"დააწერონ კაზინოს, რომ კლავს!" - კვირის პალიტრა

"დააწერონ კაზინოს, რომ კლავს!"

სიგარეტის ანტირეკლამა ხომ გინახავთ ყველგან - კოლოფებზე, სარეკლამო ბანერებზე, მაგრამ თუ გინახავთ ანტინარკოტიკული რეკლამა ან კაზინოს ანტირეკლამა? რატომ კაზინოს არ აწერია, რომ თუ მასზე დამოკიდებული გახდებით, შეიძლება დაკარგოთ ყველაფერი - სახლი, ოჯახი, საკუთარი თავიც კი?

ყოველდღე მიწევს სასტუმრო "ჰოლიდეი ინიდან" (ყოფილი "აჭარა") სააკაძის მოედნისკენ წასვლა და გზაზე მუდმივად თვალში მხვდებიან დოლიძის ქუჩის ასახვევში, ბანკის წინ მომლოდინე მამაკაცები, სხვადასხვა ასაკის. თურმე, ელიან, როდის მოვა მათ სახელზე ფულადი გზავნილი, რომელსაც ხშირად უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი ოჯახის წევრები უგზავნიან, ძირითადად, ქალები, რომელთაც არ იციან, რაში იხარჯება მათი მძიმე შრომის გასამრჯელო. და როცა იგებენ, უკვე გვიანია...

ბანკის ფილიალში, რომელიც, ალბათ, 24 საათი მუშაობს, გვიანობამდე არ წყდება მომლოდინეთა ნაკადი. მათი უმრავლესობა ერთმანეთს ჰგავს - გაყინული თვალებით აკვირდებიან გარემოს და ვერაფერს გრძნობენ. ამ ხალხს ერთი მომაკვდინებელი სენი აერთიანებს - გემბლინგი, ანუ აზარტული თამაშების სიყვარული.

მამაკაცები, რომლებიც გვიან ღამით ბანკის ფილიალთან დგანან, ფულს იქვე, სასტუმროს ქვეშ მდებარე ტოტალიზატორების და კაზინოების, განსაკუთრებით - ინტერნეტკაზინოების ანგარიშებზე "აბანდებენ" იმ იმედით, რომ სათამაშოდ დადებულ ფულს ერთიორად ან მეტად მოიგებენ.

ძირითადად აგებენ, იშვიათად - იგებენ. მოგებული წაგებულთან მოსატანიც არ არის და ისევ მოგების იმედით, ფორტუნას გამეტებულ თანხას კვლავ ქარს ატანენ. თამაშობენ ჯგუფურად, ინდივიდუალურად და დროდადრო შემოტეულ შიმშილს სააკაძის მოედანზე, საშაურმეებში იკლავენ. მერე კი, დანაყრებულებს თვალზე ლიბრი რომ გადაეცლებათ, ისევ ფულს ეძებენ. თუ რამე ლომბარდში ჩასადები აქვთ, დებენ (ზოგჯერ იპარავენ კიდეც). შორს წასვლა არ სჭირდებათ - ლომბარდებიც აქვეა, ტოტალიზატორების და კაზინოების გასწვრივ...

ჯაჭვი უცნაურად არის ასხმული: კაზინო, ტოტალიზატორი, ბანკი, ლომბარდი, საშაურმე... ყველაფერი ერთ სივრცეშია, ერთ მოკლე მანძილზე და მძიმე სუნი ასდის - ფულის და მარცხის, შიგადაშიგ კი - შაურმის, რომელიც ისე ვერ აფხიზლებს დამშეულთა გონებას, რომ აღარ ითამაშონ.

ინტერნეტსივრცეში ამ ჯაჭვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ემატება. თუ ინტერნეტკაზინოში წააგე, იქვე ციმციმებს რეკლამა, რომ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია იშოვო ფული...

თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური წრე შეკრა და ამ წრეში ასიათასობით ადამიანი ჩააბა, რომელთაგან ძალიან ცოტა ხვდება, რომ ჯოჯოხეთში შეტოპა და დროზე უნდა დაიხიოს უკან. უამრავი ადამიანი ვალებში იხრჩობა და უხმოდ კვდება... ბევრს სურს, გადარჩეს, მაგრამ არ იცის, როგორ.

"კვირის პალიტრამ" კიდევ ერთხელ სცადა, ფსიქოლოგის დახმარებით მოეძებნა გამოსავალი - როგორ ვუშველოთ აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილთ.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: - უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ტიპის მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება ერთი ფორმით ვითარდება და მკურნალობაც თითქმის ერთნაირად ენიშნებათ - ფსიქოთერაპია და მედიკამენტები. ხანდახან მხოლოდ ფსიქოთერაპიაც კმარა, გააჩნია ფორმას.

