სამმაგი მკვლელობა!
15-02-2016
სამმაგი მკვლელობა!
ძალოვანთა ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა და ისინი შემთხვევის ადგილასაც მიიყვანა

თავიდან ოჯახის წევრები თვითონ ცდილობდნენ დაკარგულების პოვნას. ერთმა მდინარის პირას დაკარგულების მიკროავ­ტობუსი ნახა და სამართალდამცავებს აცნობა. მას შემდეგ, რაც მდინარე უჩაღალში ერთ-ერთი დაკარგულის მობილურს მიაგნეს, ატყდა განგაში. 3-დღიანი ძებნის შემდეგ ურთის მთასთან ცხედრები იპოვეს, მათ ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერას უბანში, ანგარების მიზნით, თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა სამი კაცი.

გიორგი
ფორჩხიძე, პაატა ჩუბინიძე და მერაბ აბესაძე ხორცის ბიზნესს ეწეოდნენ. ახლობლების თქმით, გიორგი ფორჩხიძეს და პაატა ჩუბინიძეს უცნობმა პირმა დაურეკა - ზუგდიდში ხორცი მაქვს გასაყიდიო. ბიჭებმა ხობში მცხოვრებ მერაბ აბესაძეს გაუარეს და ზუგდიდში სამივე ერთად წავიდა. მოგვიანებით მათი ტელეფონები გაითიშა და ოჯახის წევრები დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.
ტელეფონი დიდხანს რომ არ ჩაირთო, ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

მერაბ აბესაძის მეუღლე ამბობს, რომ ქმრის დაკარგვის ამბავი პოლი­ციიდან შეიტყო:
"დილას ორი ზესტაფონელი ჩვენთან მსხვ­ილფეხა პირუტყვის შესაძენად ჩამოვიდა. მათ ჩემი მეუღლე გაჰყვა. დაახლოებით 12 საათზე დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გათ­იშული ჰქონდა. კიდევ რამდენჯერმე დავ­რეკე, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. შემდეგ პოლიციიდან შევიტყვე, რომ ჩემს ქმარს და კიდევ ორ მამაკაცს ეძებდნენ".

სამი კაცის განზრახ მკვლელობაში დადანაშაულებული დავით ბეჭვაიას მეზობლები მომხდარით გაკვირვებულები არიან. მათ ბევრი კითხვა აქვთ გამოძიებასთან. მთავარი კითხვაა, როგორ შეძლო ერთმა კაცმა სამი ადამიანის მოკვლა და შემდეგ ცხედრების დაკრძალვა.

ჰყავდა თუ არა დამნაშავეს თანამონაწილე, ამაზე გამოძიება არაფერს ამბობს. სოფელ აბასთუმნის რწმუნებულის თქმით, ცხედრები სოფლიდან ერთი კილომეტრის დაშორებით იპოვეს. შენიშნა თუ არა ვინმემ იქ უცხო ადამიანები ან გაიგონა თუ არა სროლა, ამ და სხვა დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს.

საქმის ირგვლივ ბევრი კითხვა რჩება. მოკლულების ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ამ უმძიმეს დანაშაულს მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებდა. ისინი დამნაშავეების გამოვლენას ითხოვენ. რა თანხა ჰქონდათ მოკლულებს თან, ამაზე ჭირისუფლები არ საუბრობენ.

ნანა ჯანჯღავა, სოფელ ნარაზენის რწმუნებული:
- დავით ბეჭვაიას დედა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დათო მუხლჩაუხრელად შრომობდა და შეძლებული ოჯახი აქვთ. ტონობით თხილს იწევდნენ, ღვინოს აყენებდნენ და ყიდდნენ, საქონელიც ჰყავთ. სოფელში მასზე ავის მთქმელს ვერ იპოვით.

ადრე სამართალდამცველ ორგანოებში მსახურობდა. მერე დაიჭრა, მკურნალობდა. რომ გამოჯანმრთელდა, ითხოვა სამსახურში აღდგენა, მაგრამ უარი უთხრეს...
გამოძიება გრძელდება. იმედია, სამართალდამცველები ყველა კითხვას უპასუხებენ.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით