"სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სხეულში 9 ტყვია ჩამრჩა" - კვირის პალიტრა

"სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სხეულში 9 ტყვია ჩამრჩა"

შს მინისტრმა ახმეტელი პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა

გასული წლის 16 სექტემბერს ჩვენი საიტი ერთი პოლიციელის თავდადებაზე წერდა, ბიჭზე, რომელიც იმჟამად სიკვდილს ებრძოდა. ჩვენთვისაც დიდი სიხარული იყო იმის გაგება, რომ ის გადარჩა და მეტიც, გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს კიდეც.

იხილეთ: "ტყვია ჯერ კიდევ თავში აქვს, უფლის იმედი მაქვს, რომ არ გამწირავს და ჩემი ბიჭი გადარჩება" - დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმე

"მოწოდებით უნდა იყო პოლიციელი და ბოლომდე ერთგულად მიჰყვე საქმეს, რომელსაც შეეჭიდე, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს ხალხისა და კანონის სამსახური", - ამბობს 27 წლის ინსპექტორ-გამომძიებელი, ელიზბარ პატარკაცაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. 31 დეკემბერს, შს მინისტრმა პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა.

- 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ზემო ალვანში, ერთ ოჯახში შვილი ძალადობდა დედაზე. შემთხვევის ადგილისკენ გავეშურეთ, გზაზე ნაცემი დედა შეგვხვდა, რომელიც შვილს სახლიდან გამოეგდო. თანამშრომლებს ვუთხარი, მე გადავალ, გავიგებ, რა ხდება და თუ საჭირო გახდა, დაგიძახებთ-მეთქი. სახლში შესულს, მესროლა, მაგრამ პირველი ტყვია ამაცდინა. რამდენიმე წამში მეორედ გაისროლა და თავში დამჭრა, მესამე გასროლით კი გულმკერდის არეში მომხვდა ტყვიები.

ფარდას ამოფარებული მესროდა, ტკივილი არ მიგრძნია, მხოლოდ ის დავინახე, თავიდან და სხეულიდან სისხლი რომ მდიოდა.

ძალა მოვიკრიბე, ეზოდან გამოვედი და ბიჭებს ვუთხარი, საავადმყოფოში წამიყვანეთ-მეთქი. ამ დროს დასახმარებლად მოსულმა პოლიციელებმა თავდამსხმელი დააკავეს. ექიმები ოპერაციას არ მიკეთებდნენ, აზრი არა აქვს, მაინც ვერ გადარჩებაო. დაზიანებული მქონდა გული და ფილტვიც. მერე მაინც გარისკეს, თუმცა ეჭვობდნენ, რომ გადარჩენის შემთხვევაში ინვალიდი დავრჩებოდი. საბედნიეროდ, გადავრჩი, თავის ქალაში - 7, ხერხემლის არეში კი 2 ტყვია დამრჩა.

ადამიანს, რომელმაც დამჭრა, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 108-ე მუხლი წაუყენეს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დედამისი სასამართლოზე მეუბნებოდა, ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ გადარჩენილიყავიო.

6 წელია პოლიციაში ვმუშაობ და მსგავს სიტუაციაში არასოდეს მოვხვედრილვარ. შს მინისტრმა მამაცობისთვის ჯილდო გადმომცა, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.

ნანა ფიცხელაური