როდესაც მდგომარეობა დამძიმდება, ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან, მანამდე კი უამრავი პრობლემა უჩნდებათ: ქცევითი აშლილობა, გაუწონასწორებელი მოქმედება... თუ მდგომარეობა მსუბუქია, ადამიანს შეუძლია განკურნების პროცესში ჩართოს გონებრივი რესურსი და მაშინ ფსიქოთერაპიაც კმარა.

- ვფიქრობ, ბევრი ვერ ახერხებს ფსიქოლოგის მოძებნას...

- ამას განაპირობებს რამდენიმე მიზეზი. თუნდაც ის, რომ პრობლემა მასშტაბურია, სერვისცენტრები კი, სადაც ადამიანებს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებიან, საკმარისი არ არის. მათი სიმცირის მიზეზი ისიც არის, რომ ეს დარგი არარენტაბელურია. ადამიანებს უჭირთ ფსიქორეაბილიტაციაში თანხის გადახდა, ეძვირებათ, ძალიან იაფად კი ყველგან ვერ დაეხმარებიან. არსებობს მიმართვისუნარიანობის პრობლემაც. ზოგჯერ ადამიანი პრობლემას ვერ ან არ აცნობიერებს, ამბობს, რომ ხვალიდან თვითონ იტყვის თამაშზე უარს. საშველი არსებობს, თუკი გააცნობიერებენ, რომ პრობლემა აქვთ და დროზე მოგვმართავენ.

- როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია? ისინი თითქმის 24 საათი სათამაშო ჭაობში არიან ჩაფლული...

- სიგარეტის ანტირეკლამა ხომ გინახავთ ყველგან - კოლოფებზე, სარეკლამო ბანერებზე... მაგრამ თუ გინახავთ ანტინარკოტიკული რეკლამა ან კაზინოს ანტირეკლამა? რატომ კაზინოს არ აწერია, რომ თუ მასზე დამოკიდებული გახდებით, შეიძლება დაკარგოთ ყველაფერი - სახლი, ოჯახი, საკუთარი თავიც კი? ადამიანს საფრთხე მუდმივად უნდა შეახსენო. შესაძლოა, ზოგჯერ ამან არც გამოიღოს შედეგი, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ! საჭიროა ბუკლეტების დარიგება; პრობლემას ტელევიზიითაც უნდა მიექცეს მეტი ყურადღება...

- შეიძლება კაზინოს დავაწეროთ, რომ ის კლავს?

- დიახ! შესაძლოა, ვინმეს ეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მე არ მეცინება! რატომ არ უნდა ესაუბრო ადამიანებს იმ საფრთხის შესახებ, რაც ელით? ამასთან, არ შეიძლება ავტობუსის ყველა გაჩერებაზე კაზინო იყოს. ამერიკაშიც კი ამისთვის ლას-ვეგასი არსებობს.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოველ ნაბიჯზე, თანაც ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს კაზინოში შეესვლებოდეს და თვალწინ ცდუნება უციმციმებდეს. ასეთ დაწესებულებებს სადღაც შორს გავიტანდი, სადაც ადამიანი მიზანმიმართულად უნდა წავიდეს და ამას ყოველთვის ვერ მოახერხებს.

ინტერნეტკაზინოებს კი საერთოდ ავკრძალავდი. აქ მომაკვდინებელი საფრთხე იმალება, რადგან მოთამაშის ასაკსაც ვერ შეამოწმებ - მცირეწლოვანსაც შეუძლია თამაში. ინტერნეტკაზინოების აკრძალვა ბევრ პრობლემას მოგვაშორებს, უპირველესად კი ყველაზე საშურს - ის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

P.S. როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინკაზინოებს შეზღუდავს ან გააუქმებს. როგორც გემბლინგით დაავადებულები, ისე მათი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ პრემიერმა დიდი ხანი არ უნდა მოანდომოს იდეის ხორცშესხმას - სიტყვა საქმედ უნდა იქცეს და უახლოეს მომავალში ინტერნეტკაზინოები გაუქმდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის სოლიდარობასაც. თუ სარეკლამო ბაზარზე ბევრი კომპანია განაცხადებს, რომ ინტერნეტკაზინოების გაუქმებამდე უარს ამბობს ინტერნეტკაზინოების, ტოტალიზატორებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ე.წ. სწრაფი ფულის რეკლამის გავრცელებაზე, ბევრი ადამიანი გადაურჩება საფრთხეს.