როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ახალი თაღლითური სქემა თბილისში! - კვირის პალიტრა

როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ახალი თაღლითური სქემა თბილისში!

"დევნილთა ანგელოზები" უცხოეთში პოლიტდევნილის სტატუსის მიღებასა და ბედნიერ მომავალს გვპირდებიან (?!)

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზეთში, განცხადებების გვერდზე წავიკითხე, რომ ვიღაც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დევნილის სტატუსის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. იქვე სახელი და ტელეფონი იყო მითითებული. დავრეკე. შუახნის მამაკაცი იქნებოდა... ისე მშვიდად მელაპარაკა, როგორც მშრალ ხიდზე ბინების ყიდვა-გაყიდვით დაკავებული მაკლერი, რომელსაც ჰგონია, თუ დაფხავებული ბინის სანახავად მიგიტყუა, დაგარწმუნებს, რომ სასახლეს გთავაზობს.

დევნილის სტატუსის "გამჩალიჩებელმა" მირჩია, ჯერ ვიზაზე მეზრუნა, პოლიტდევნილის სტატუსის მიღებაში კი მერე დამეხმარებოდა. დამპირდა, რომ შეთხზავს "ნაციონალურ ზღაპარს", თითქოს "ნაცმოძრაობის" წევრი ვარ, რომელსაც დევნიან, იჭერენ, სცემენ, მოკვლით ემუქრებიან. ეს ამბავი ითარგმნებოდა ინგლისურად და ინტერნეტსაიტზე განთავსდებოდა ისე, რომ კომისია, რომელიც ჩემი დევნილობის სტატუსს განიხილავდა, დარწმუნებულიყო, უცხოეთში გაქცევამდე საქართველოში ჩემი ცოდვით ქვაც რომ იწვოდა და ამას მედიაც აშუქებდა. ეს 500 დოლარი დამიჯდებოდა. დამაჯერებლობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაც მომცემდა ბეჭედდასმულ ცნობას და რეკომენდაციას, რომ პოლიტიკური მოტივით მდევნიან. ეს სერვისი კი 700 დოლარი დამიჯდებოდა, მაგრამ სანამ 700 დოლარის გადახდაზე მიდგებოდა საქმე, ბევრი რამ უნდა მომეგვარებინა. თავდაპირველად - ვიზა, რომელსაც ვერ ავიღებდი, თუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის ცნობა და საბანკო ანგარიშზე დანაზოგი არ მექნებოდა, თუმცა, ამ ცნობასაც გამიკეთებდნენ, რომლის ფასიც 500 დოლარით იწყება და ზემოთ მირბის. მოკლედ, ფულს გადავიხდიდი და ვიზასაც ჩამირტყამდნენ.

"კეთილმოსურნემ" მითხრა, ვიზა ლეგალური უნდა გქონდეთ, მაგრამ კომისიაზე რომ მოხვდებით, უნდა თქვათ, რომ თბილისის აეროპორტში შეიპარეთ და ქრთამის წყალობით შეაღწიეთ თვითმფრინავში, თორემ ისინი, ვინც მოკვლით გემუქრებოდნენ, იქვე, აეროპორტში აგიგებდნენ წესსო.

ჩემმა "გადამრჩენელმა" სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ან რელიგიური მოტივით დევნილის სტატუსიც შემომთავაზა. მოკლედ, ისეთი გულუხვი აღმოჩნდა, ძალადობის ფორმისა და შინაარსის არჩევა მე მომანდო, ამბის შეთხზვა კი თვითონ იტვირთა.

მირჩია, საქმე რომ არ გაჯანჯლდეს, ბელგიასა და ჰოლანდიას გირჩევ, ამ ქვეყნებში ხელმოცარვის ნაკლები შანსი გაქვსო.

შევიცხადე, როგორ, ამდენი ფული უნდა გადავიხადო და სტატუსის მიღების 100%-იან გარანტიას არ მაძლევთ-მეთქი? არც დაბნეულა, ისე მიპასუხა: "წარმოიდგინეთ, ომში მიდიხართ და აბსოლუტურად გამოუცდელს სროლას გასწავლით, ჯავშანჟილეტს და იარაღს გაძლევთ, ბრძოლისთვის გამზადებთ, მაგრამ გარანტიას ხომ ვერ მოგცემთ, რომ გადარჩებით, სიკვდილისგან ომში დაზღვეული ვინ არის?"

