"კანონის შიში გაქრა" - დანაშაულის სტატისტიკა
01-02-2016
"კანონის შიში გაქრა" - დანაშაულის სტატისტიკა
"ჩვენთან სტატისტიკის შეფერადება ხდება"

შსს-ს სტატისტიკით 2014-2015 წლებში ქვეყანაში დანაშაული შემცირდა (?!)

საქართველოში ბოლო დროს მომხდ­არი მკვლელობები, ყაჩაღობები და სხვა დანაშაული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. იქმნება შთაბეჭდილება,­ რომ გასულ წელთან შედარებით, მძიმე დანაშაულის რაოდ­ენობა გაიზარდა. "კვირის პალიტრა" საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, ადვ­ოკატ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- შსს-ს მიერ წარმოდგენილი გასული წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ რეალობა ობიექტურად არ არის ასახული.

- შარშან მეც გავხდი
ქურდობის მსხვერპლი - ლანჩხუთში ნახევარ ტონამდე თხილი მომპარეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაშიც და პროკურატურაშიც კარგად მიცნობდნენ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ გამოძიებას დაზარალებულად­ ვეცნე. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქე, რომელმაც არ იცის კანონი და პროცესუალური ნორმები. დღეს დანაშაულის რეგისტრაცია კომპიუტერიზებულია, ანუ საქმის მასალები, დაკითხვის ოქმები
კომპიუტერშია შეტანილი და დაზარალებულისთვის მისი შემოწმება თითქმის შეუძლებელია, მით უფრო, როცა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოძიების პროცესში ინფორმაციის კონფიდენციალობას ცნობს და აღიარებს. ასეთ ვითარებაში რთულია, ვიმსჯელოთ, სწორად ხდება თუ არა დანაშაულის რეგისტრაცია და აღრიცხვა, აქტიურად მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები.

პრობლემაა ისიც, რომ დღეს დაზარალებულის პროცესუალური უფლებები ძალიან­ შეკვეცილია. მას არანაირი უფლება არ გააჩნია, რადგან კანონმდებელმა იგულისხმა, რომ დაზარალებულს არ უნდა ადვოკატი - მას პროცესში წარმოადგენს პროკურორი. თუმცა, ამერიკული სისტემისგან განსხვავებით, საიდანაც ეს მოდელი გადმოიღეს, ჩვენი პროკურორები მაინცდამაინც სანაქებოდ ვერ იქცევიან. ამერიკელ მოქალაქეს ეჭვი არ ეპარება, რომ პროკურორი ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს დაზარალებულის უფლებების დასაცავად, ჩვენთან კი პირიქით გახლავთ.

- დანაშაულს სწორად არ აღრიცხავენ, რომ სტატისტიკა არ დამძიმდეს?

- ასეა. ჩვენთან სტატისტიკის შეფერადება ხდება. შსს-ს პასუხი კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ხშირად არათანამიმდევრული და წინააღმდეგობრივია.

- ფიქრობთ, რომ წინა წლებთან შედარებით კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა?

- ვფიქრობ, გაუარესდა, რადგან საა­კაშვილის დიქტატორული რეჟიმი ახალი ხელისუფლების პირობებში შედარებით ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკით შეიცვალა. ამასთან, ბევრ უკანონო პატიმართან ერთად, ფართო ამნისტიის კან­ონით, ციხიდან დამნაშავეებიც გათავისუფლდნენ. ყაჩაღობის ფაქტებმა იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის შიში გაქრა.

- რას ემსახურება სტატისტიკის შერბილება-შელამაზება?
- ერთია, როცა პროკურატურას და პოლიციას განზრახ მკვლელობის გაუხსნ­ე­ლი­ საქმე აწერია და მეორე - როცა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაუხსნელი საქმე აწერია. პირველი უმძიმესი კატ­ეგორიის დანაშაულია, მეორე - ნაკლებად მძიმე. ამიტომ ეს ტენდენცია­ შეიძლება­ ამ ლოგიკით ავხსნათ:­ ისინი კვალიფიკაც­იას იწყებენ მსუბუქი მუხლით და აიმედებენ­ დაზარალებულს, როცა დამნაშ­ავეს აღმოაჩენენ, მუხლი შეიცვლება და დან­აშაულს სწორი კვალიფიკაცია მიეცემა. როცა საქმე­ არ იხსნება, სტატისტიკურ მონაცემებში წერენ, რომ მძიმე დანაშაულები გახსნეს, ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაული კი - ვერა. დღეს თითქმის ყველა გახმაურებული საქმე მხოლოდ შემსრულებ­ლების დასჯით სრულდება, ეს კი შორს მიმავალი პრობლემაა. თუკი შემსრულებლების იდენტიფ­ი­კაცია ხდება, ორგანიზატორებიც იდენტიფიცირებული არიან, მაგრამ მათ ფარავენ, რადგან ზოგჯერ დამკვეთები მაღალი თანამდებობის პირები ან მათთან დაახლოებული ადამიანები არიან. სწორედ ეს არის გარიგებისა და ვაჭრობის საგანი, რასაც პოლიტიკოსები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ. მოკლეს იური ვაზაგაშვილი და მას შემდეგ, რაც შოთაძემ გვამცნო, რომ დანაშაული გახსნილია და შემსრულებელი აღმოჩენილი, ეს კაცი მთავარი პროკურორი გახდა,­ არადა, დღემდე არ ვიცით, ვინ არის დამკვეთი. ამისთვის შოთაძეს პასუხი კი არ მოსთხოვეს, პირიქით, დააწინაურეს. აი, ეს არის დანაშაულის დაფარვა. პროკურატურა თუ საგამოძ­იებო ორგანოები თავს ვალდებულად არ თვლიან, რომ მათი მუშაობა გამჭვირვალე იყოს და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. დაზარალებულები თვითონ თუ არ აუტალახებენ კარს, ზემოდან თუ არ დაარეკვინებენ ვიღაცას, ვერ მიიღებენ ინფორმაციას, რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, ან ტარდება თუ არა საერთოდ.

