დედას შვილის გარდაცვალება არავინ შეატყობინა
08-02-2016
დედას შვილის გარდაცვალება არავინ შეატყობინა
"გიორგის როცა ვაკითხავდით, თვალცრემლიანი გვაცილებდა ხოლმე. ხელს ჩაგვჭიდებდა და არ გვიშვებდა..."


მარტყოფის შშმპ-თა პანსიონატში 28 დეკემბერს გარდაცვლილ ბენეფიციარს, გიორგი მამფორიას, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს, ერთ თვეში მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ. "კვირის პალიტრა" მარტყოფის პანსიონატში დატრიალებულ ტრაგედიაზე რამდენიმე კვირის წინ წერდა - გონებრივად ჩამორჩენილი 18 წლის ბენეფიციარი 27 დეკემბერს კოჯრის თავშესაფრიდან მარტყოფში გადაიყვანეს. დაწესებულების თანამშრომლების თქმით, მოზარდმა ნამცხვრის დიდი ულუფა გადაყლაპა, რამაც სასუნთქ გზებში გადაცდომა გამოიწვია და დაიღუპა. რესპონდენტი, რომელიც ამ ფაქტს
გვიყვებოდა, პანსიონატის პერსონალს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებდა. (იხილეთ: "გიორგი მამფორიას გარდაცვალებას მალავენ, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის...")

რამდენიმე დღის წინ კი "კვირის პალი­ტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბენეფიციარის გარდაცვალების ამბავი მისი ოჯახის წევრებისთვის არავის შეუტყობი­ნებია...

ჩვენ გიორგი მამფორიას დედას, მარინა მამფორიას, დავუკავშირდით, თუმცა მან საუბარი არ
ისურვა. ოჯახის ახლობლის თქმით კი დედამ შვილის გარდაცვალების ამბავი რამდენიმე დღის წინ მეგობრისგან შეიტყო.

ხატია ჭანტურია, გიორგი მამფორიას დედის მეგობარი: - მარტყოფის პანსიონატში სხვებიც არიან სენაკიდან. ერთ-ერთი­ ბენეფიციარი დამიკავშირდა და გამაგებინა გიორგის გარდაცვალების ამბავი. ბიჭი უკვე დაკრძალული ჰყავდათ. გიორგის დედას მე შევატყობინე... გამწარებული დედა მარტყოფში ჩავიდა, მაგრამ დირექტორი არ დახვდა. მარინამ გადაწყვიტა, შვილი გადაასვენოს, მაგრამ როგორც გაარკვია, ამას ერთი თვე სჭირდება.

- რატომ არ გააგებინეს ოჯახს გიორგის დაღუპვის ამბავი?
- მარტყოფში უთხრეს, არ აკითხავდითო. რა იციან იქ ერთი დღის გადაყვანილ ბავშვზე, აკითხავდა თუ არა ვინმე. თუ მარინა ჩივილს დააპირებს, მხარში ამოვუდგები, რადგან ბავშვი უყურადღებობით დაიღუპა.

- მამფორიების ოჯახზე რას გვეტყვით?
- გიორგი, ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა. ახალდაბადებული ძალიან ლამაზი იყო, ქერა, ცისფერთვალება. რომ წამოიზარდა, ექიმებმა ცერებრალური დამბლა და რთული ფორმის დაუნის სინდრომი დაუდგინეს. 8 წლამდე ჩვენთან იყო, მხოლოდ სამი სიტყვა იცოდა, რომელიც მე ვასწავლე: კოვზი, პური და მშია...

- რა პირობებში ცხოვრობდა გიორგი ოჯახთან ერთად?
- გიორგის მშობლები გაშორებული იყვნენ. მას ორი ძმა ჰყავს. მარტოხელა დედას მშობლები ეხმარებოდნენ მათ აღზრდაში, გიორგის კი მარინა ზრდიდა. მარინა ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა. უფროს ბიჭებს აკლებდა რაღაც-რაღაცებს, მაგრამ გიორგის არასოდეს! მასზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. მეც გვერდში ვედექი და ვცდილობდით, შეგვემსუბუქებინა ერთმანეთისთვის ცხოვრება.

- როდის გადაწყვიტა გიორგის ბავშვთა სახლში წაყვანა?
- როცა ბიჭი წამოიზარდა, მარინას მატერიალური პრობლემები შეექმნა. ბავშვს­ ოცდაოთხსაათიანი მოვლა სჭირდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, სენაკის ბავშვთა სახლში მიეყვანა. ორივე ხშირად ჩავდიოდით მის სანახავად. მიგვქონდა ხილი, საკვები, ტანსაცმელი და თეთრეული. მარინას შვილი არ მიუტოვებია, ის ყველაზე­ მზრუნვე­ლი მშობელი იყო. მუშაობდა, აგროვებდა­ ფულს და გიორგის არაფერს აკლებდა... როცა ვაკითხავდით, ბავშვი თვალცრემლიანი გვაცილებდა ხოლმე. ხელს ჩაგვჭიდებდა და არ გვიშვებდა...

შარშან, სენაკის ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ, გიორგი კოჯრის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მარინა სწორედ იმ დროს უმუშევარი დარჩა და კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა, მეც შვილი გარდამეცვალა. ამ პერიოდში გიორგის შუათანა ძმა დაიჭირეს და დედამ მთელი დრო და ყურადღება ამ საკითხისკენ მიმართა. უფროსი ძმა უკრაინაში ცხოვრობს. სწორედ ამ ვითარების გამო ბავშვს ვეღარ მივაკითხეთ... მარტყოფის პანსიონატში ერთი დღის გადაყვანილი ყოფილა, როცა ეს საზარელი ამბავი დატრიალდა. როგორც მარტყოფის პანსიონატის დირექტორი ამბობს, რამდენიმე დღის წინ მამფორიას დედა პანსიონატში მართლაც მისულა.

ლელა კიკნაძე, მარტყოფის შშმპ-თა პანსიონატის დირექტორი:
"მამფორიას ოჯახის წევრებს ვერ დავუკავშირდით, რადგან მის პირად საქმეში ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია არ იყო. დავუკავშირდით კოჯრის ბავშვთა სახლის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ მოზარდისთვის მშობლებს ერთი წელია არ მიუკითხავთ.­ ოფიციალური წერილი გავგზავნეთ სოციალური მომსახურების სააგენტოში და ვაცნობეთ მამფორიას გარდაცვალება. მას შემდეგ, რაც ოჯახისთვის გახდა ცნობილი გიორგის გარდაცვალება, მარტყოფის პანსიონატში დედამისი მოვიდა. მას არავითარი პრეტენზია არ ჰქონია ჩვენთან".

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბენეფიციარის (თუ მას ოჯახის წევრები არა ჰყავს) ოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდი და მასში გაერთიანებული ფილიალები. ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ ფონდი იღებს დაკრძალვის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ მას ნათესავი ჰყავს,­ ოჯახს ატყობინებენ. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაწესებულების­ თანამშრომლებს, ალბათ, გამოძიებასთან მოუწევთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით