კუჭავას ქვრივი პოპოვის დაკავებას ითხოვს - "აბა, მე მკითხეთ, ვინ არის დასაჭერი!" - კვირის პალიტრა

კუჭავას ქვრივი პოპოვის დაკავებას ითხოვს - "აბა, მე მკითხეთ, ვინ არის დასაჭერი!"

"ბიძინას ვკითხე, რა პრობლემა გაქვს-მეთქი? მითხრა, ერთი დღე მაქვს დრო, ქვეყნიდან უნდა გავიდეო"

ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას ოჯახი თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის თავს არ მოიკლავდა და არც პროკურორ ვახტანგ ქირიას მოკლავდა. კუჭავას ოჯახი ირწმუნება, რომ ბევრი კითხვა აქვთ დავით პოპოვთან, რომლის მანქანაშიც ეს ტრაგედია მოხდა. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი პოპოვის დაკავებას ითხოვს.

კუჭავას ოჯახის ეჭვი გაღრმავდა მაშინ, როცა დავით პოპოვი ადვოკატებთან შეხვედრაზე ჩამწერით მივიდა. ადვოკატი კორკოტაძე დარწმუნებულია, რომ პოპოვი ჩამწერი აპარატურით სუს-მა აღჭურვა და მას სპეციალური პერანგიც ეცვა: "უნდოდათ, მისთვის შეკითხვები დამესვა. შემდეგ ამ ვიდეოფირს მიიტანდა სუს-ის განყოფილებაში. ალბათ, იქ გამოიკვეთებოდა, რომ მე, როგორც ადვოკატი, ზეწოლას ვახდენდი მოწმეზე და ჩემ წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა".

მარინა ნიკოლოზაშვილი, ბიძინა კუჭავას მეუღლე - პირველად 18 საათი ვიყავი დაკითხვაზე და ისიც არ ვიცოდი, ბიძინა გარდაცვლილი რომ იყო. სახლში მისულს დამირეკა გამომძიებელმა, თქვენი მანქანა ცაგარელის ქუჩაზე დგას და თქვენი თანდასწრებით გვინდა დავათვალიეროთო. ველოდებოდი, მაგრამ არ გამოჩნდნენ... მერე გავიგე, რომ ჩვენ გარეშე გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში.

- ამ მანქანით წავიდა თქვენი მეუღლე?

- კი, მაგრამ გასაღები ნაპოვნი არ არის. ამბობენ, მანქანის კარი ღია დაგვხვდაო. გამომძიებელმა მითხრა, ექსპერტმა სავარძლიდან დამატებითი ნიმუშების აღება მოგვთხოვა და გთხოვთ, დაესწროთო. ამჯერად მანქანა ჩვენი თანდასწრებით დაათვალიერეს. ყველაფერი ამოღებული იყო, მხოლოდ ბიძინას ჰალსტუხი ვნახეთ დაკეცილი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასე არ დაკეცავდა. იარაღი კი შემთხვევით ვიპოვეთ. ვთხოვეთ, ფეხსაგები აეწიათ. გამომძიებელმა ასწია და მაშინვე დაუშვა, მაგრამ ადვოკატმა უთხრა, იქ რაღაც დევსო.

უკანა სალონში, ფეხსაგების ქვეშ, "მაკაროვის" სისტემის იარაღი ვიპოვეთ. როგორ უნდა ვენდო იმ ჯგუფს, რომელმაც პირველი დათვალიერებისას იარაღი ვერ იპოვა?! ან თუ ღია მანქანა ორი დღე იდგა ქუჩაში, რა ვიცი, ვინ ჩადო, ან ვინ გამოიყენა. ვერც ის გამიგია, რატომ უნდა დაეყენებინა ბიძინას პარალელურ ქუჩაზე დაუკეტავი მანქანა, როცა დახურული ავტოფარეხი გვაქვს.

- პოპოვის მანქანა დაათვალიერეთ?