- თქვენი აზრით, სახელმწიფოს შემუშავებული აქვს დანაშაულთან ბრძოლისა და მისი პრევენციის სტრატეგია?

- ჩვენმა სახელმწიფომ არ შეცვალა ფუნდამენტური მიდგომა, რაც განვითარებულ­ ქვეყნებში გულისხმობს არა დანაშაულის­ გახსნაზე, არამედ პრევენციაზე ორიენტაციას.­ დანაშაულის გახსნა­ მათთვის პრობლემა არ არის, მთავარია, დანაშაული არ მოხდეს. ჩვენთან კი პრობლემაა დანაშაულის გაუხსნელობა. ასეთ ვითარებაში პოლიციას არც რესურსი აქვს და არც სურვილი, პრევენციაზე იფიქროს. ამასთან, ცენტრალიზებული სისტემა სრულიად გაუმართლებელია, რადგან პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური და ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტდეს, რა ფინანსები სჭირდება მას კონკრეტულ დანაშაულთან საბრძოლველად.
ვიდრე შს მინისტრი და სამინისტრო­ თბილისიდან წყვეტენ, რა ხდება ლა­ნჩ­ხ­უთსა თუ მესტიაში, მდგომარეობა ვერ შეფასდება ადეკვატურად.

"დღევანდელი სტატისტიკა ასახავს რეალურ სურათს"


შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე დიმიტრი­ შადური: - ბოლო წლებში დანაშაულის საერთო­ მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება. საყ­ურადღებოა ცალკეული კატეგორიის დანაშაული, მათი დინამიკა და მიზეზები. იმის გამო, რომ შსს-მ აქტიურად დაიწყო ოჯახური ძალადობის გამოვლენა­ და მასთან ბრძოლა, მისი მაჩვენებელი მომა­ტებულია (61%-დან 89%-მდე). ერთხანს მცირედ იმატა ყაჩაღობის მაჩვენებელმაც (2015 წელს ჯამურად 367 ყაჩაღობა დაფიქსირდა), თუმცა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში კონტროლირებადია.

- რა მეთოდებით ახდენს უწყება დანაშაულის სტატისტიკის გამოანგარიშებას?
- 2012 წლამდე დანაშაულის რეგისტ­რაცია ხორციელდებოდა დანაშაულის აღრიცხვის ბარათებით, რომელიც ცდომილების ალბათობას შეიცავდა. 2012 წლიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და 2013 წლიდან სრულყოფილად დაიწყო ფუნქციონირება იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინირებით შექმნილმა ერთიანმა ელექტ­რონულმა სისხლის სამართალწარმოების სტატისტიკურმა მოდულმა, რომელიც ახდენს რეგისტრირებული დანაშაულის დათვლა-გაანგარიშებას. მისი მეშვეობით ხორციელდება დანაშაულის სააღრიცხვო-საანგარიშო ფორმების გენერაცია. ეს სისტემა და აღრიცხვიანობა არ ეკუთვნის შსს-ს და არც მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების მონაცემებს ეყრდნობა. შესაბამისად, მასზე რაიმე სახის მანიპულაცია გამორიცხულია. დღევანდელი სტატისტიკა ასახავს რეალურ სურათს. რადგან სისხლის სამართლის საქმე­ გამოძიების დაწყებიდან დასრულებამდე განიცდის პროცესუალურ ცვლილებებს, მეტი თვალსაჩინოებისა და რეალურ მონაცემთა გადმოცემის მიზნით, დეტალურად აღირიცხება სისხლის სამართლის საქმის ყველა სტატუსი და პროგრამულ უზრუნველყოფაში გათვალისწინება, რაც აისახება ახალ სტატისტიკურ ფორმაში.
თვალსაჩინოა ისიც, რომ მაღალი პრიორიტეტის მქონე საქმეები ცხელ კვალზე ან მოკლე ვადაში იხსნება. პრევენციული მუშაობის გასაძლიერებლად დამუშავდა ახალი პროექტები - კამერების პროექტი ქალაქებში, დნმ-ის ბანკი, ანალიზზე დაფუძნებული პოლიცია, პოლიციის აკადემიის გაძლიერება­ და სხვა. მათი წარმატებით განხორციელება დანაშაულის პრევენციისთვის გადამწყვეტია.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით