აუდიოჩანაწერში იხსენებს მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორ ლელა კიკნაძესთან საუბარს, რომლის თანახმად, კიკნაძემ ჩიტაიას უთხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან უკვე მოგვარებული ჰქონდა მევლუდ კუხიანიძის მოხსნის საკითხი...

(აუდიოჩანაწერი):

კახა ძიმისტარიშვილი: "ლელა კიკნაძე იყო ჩემთან, "გავაშავე" და ისე გავუშვი. კიკნაძე ანგელოზი არ არის, მე ვიცი, რაც არის... მას სხვა თანამდებობა უნდოდა, მაგრამ არის იქ, სადაც არის... მარტყოფის პანსიონატში მუშაობა არ უნდოდა, იქ ძალიან რთული კონტინგენტია. აბა, იქ დირექტორობას დათანხმდებით თქვენ?.. კიკნაძე, ვიცი, რასაც წარმოადგენს, უმძიმესი და ძალიან რთული ადამიანია, ასეთი ადამიანი არ უნდა მუშაობდეს ბენეფიციარებთან. მას ვიღაც ჰყავს..." "

აუდიოჩანაწერში ვალერი ჩიტაია იმასაც ამბობს, რომ ლელა კიკნაძე ხშირად აცდენს სამსახურს და თანამშრომლებიც უმეთვალყუროდ არიან, რითაც ბენეფიციარები ზარალდებიან...

ჩანაწერში ვალერი ჩიტაია ამბობს, რომ კუხიანიძეს ლელა კიკნაძისთვის არაერთი დარღვევის გამო ოფიციალური საყვედურიც გამოუცხადებია, მაგრამ კიკნაძის გავლენიანი მეგობრების წყალობით ეს საქმე ჩაფარცხულა...

(აუდიოჩანაწერი):

კახა ძიმისტარიშვილი: "არ ვეთანხმები აზრს, რომ ხშირად გამოუცხადონ თანამშრომლებს ოფიციალური საყვედური. ლელა კიკნაძის მიმართ ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის მონიტორინგის სამსახურს უამრავი დისციპლინური საყვედურის გამოცხადება ჰქონდა მოთხოვნილი. პრობლემის გადაწყვეტა დაპირისპირებული მხარეების შერიგებით ვცადე ჩემსავე სამუშაო კაბინეტში". "

"ყოფილ პროკურორს დაურეკა, გადამარჩინეო"

ჩანაწერში ვალერი ჩიტაია ამბობს, რომ კიკნაძე ხელშეუხებელია და ვარაუდობს, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ეკა შარაძე ლობირებს, რასაც ბატონი კახა ასე პასუხობს:

(აუდიოჩანაწერი):

"როგორ ლობირებს, როცა მე წავკიდე ერთმანეთს ეკა შარაძე და ლელა კიკნაძე... ეკამ ლელას ისეთი კითხვები დაუსვა, კიკნაძე "აიჭრა", ჩემი კაბინეტიდან გავარდა და იმას დავურეკავ, ამას დავურეკავო, იძახდა... ჩემგან გასულმა, დახმარების თხოვნით, ქალაქის ყოფილ პროკურორს დაურეკა, გადამარჩინეო..."

აუდიოჩანაწერში ვალერი ჩიტაია გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ბენეფიციარები, მათ შორის - მასთან ერთად აღზრდილებიც, შეუფერებელ და უღირს გარემოში ცხოვრობენ და ამის დამადასტურებელი ფაქტების მოძიებაც შეუძლია... კახა ძიმისტარიშვილი კი დაინტერესებულ პირებს ურჩევს, დაწერონ საჩივარი, ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ კი საქმეში თვითონაც ჩაერთვება. დიალოგში ვალერი ჩიტაია გამოთქვამს ვარაუდს, რომ მევლუდ კუხიანიძე, როგორც სამართლიანი და პროფესიონალი კადრი, ლელა კიკნაძის ინტერესებს ეწირება. მისი თქმით, ქალბატონი ლელა ამას არც მალავს, მეტიც, ამაყობს, რომ მისი მცდელობით კუხიანიძეს მალე გაუშვებენ სამსახურიდან...

მოკლედ, მევლუდ კუხიანიძეს სამსახურიდან გაგდება ემუქრება. ჩანაწერით ირკვევა, რომ ამის თაობაზე კუხიანიძეს სახალხო დამცველის აპარატისთვისაც მიუმართავს.

"დიახ, ვთქვი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ"

აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ კახა ძიმისტარიშვილს დავუკავშირდით:

- ადასტურებთ, რომ თქვენ და ვალერი ჩიტაიამ ნამდვილად ისაუბრეთ?

- დიახ, ვადასტურებ, რომ ეს საუბარი ჩვენ შორის ნამდვილად შედგა.

- ჩანაწერში ლელა კიკნაძის შესახებ ამბობთ, რომ ის ურთულესი ადამიანია და ბენეფიციარებთან არ უნდა მუშაობდეს...

- დიახ, ვთქვი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ.(?!) ეს არ არის ჩემი ობიექტური შეფასება.(?!) ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია! ჩიტაიასთან საუბარს ნუ მიანიჭებთ განსაკუთრებულ კვალიფიკაციას.

- ვალერი ჩიტაია იმაზეც საუბრობდა, რომ თქვენი ერთ-ერთი თანამშრომელი ეკა შარაძე ლელა კიკნაძეს ლობირებს. თქვენ კი პასუხობთ, რომ ისინი ერთმანეთს წაჰკიდეთ...

- ეკა შარაძე და ლელა კიკნაძე ახლაც მეგობრები არიან. კი, ვთქვი, წავკიდე ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.(?!) ისიც უნდა იცოდეთ, რომ ეკა შარაძე არასოდეს ჩარეულა კიკნაძის სასარგებლოდ მის საქმიანობაში.

- ჩანაწერში ამბობთ, რომ მევლუდ კუხიანიძემ წარმოადგინა ბავშვთა სახლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების ანგარიში. ამბობთ, რომ ეს ანგარიში ძალიან კარგად არის შედგენილი და იმავდროულად აცხადებთ, რომ კუხიანიძე გასაშვებია თანამდებობიდან...

- დიახ, მე კუხიანიძესაც ვესაუბრე. განვუმარტე, რომ საჯარო მოხელე ზღვარს არ უნდა გადავიდეს. საქმე ის არის, რომ მან შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რომლის ასლიც გაუგზავნა ჩვენს მინისტრს, სერგეენკოს. პარალელურად მიმართა სახალხო დამცველის აპარატს და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელ თამარ ბარკალაიასაც. ეს პროცედურული დარღვევაა...

- ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორმა ბენეფიციარის გარდაცვალების გამო სამსახური დატოვა, ლელა კიკნაძე კი, რომლის უწყებაშიც ანალოგიური შემთხვევა მოხდა, დღემდე თანამდებობაზე მუშაობს...

- ვალერი ჩიტაიას ნათქვამით, დავით პავლიაშვილს სამსახური დაატოვებინეს, მაგრამ მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან საქმის დეტალებს არ ვიცნობ. მე ვალერი ჩიტაიას ვუთხარი ის, რისი გაგონებაც უნდოდა.(?!) ყველაფერი, რაც მას ვუთხარი, სიმართლე არ არის.(?!) ხელთ მაქვს კუხიანიძის ახსნა-განმარტებები, სადაც წერია, რომ მარტყოფის პანსიონატში გარდაცვლილს გადარჩენისთვის საჭირო ყველა მანიპულაცია ჩაუტარდა. ვერ ხვდებით, ვინ არის ჩიტაია?..

- უკაცრავად, მაგრამ გამაოცა თქვენმა პასუხებმა. გამოდის, რასაც ამბობთ, იმას არ ფიქრობთ...

- ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მე მაინტერესებდა მისი საუბარი და ავყევი კიდეც. არ არის საჭირო, ჩიტაიამ იცოდეს, სინამდვილეში რას ვფიქრობ და როგორ ვმუშაობ.

P.S. "კვირის პალიტრა" თვალს მიადევნებს მოვლენების განვითარებას და ამ თემას მომავალშიც დაუბრუნდება

"ადამიანი თუ სრულ ჭკუაზეა, წარმოუდგენელია ამას ამბობდეს"

ჩვენ მარტყოფის პანსიონატის დირექტორ ლელა კიკნაძესაც დავუკავშირდით:

- ჩიტაია ამბობს, რომ უჩივით, ბენეფიციარები ურეკავენ და თქვენს ნაცვლად უთვლიან, რომ ციხისთვის მოემზადოს...

- მე არავის ვემუქრები. როცა წყარო ცილს გწამებს, ამ შემთხვევაში არსებობს ცივილიზებული ფორმა, რასაც მიმართავენ ადამიანები და რაც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. საერთოდ არ მქონია ვალერი ჩიტაიასთან არანაირი შეხვედრა ან საუბარი. არ ვიცი, რას ამბობს, ის არ არის ჩემთვის კომპეტენტური პიროვნება და წყარო, რომელსაც შეიძლება მოვუსმინო. ჩიტაია დაინტერესებულია პირადი ცხოვრების მოწყობით, სხვების ცილისწამების ხარჯზე.

- ფარულ ჩანაწერში ვალერი ჩიტაია ამბობს, რომ თქვენ შორის საუბარი შედგა და გითქვამთ, რომ უკვე მოგვარებული გქონდათ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კუხიანიძის მოხსნის საკითხი...

- სამწუხაროდ, მე არ მაქვს ეს სტატუსი, რომ ასე ვაგვარებდე საქმეებს. ამ სისულელეზე რა შეიძლება გიპასუხოთ ნორმალურმა ადამიანმა?! ვალერი რას იტყვის, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული?

- მე გირეკავთ იმისთვის, რომ თქვენთან გადავამოწმო...

- თუ ვალერი ჩიტაიამ ძიმისტარიშვილთან ჩაწერა საუბარი, მაშინ მეც წარმომიდგინოს მტკიცებულება, მასთან სად და როდის ვილაპარაკე კუხიანიძის მოხსნის საკითხზე. დამიდოს მტკიცებულება, რის საფუძველზე ამბობს ამას.

- აუდიოჩანაწერში ძიმისტარიშვილი თქვენზე საუბრობს. ამბობს, რომ თავის კაბინეტში "გაგაშავათ", რომ იცის, რასაც წარმოადგენთ და არ უნდა მუშაობდეთ ბენეფიციარებთან... იმაზეც საუბრობს, რომ თქვენ და ეკა შარაძე ერთმანეთს წაგკიდათ. ოთახიდან გასულს კი ქალაქის ყოფილ პროკურორთან დაგირეკავთ დახმარებისთვის...

- ამას ამბობს ბატონი კახა?! წარმოუდგენელია! ადამიანი თუ სრულ ჭკუაზეა, წარმოუდგენელია ამას ამბობდეს. ძიმისტარიშვილი ჩემი მეგობარი არ არის და სხვა ურთიერთობა არ მაკავშირებს მასთან... რა ყვირილი, რის გავარდნა, ვის დავურეკე და სად დავურეკე?! ყველაფერს აქვს საზღვარი, რა?! გაინტერესებთ, მოთმინების ფიალა როდის ამევსება?! არ არსებობს, რომ ძიმისტარიშვილს ეთქვა ის, რასაც თქვენ მეუბნებით... მსგავსი მიახლოებითაც არაფერი ყოფილა, რომ ვინმეს გაებუქებინა.

- არსებობს აუდიოჩანაწერი...

- მაშინ ბატონ კახას ჰკითხეთ, რატომ თქვა ასეთი რამ. ძალიან გავბრაზდი. არ ვიცი, ვის რისი მიღწევა უნდა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. გული მტკივა, რომ ამდენი შრომა და წვალება ასეთი რაღაცებით ფასდება. ეს არის სიბინძურე. ამაში ერთი პროცენტი სიმართლე არ არის. ეს მიუღებელია. ჩიტაიამ ბევრჯერ გააკეთა ასეთი რაღაც, მას აპრობირებული მეთოდები აქვს. თავის დამკვიდრებისთვის არ შეიძლება ადამიანები გარიო სიბინძურეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი. ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ!

სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"

თორნიკე ყაჯრიშვილი