- სამმართველოში შევნიშნეთ თეთრი "ემ-ელი", სერია მეცნო, ტელევიზიით მქონდა ნანახი, შეამოწმა ადვოკატმა და გაირკვა, რომ პოპოვის იყო. 12 დღე იყო გასული ამ ამბიდან და მანქანას ლუქი არ ედო. ჩვენ დავალუქვინეთ.

პოპოვის მანქანის დათვალიერების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემს ქმარს თავი არ მოუკლავს. მის მანქანას ტყვიის კვალი არ ეტყობა. პატრულის ყველა თანამშრომელს აქვს ვიდეოთვალი. მოვითხოვ ამ ჩანაწერის ნახვას. ამბობენ, რომ დავით პოპოვი რუსეთის ციხეში იჯდა და 17 წელი ჰქონდა მისჯილი.

- გოჩა კუჭავას იცნობთ?

- გოჩას დიდი ხანია ვიცნობ. ოჯახებით ვმეგობრობდით. ბიძინა და გოჩა ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს; ახალი წლის დღესასწაულებზე რამდენჯერმე დავურეკე. ალბათ, გოჩა კუჭავა იცნობს პოპოვს. ამ საქმეში მაინც პოპოვია ძირითადი რგოლი. ძალიან მიკვირს, აქამდე რომ არ დააკავეს.

- პოპოვი ამბობს, რომ გოჩა კუჭავამ ტრაგედიის ღამეს დაგირეკათ...

- გოჩამ ღამის პირველ საათზე დამირეკა, ბიძინას ეძებდა, საუბარში არ შემიმჩნევია, რომ რამე ცუდი ხდებოდა. ამ ტრაგედიის მერე გოჩა არ გამოჩენილა, არც სამძიმარი უთქვამს. ტელეფონი გათიშული აქვს.

- პოპოვის თქმით, თქვენი მეუღლე გოჩა კუჭავას ფულს სთხოვდა. ამბობს, თქვენც ურეკავდით და ვიღაცების ტელეფონის ნომრებს სთხოვდით.

- ეს აბსურდია.

- თქვენს მეუღლეს თურმე საქმის წამოწყება უნდოდა გოჩასთან და პოპოვთან ერთად.

- ჩემი მეუღლე აფრიკაში აპირებდა წასვლას. შეხვედრებიც დანიშნული ჰქონდა. შესაძლოა, გოჩასაც შესთავაზა ბიზნესში ჩართვა, მაგრამ გამორიცხულია, ბიძინას პოპოვთან ბიზნესზე ელაპარაკა.

- ქირიას შვილი თქვენს ოჯახთან ურთიერთობას უარყოფს.

- მის მეუღლეს და შვილებს არ ვიცნობ, მაგრამ ვახტანგ ქირიას კარგად ვიცნობდი. ზუგდიდში რომ ჩავდიოდით, ჩვენს სანახავად ყოველთვის მოდიოდა. ბოლოს კივი და ლიმონი მოგვიტანა - ჩემი ნაკვეთისააო.

- ნაქირავებ ბინაზე რას იტყვით?

- ის ბინა ე.წ ხრუშჩოვკა ყოფილა, სადაც წყლის მოშვებაც კი ესმის მეზობელს. ამდენი რამე გააკეთა, "ბალგარკაც" ამუშავა და ვერავინ ვერაფერი გაიგო? ან რატომ არ აიყვანეს ბიძინა ცოცხლად?

- ამბობენ, თქვენს მეუღლეს დიდი თანხა ჰქონდა წაგებულიო...

- ბიძინას 2000-დან 2005 წლამდე აღმაშენებელზე ჰქონდა კაზინო "ასტრა პალასი". კაზინოს დახურვის მერე აღარც უთამაშია.

- თქვენი მეუღლის სახელი დაუკავშირეს ოთხ გახმაურებულ მკვლელობას. ერთ-ერთ მოკლულთან, მაღალთაძესთან მართლა ჰქონდა მას თანხა წაგებული?

- სადაც კი მოწმის სახით ბიძინას გვარმა გაიჟღერა, ყველგან გამოიყენეს. მაღალთაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, რომ თვითონ ჰქონდა ბიძინას ვალი 12.000 დოლარი. ბიძინამ მითხრა, ისეთი ადამიანი მოკვდა, რომელსაც ჩემი ვალი ჰქონდაო. ბიძინა ნინუებთან (უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე 2009 წელს მოკლეს) ოჯახში საშინელ ამბამდე ორი დღით ადრე იყო მისული, თამაზ ნინუას უნდოდა ჩემი "მერსედესი" ეყიდა. ორი დღის შემდეგ მოხდა მკვლელობა. რა შუაშია ამ საქმესთან ბიძინა? სასამართლოზეც არ ყოფილა დაბარებული. კიდევ ერთი სიბინძურე გაისმა - შვილის მკვლელობასთან დააკავშირეს. ის გერი არ იყო, შვილი იყო - რეზი წლინახევრიდან გაზარდა და გვარიც მისცა. შატბერაშვილზე ვნახეთ მკვდარი, მანქანაში ესროლეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.

- რაც შეეხება თქვენი მეუღლის დის გაუჩინარებას...

- როგორც კი გაუჩინარდა, მაშინვე მივმართეთ გამოძიებას. ბიძინამ კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა. დამ ბინა გაყიდა, რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოატყუა.

- პრესაში გავრცელდა ვერსია, თითქოს თქვენს მეუღლეს რუსულ სპეცსამსახურებთანჰქონდა კავშირი.

- ეს სისულელეა. არ მინდა დამაბრალონ, თითქოს გამოძიებას ხელს ვუშლი და ამიტომ ჯერ ჩუმად ვარ. მჯერა, რომ პოპოვმა ბევრი რამ იცის. ბიძინა არასოდეს ყოფილა დეპრესიული. იცოდა ხოლმე თქმა, თუ წაიქეცი, ადექი და წინ იარეო.

- იარაღი ჰქონდა?

- როცა კაზინო ჰქონდა, სახლში რამდენიმე რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა. რამდენიმე გაყიდა, ნაწილი გააჩუქა. სანადირო იარაღიც ჰქონდა, "ვინჩესტერიც", თოფიც. ყველა ამოიღო გამოძიებამ. იმ დღეს მე იარაღი არ შემინიშნავს.

ჩვენ დავით პოპოვს ვესაუბრეთ.

- პირველად ბიძინა კუჭავას 2015 წლის 30 დეკემბერს შევხვდი. საქართველოში ორი დღის ჩამოსული ვიყავი. მოსკოვში მყავს მეგობარი, გოჩა კუჭავა. მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა - რაღაცას გთავაზობს და ტელეფონით საუბარს ჯობია, შეხვდე და გაარკვიო, რა ბიზნესპროექტი აქვსო. 30 დეკემბერს ერთმანეთს გლდანში შევხვდით. მითხრა, რომ ბიზნესის დაწყება უნდოდა. პროექტიც ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო დიდი თანხა. ამხელა თანხას მე და ჩემი სამეგობრო ვერ ვიშოვიდით, ამიტომ არარეალურად ჩავთვალე ეს წინადადება და უარი ვუთხარი. ამბობდა, თვის პირველ რიცხვებში აფრიკაში უნდა გავფრინდეო.

- რა თანხაზე იყო საუბარი?

- 780.000 დოლარზე. ამ ფულით ამერიკაში უნდა გვეყიდა ბრილიანტის მომპოვებელი მანქანა, უნდა წაგვეღო აფრიკაში და იქ მოგვეპოვებინა ბრილიანტი და ოქრო.

- მეორედ რატომ შეხვდით?