თქვენს მოხერხებაზეც ბევრია დამოკიდებულიო, დაამატა, შეძლებთ თუ არა დამაჯერებლად ლაპარაკს, ან როგორი ოფიცერი შეგხვდებათ... ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ვითარება. აქ რაც უფრო აიმღვრევა წყალი, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. ცოტა იღბალიც და ყველაფერი კარგად იქნებაო...

სახტად დავრჩი. ესე იგი, უცხოეთში დევნილის სტატუსის მისაღებად უნდა ვინატრო, რომ საქართველოში ქვა ქვაზე აღარ დარჩეს?

თუ ვიზაც აიღეთ და უცხოეთში გააღწიეთ, არც იფიქროთ, რომ ჯერ ქვეყანაში სეირნობით იჯერებთ გულს და მერე ჩაჰბარდებით თავშესაფარს, რომელიც სულაც არ არის ისეთი რომანტიკული, როგორსაც სტატუსის "გამჩალიჩებლები" ხატავენ. სინამდვილეში, ქვეყანაში შესვლისთანავე უნდა ჩაჰბარდეთ თავშესაფარს, კომისია დაარწმუნოთ, რომ მართლა იდევნებით და მათ იქით გზა არ გაქვთ. ამასთან, აუცილებლად დაგჭირდებათ ადვოკატი, რომლის მომსახურებაც იმ 700 დოლარში არ შედის და ფასი 1.000 ლარიდან იწყება.

"კეთილმოსურნე" გვარწმუნებს, არ იფიქროთ, უცხოეთიდან საქართველოში თქვენი ამბების შემოწმება სცადონ - ამას კონვენცია უკრძალავთ და ასეც რომ არ იყოს, ჩვენს საელჩოებში ვინ აღიარებს, საქართველოს მოქალაქეებზე სახელმწიფოს ძალადობასო?!

მოკლედ, თუ გადაწყვიტეთ და ამ კაცს ფული გადაუხადეთ, ვიზაც გაიჩალიჩეთ, უცხოეთშიც გააღწიეთ და სტატუსის მიმნიჭებელ კომისიასთანაც მოხვდით, მაგრამ ჩაფლავდით, ესეც არ ყოფილა, თურმე, ქვეყნიერების დასასრული. "დევნილთა ანგელოზი" გირჩევთ, ამის შემდეგ სხვა ქვეყანაში წახვიდეთ და იქ მოითხოვოთ თავშესაფარი. იქაც თუ ჩაფლავდით, ევროპა დიდია - წლებს დევნილის სტატუსის ძიებაში გაატარებთ და ამასობაში სტატუსსაც მიიღებთ.

თუკი მთლად უნიათო გამოდექით, ღონემიხდილსა და ფსიქიკაშერყეულს სამშობლოში გამოგაბუნძულებენ. ის კაცი ევროპაში ბროლის კოშკებს კი შეგპირდათ, მაგრამ თქვენ ვერ ივარგეთ და რა მისი ბრალია? ერთიც გაითვალისწინეთ - დევნილის სტატუსის მოლოდინში მუშაობა გეკრძალებათ. თუ მაინც გაბედავთ და საიმიგრაციო სამსახური ამას შეიტყობს, მთელ გასამრჯელოს, როგორც არალეგალურ შემოსავალს, უკან დაგაბრუნებინებენ და შეგახსენებენ, რომ მხოლოდ ის თანხა უნდა იკმაროთ, რასაც მასპინძელი სახელმწიფო თავშესაფრის მკვიდრისთვის იმეტებს.

"დამიჯერეთ, ევროპაში დევნილის სტატუსით არავის სჭირდები"

პოლონეთში მცხოვრები ჩემი კოლეგა და დევნილთა სტატუსის მაძიებელთა უფლებების დამცველი ეკატერინე ლემონჯავა აცხადებს, რომ ის, რასაც ზემოხსენებული განცხადების ავტორი გვთავაზობს, ბლეფი და ფულის საკეთებელი მახეა.

ეკატერინე ლემონჯავა: - ევროპამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს თავშესაფრის მიღება აღარ შეეძლებათ. ცხადია, იქნება იშვიათი გამონაკლისები, ისეთი, როგორიც, მაგალითად, ვიკილიქსის დამფუძნებლის, შვედი ასანჟის შემთხვევაა. მან ეკვადორის საელჩოს თავშესაფარი სთხოვა და ახლაც საელჩოში ცხოვრობს, რომელიც ლონდონშია და შენობიდან ცხვირს ვერ ყოფს, რადგან გასვლის შემთხვევაში დაიჭერენ...

უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ ვერ მოითხოვ თავშესაფარს, მაგრამ სამ თვეში უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას გამოგიტანენ, თუ შენი საქმე ისეთივე არ არის, როგორიც თუნდაც ასანჟისა.

როდესაც დევნილობის საქმეს განიხილავენ, მართლაც არ აქვთ უფლება, საქართველოს საელჩოსა თუ შს სამინისტროში შეამოწმონ ინფორმაცია შენს შესახებ, მაგრამ, საემიგრაციო სამსახური დამოუკიდებლად იძიებს საქმეს (ინტერნეტით), რათა მიიღოს მტკიცებულებები იმ ისტორიის დასადასტურებლად, რასაც უყვები (ალბათ, ასეთი ყალბი ამბების განსათავსებლად შექმნეს ვებგვერდები "დევნილთა ანგელოზებმა". - ავტ.).

ჩემთანაც ბევრი არკვევს ამ საკითხს და მათ ვუხსნი, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანთ, გარდა იმისა, რომ აიღებენ ვალს (პროცენტიანს, ან დაკარგავენ სახლ-კარს), წავლენ რომელიმე ქვეყანაში, ჩაბარდებიან თავშესაფარს, სადაც უმძიმესი გარემოა და იმ პირობებთან შეგუებასაც ვერ მოასწრებენ, ისე სწრაფად მოსთხოვენ ტერიტორიის დატოვებას. ეს ხდება სამთვე-ნახევარში. ისიც ითქვა, რომ პროცედურების ვადა უნდა შემცირდეს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, მიიღეს თუ არა გადაწყვეტილება. ყოველდღე იცვლება წესები. ჯერაც ვერ გაიაზრა ევროკავშირმა, რა ქნას - საემიგრაციო კრიზისის გამო მას წევრი ქვეყნების მეთაურები დაშლას უწინასწარმეტყველებენ, ამიტომაც იშორებენ ყველას, ვინც კი უსაფრთხო ქვეყნიდან არის ჩასული. თუკი ქართველები თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით ევროპაში დღემდე არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ საემიგრაციო ოფისებს უამრავი სამუშაო აქვთ - ჯერაც არ დასრულებულა 2015 წელს შესულების რეგისტრაცია.

დამიჯერეთ, ევროპაში დევნილის სტატუსით არავის სჭირდები. მეტიც, არაფერს წარმოადგენ და ამას გრძნობ ყოველ ნაბიჯზე. ევროპულ თავშესაფრებში მოხვედრილები რეალურად არ ასახავენ იმ საშინელ გარემოს, რომელშიც უწევთ ცხოვრება... ყველა ვერ უძლებს დამამცირებელ გარემოს, დღითი დღე ნადგურდება და ამიტომაც ჩემმა ორმა მეგობარმა პრაღის თავშესაფარში თავი მოიკლა - ერთი ბელორუსი იყო, მეორე - ნიგერიელი.

ქართველებს ინფორმაცია არ გვაქვს. მიგრაციის სხვა გზები უნდა გამოინახოს, თუნდაც - შრომითი მიგრაცია. პოლონეთში, სადაც მე ვცხოვრობ, იოლია ბიზნესის დაწყება, ფირმის გახსნა და საქმიანობის წარმართვა მინიმალური კაპიტალით. ენა თუ არ იცი, ადვოკატს დაიქირავებ და 2.000 ევროდ ოფიციალურად დაგირეგისტრირებენ კომპანიას, მოგიგვარებენ ყველა ფორმალურ საკითხს. ცხოვრების უფლებაც ავტომატურად გეძლევა. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია საქართველოში არ იცის მოსახლეობის, ალბათ, 0,01%-მა. ვინმე რომ ასწავლიდეს ხალხს, როგორ იცხოვრონ გახსნილი საზღვრების პირობებში და როგორ მართონ ცხოვრება ისე, რომ სამშობლოსაც არგონ და იმ ქვეყანას, რომელიც ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას აძლევს, აღარავინ წამოეგებოდა თაღლითების ანკესს.