,,და დამეღუპა, დედაც..." - კვირის პალიტრა

,,და დამეღუპა, დედაც..."

2016 წლის 10 თებერვალს გვიან ღამით გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 50 წლის კახა ქისიშვილმა ყოფილი ცოლი, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე მეუღლე სანადირო თოფოთ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ ქალს ესროლა, მერე კი - მამაკაცს.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოლს - ირმა გაგლოშვილს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ქალი მეორედ გათხოვდა და წლების განმავლობაში პირველი ქორწინებიდან შეძენილ ქალ-ვაჟთან ერთად, ისრაელში ცხოვრობდა და მუშაობდა.

იმ კორპუსის მცხოვრებთა უმეტესობა, სადაც უბედურება დატრიალდა, ამბობს, რომ ოჯახს ნაკლებად იცნობდნენ, რადგან საქართველოში, ფაქტობრივად, არ ცხოვრობდნენ. მათივე ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და გარდაცვლილი ქალის საერთო შვილი - 25 წლის გოგონა ავადმყოფობდა, მას ღვიძლის პრობლემები ჰქონდა და ამ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. თუმცა, როგორც ჩანს, მკურნალობა უშედეგო გამოდგა და გოგონა გარდაიცვალა. ის 10 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე ჩამოასვენეს ისრაელიდან. ტრაგედია სწორედ მას შემდეგ დატრიალდა.

,,და დამეღუპა, დედაც და მამა გამექცა, სულ მარტო დავრჩი'' - განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ქალისა და მისი ყოფილი მეუღლის საერთო ვაჟმა, რომელიც დედასთან და დასთან ერთად ასევე ისრაელში ცხოვრობდა.

ოჯახის ერთ-ერთი მეზობლის რუსუდან მაყიშვილის თქმით, ყოფილ ცოლ-ქმარს პრობლემები აქამდე არ ჰქონიათ და ისინი კანონიერად იყვნენ გაყრილი.

"შესაძლოა მომხდარი საშინელების მიზეზი ეჭვიანობა იყო, თუმცა არც ის არის გამორიცხული მამა ქალიშვილის გარდაცვალებას გადაეყვანა ჭკუიდან. კახა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის, დაუჯერებელია მისგან ასეთი სისასტიკე", - გვითხრა ეჭვმიტანილის ერთ-ერთმა მეზობელმა.

კახა ქისიშვილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა საპატრულო პოლიცია კი ამ დრომდე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

თათია  ქუჯოშვილი

სპეციალურად საიტისთვის გორიდან