- 16 იანვარს, ღამის 12 საათზე, მეგობარმა დამირეკა მოსკოვიდან, ისევ ბიძინა მირეკავს, რაღაც პრობლემა ჰქონია, ძალიან გთხოვ, შეხვდი და დაეხმარეო. დავურეკე ბიძინას. მან იმავე ადგილას შემომთავაზა შეხვედრა, სადაც პირველად შევხვდით. ჩემი მანქანით მივედი გლდანში. ბიძინა ტაქსიდან გადმოვიდა და ჩამიჯდა მანქანაში, სახლში წავიყვანე. ბიძინას ვკითხე, რა პრობლემა გაქვს-მეთქი? მითხრა, ერთი დღე მაქვს დრო, ქვეყნიდან უნდა გავიდეო. 17 იანვარს, საღამოს 4 საათისთვის გადიოდა თბილისი-მინსკის რეისი და ბილეთის ფული მთხოვა. არ ვიცოდი, რა ღირდა ბილეთი. მეუღლემ დარეკა აეროპორტში და გაიგო, რომ ბილეთი 600 ლარამდე ღირდა. თანხა არ გვყოფნიდა - მე მხოლოდ 250 ლარი მქონდა, მას - 160. მაშინ მითხრა, თუ ინტერნეტი გაქვს, შევალ და ვნახავ, იქნებ რამე თანხა იდოს ჩემს ანგარიშზეო. მივეცი ჩემი "ნოუტბუკი". მითხრა, ბარათზე მაქვს ფული. თანხა ან ვაგზალზე უნდა მოვხსნათ, ან კოსტავაზე, ფილარმონიასთანო.

- და თანხის ასაღებად წახვედით?

- თბილისში გზებიც კი არ ვიცი კარგად, ამიტომ მეუღლემ მითხრა, მეც გამოგყვებიო. მეუღლე მანქანაში წინ ჩაჯდა, ბიძინა კუჭავა კი - ჩემ უკან. მივედით ფილარმონიასთან, გადავიდა მანქანიდან და დაახლოებით 10 წუთში მობრუნდა. პატრულის მანქანა იდგა. ბიძინა სანამ ჩაჯდებოდა, პატრულს რაღაც უთხრა, მერე მანქანაში ჩაჯდა და აეროპორტისკენ წავედით. სანაპიროზე პატრულმა გაგვაჩერა და საბუთები მომთხოვა. მივაწოდე მანქანის პასპორტი და მართვის მოწმობა. 2-3 წუთში უკან დაბრუნდნენ და მანქანაში მყოფთა საბუთები მოითხოვეს. მივაწოდეთ.

პატრულის თანამშრომლები ჩემს მანქანას გასცდნენ თუ არა, უცებ შავი ჯიპები მოცვივდნენ - ერთ-ერთი "ტოიოტა პრადო" იყო. იქიდან ყვირილით გადმოვიდა რამდენიმე შეიარაღებული პირი - პოლიციის თანამშრომლები ვართ, ხელები ასწიეთ და მანქანიდან გადმოდითო. ისეთი შეშინებული ვიყავი, მანქანიდან ხელები გავყავი და ავყვირდი, მეუღლე ზის მანქანაში, არ ისროლოთ-მეთქი. ამ ხმაურში ჩემს მანქანაში გასროლა გაისმა. მაშინვე უკან გავიხედე და დასისხლიანებული კაცის თავი დავინახე. 5-6 წუთში მე უკვე პატრულის მანქანაში ვიჯექი. სხვა მანქანაში ჩასვეს ჩემი მეუღლე. იმ კაცმა ჩემს მანქანაში თავი მოიკლა, ეს არის სიმართლე.

- თქვენს მეგობარ გოჩა კუჭავაზე რას იტყვით?

- ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ. 25 წელია, მოსკოვშია, იქ საქმიანობს. საქართველოში ბიზნესი არასოდეს ჰქონია. დარწმუნებული ვარ, მან არაფერი იცოდა, თორემ ამ საქმეში როგორ გავერეოდით. ერთ რამეში დავრწმუნდი - ბიძინას მხოლოდ ფული უნდოდა. მერეღა გავიგე, რომ ბიძინა გამუდმებით რეკავდა რუსეთში და ფულს სთხოვდა ჩემს მეგობარს. ისიც მითხრეს, ბიძინა კუჭავას ცოლიც რეკავდა და სურდა, ტელეფონის ნომრები გაეგო, რომ მერე მის ქმარს ვიღაცებისთვის ფული ეთხოვაო. ბიძინას ცოლს ტრაგედიის ღამეს დაურეკა გოჩამ, ბიძინას ეძებდა...

- ოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას ფეხი ჰქონდა დაზიანებული, რომ შეხვდით, კოჭლობდა?

- ფეხზე დაზიანება არ შემინიშნავს. ტაქსიდან გადმოჯდა ჩემს მანქანაში, ფილარმონიასთანაც ჩვეულებრივად გადავიდა.

- ადვოკატების ჩაწერას რატომ გეგმავდით?

- მეგობრის შვილმა დამირეკა და მითხრა, ბიძინა კუჭავას შვილს და მის ადვოკატს შენი ნახვა უნდათ, სახლის მისამართს და ტელეფონის ნომერს მთხოვენო. უარი ვუთხარი, არც ტელეფონი მისცე და არც მისამართი უთხრა-მეთქი. მერე ტელევიზიით მოვისმინე მისი მეუღლის და ადვოკატის მინიშნებები, ამბობდნენ, თითქოს ეს არ იყო თვითმკვლელობა. ვადასტურებ, რომ მათი საუბრის ჩაწერა მსურდა, რადგან ვხედავდი, პროვოკაციას მიწყობდნენ. ეს არ იყო დაკავშირებული პოლიციასთან, არც სპეციალური პერანგი მცმია. რეალობა ასეთია: კუჭავამ მანქანაში ჩვენ თვალწინ მოიკლა თავი. ჩემი მეგობარი ძალიან განიცდის, რომ შარში გავეხვიე.

- თქვენ შესახებ გვიამბეთ.

- 25 წელიწადი რუსეთში ვცხოვრობდით მთელი ოჯახი - დედ-მამა, ჩემი ცოლ-შვილი და ჩემი ძმა თავისი ოჯახით. ძმა გარდამეცვალა, მისი ოჯახი კი დღემდე რუსეთშია. ოჯახური ბიზნესი - სასადილოები, ძირითადად, სანქტ-პეტერბურგში გვქონდა. ამ ბიზნესის ნაწილი გავყიდეთ, რადგან ფული გაუფასურდა. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ დედა საქართველოში ჩამოვიდა. დედა ასაკოვანია, ავადმყოფია, მას მოვლა უნდოდა, ამიტომ ჩემი ცოლ-შვილიც დაბრუნდა საქართველოში. მე ხან აქ ვარ, ხან - რუსეთში. 28 დეკემბერს საახალწლოდ ჩამოვედი. დანარჩენი რაც იყო, უკვე გიამბეთ.

- თქვენი გეგმა მარტო კუჭავას აეროპორტამდე მიყვანა იყო?

- მიმყავდა აეროპორტში. ბილეთს ავუღებდი და წავიდოდა თბილისი-მინსკის რეისით. არც ის ვიცოდი, იარაღი თუ ჰქონდა.

- კუჭავას ოჯახი თქვენს დაკავებასაც ითხოვს.

- აბა, მე მკითხეთ, ვინ არის დასაჭერი! ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ და მოვითხოვ, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ.

ქირიას საქმიდან კუჭავას საქმემდე

16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, ერთ-ერთ ბინაში პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა, სხეულზე კი ემჩნეოდა დანაწევრების კვალი. გამოძიების მტკიცებით, იქვე იყო "ბალგარკა" და დიდი ზომის გორგოლაჭებიანი ჩანთაც. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი და დავით პოპოვი მეუღლესთან ერთად ისხდნენ, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თეა ხურცილავა