"ბიძინამ რეზი წლინახევრიდან გაზარდა და გვარიც მისცა" - რას ამბობს კუჭავას ქვრივი გაუჩინარებულ მულსა და დანარჩენ საქმეებზე?! - კვირის პალიტრა

"ბიძინამ რეზი წლინახევრიდან გაზარდა და გვარიც მისცა" - რას ამბობს კუჭავას ქვრივი გაუჩინარებულ მულსა და დანარჩენ საქმეებზე?!

ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას ოჯახი თვითმკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის თავს არ მოიკლავდა და არც პროკურორ ვახტანგ ქირიას მოკლავდა. კუჭავას ოჯახი ირწმუნება, რომ ბევრი კითხვა აქვთ დავით პოპოვთან, რომლის მანქანაშიც ეს ტრაგედია მოხდა. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი პოპოვის დაკავებას ითხოვს. გაზეთი "კვირისპალიტრა" გთავაზობთ ინტერვიუებს როგორც ერთ, ისე მეორე პირთან, გთავაზობთ ამონარიდებს მარინა ნიკოლოზაშვილის ინტერვიუდან:

- ქალბატონო მარინა, ქირიას შვილი თქვენს ოჯახთან ურთიერთობას უარყოფს.

- მის მეუღლეს და შვილებს არ ვიცნობ, მაგრამ ვახტანგ ქირიას კარგად ვიცნობდი. ზუგდიდში რომ ჩავდიოდით, ჩვენს სანახავად ყოველთვის მოდიოდა. ბოლოს კივი და ლიმონი მოგვიტანა - ჩემი ნაკვეთისააო.

- ნაქირავებ ბინაზე რას იტყვით?

- ის ბინა ე.წ ხრუშჩოვკა ყოფილა, სადაც წყლის მოშვებაც¬ კი ესმის მეზობელს. ამდენი რამე გააკეთა, "ბალგარკაც" ამუშავა და ვერავინ ვერაფერი გაიგო? ან რატომ არ აიყვანეს ბიძინა ცოცხლად?

- ამბობენ, თქვენს მეუღლეს დიდი თანხა ჰქონდა წაგებულიო...

- ბიძინას 2000-დან 2005 წლამდე აღმაშენებელზე ჰქონდა კაზინო "ასტრა პალასი". კაზინოს დახურვის მერე აღარც უთამაშია.

- თქვენი მეუღლის სახელი დაუკავშირეს ოთხ გახმაურებულ მკვლელობას. ერთ-ერთ მოკლულთან, მაღალთაძესთან მართლა ჰქონდა მას თანხა წაგებული?

- სადაც კი მოწმის სახით ბიძინას გვარმა გაიჟღერა, ყველგან გამოიყენეს. მაღ¬ალთაძეს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, რომ თვითონ ჰქონდა ბიძინას ვალი 12.000 დოლარი. ბიძინამ მითხრა, ისეთი ადამიანი მოკვდა, რომელსაც ჩემი ვალი ჰქონდაო. ბიძინა ნინუებთან (უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე 2009 წელს მოკლეს) ოჯახში საშინელ ამბამდე ორი დღით ადრე იყო მისული, თამაზ ნინუას უნდოდა ჩემი "მერსედესი" ეყიდა. ორი დღის შემდეგ მოხდა მკვლელობა. რა შუაშია ამ საქმესთან ბიძინა? სასამართლოზეც არ ყოფილა დაბარებული. კიდევ ერთი სიბინძურე გაისმა - შვილის მკვლელობასთან დააკავშირეს. ის გერი არ იყო, შვილი იყო - რეზი წლინახევრიდან გაზარდა და გვარიც მისცა. შატბერაშვილზე ვნახეთ მკვდარი, მანქანაში ესროლეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.

- რაც შეეხება თქვენი მეუღლის დის გაუჩინარებას...

- როგორც კი გაუჩინარდა, მაშინვე მივმართეთ გამოძიებას. ბიძინამ კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა. დამ ბინა გაყიდა, რომელიც ბანკში ჰქონდა ჩადებული, ფული მისცეს, მაგრამ თანხა ბანკამდე ვერ მიიტანა. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოატყუა.

გახდი გაზეთ "კვირის პალიტრის" ხელმომწერი უკვე ინტერნეტში, შეიძინე სასურველი პაკეტი და იხილე სრულად სტატია: კუჭავას ქვრივი პოპოვის დაკავებას ითხოვს - "აბა, მე მკითხეთ, ვინ არის დასაჭერი!"