"უთქვამს, ერთი "ტრუპიც" დავიმატეო" - კვირის პალიტრა

"უთქვამს, ერთი "ტრუპიც" დავიმატეო"

"ჯერ კაცს ესროლა, მერე ყოფილი ცოლისთვის თმაში წაუვლია ხელი და სამი ტყვია დაუხლია"

"სულ ერთად იყვნენ დედა-შვილი, მარი წუთით ვერ ძლებდა უდედოდ..."

"კახა წესიერი კაცი იყო. დღე და ღამე შრომობდა. შვილის ამბავი ადარდებდა, - ძალიან ცუდად არის, ღვიძლი კი გადაუნერგეს, მაგრამ, ეტყობა, ორგანიზმმა ვერ შეითვისაო. რამე რომ დაემართოს, გავგიჟდებიო..."

10 თებერვალს, ღამით, გორში, გურამიშვილის ქუჩის ერთ ეზოში, რამდენიმე კაცი შეკრებილიყო - ისრაელიდან 25 წლის მარიამ ქისიშვილის ჩამოსვენებას ელოდნენ. მარიამი, დედასა და ძმასთან ერთად, რამდენიმე წლის წინ ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად ავად გახდა. უმძიმესი ოპერაციაც ჩაუტარდა - ღვიძლი გადაუნერგეს. არაფერი ეშველა, მარიამი საავადმყოფოში გარდაიცვალა... ისრაელიდან ცხედარი დედამ და მარის მეუღლემ ჩამოასვენეს. ღამის 2 საათზე ის იყო, ცხედარი მანქანიდან გადმოასვენეს, რომ დამხვდურთა თვალწინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა - მარიამის მამამ, 50 წლის კახა ქისიშვილმა ყოფილი მეუღლე, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე ქმარი, რომა ჯოჯიშვილი "მაკაროვის" პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა...

სამართალდამცავებს ამ დრომდე დამნაშავე არ დაუკავებიათ. უმძიმეს მდგომარეობაშია მარიამის ძმა. აღარც დედა მყავს, აღარც და, მამა გაიქცა, სულ მარტო დავრჩი, -მხოლოდ ამ სიტყვების თქმა შეძლო ჟურნალისტებთან 24 წლის არჩილ ქისიშვილმა. არჩილი ძიუდოისტია, ისრაელის სახელით გამოდიოდა და წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში ვარჯიშობდა. მამამისი, კახა ქისიშვილი, შვილის წარმატებით გახარებული იყო.

კახა ქისიშვილი

მკვლელობას ნათესავები შეესწრნენ. მეზობლები სროლამ გაიყვანა ეზოში. "ერთ მხარეს ეგდო მამაკაცის ცხედარი, ცოტა მოშორებით - დასისხლიანებული ირმა გაგლოშვილი. სახე ჩალურჯებული ჰქონდა. ამბობენ, ყოფილმა ქმარმა ტყვია თავში მოარტყაო", - მითხრეს მობინადრეებმა.

აი, რა მიამბო მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- როგორც ჩანს, კახა შვილის სიკვდილმა შეშალა ჭკუიდან. თავგადაკლული მამა იყო. ძალიან განიცდიდა შვილის ავადმყოფობას. გულისჯიბით დაჰქონდა მარის ფოტო. შვილის სიკვდილში რატომღაც ყოფილ ცოლს ადანაშაულებდა. სამი წელი მკურნალობდა მარიამი ისრაელში. ყველაფერი გაუკეთეს, მაგრამ სიმსივნე მოედო მთელ ორგანიზმს და მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ამ სახლში კახა და მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდნენ. ირმა და კახა რამდენიმე წლის წინ გაშორდნენ ერთმანეთს და კახამ ეს ბინა შვილებს დაუტოვა. ქალი ცოლად გაჰყვა რომა ჯოჯიშვილს, რომელმაც ირმას გამო ცოლ-შვილი მიატოვა. კახას ბებია ჰყავდა ებრაელი, ისრაელში ჯერ ბავშვები წავიდნენ, მერე დედაც წაიყვანეს. კახა კი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. შეწყალებით გამოვიდა. უნდოდა ისრაელში წასვლა, მაგრამ კონსულმა არ გაუშვა, მერე მაინც მოახერხა წასვლა შვილის სანახავად. დროდადრო ირმა საქართველოში ჩამოდიოდა და იმ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც კახამ შვილებს დაუტოვა. სწორედ მაშინ გაუფრთხილებია კახას ყოფილი ცოლი - ჩემს სახლში ის კაცი არ დავინახო, თორემ დაგხოცავთო.

როგორც ჩანს, შვილის სიკვდილით თავზარდაცემულს იმ დღეს ყოფილი ცოლის მოკვლა უნდოდა. აჩიკო არ შესწრებია ამ უბედურებას. კახას შვილისთვის უთქვამს, - დეიდაშვილებთან წადი, არ მინდა, შენი დის ჩამოსვენებას უყუროო. შვილმაც დაუჯერა. ამიტომ ვფიქრობ, განზრახული ჰქონდა ყოფილი ცოლის მოკვლა.

კახა მთელი დღე ნერვიულად დადიოდა და ელოდებოდა შვილის ჩამოსვენებას. სამძიმარს იღებდა... შუადღისთვის კოსტიუმი გაუხდია და სპორტულად ჩაუცვამს. ნათესავებს გაუკვირდათ მისი საქციელი.

მარი რომ მოასვენეს, კახას კატაფალკაში რომა დაუნახავს და უთქვამს, - ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია. ამის დანახვაზე ირმას კივილი აუტეხია. კახას ორჯერ უსვრია, მაგრამ აუცილებია, მერე ქალისთვის თმაში წაუვლია ხელი და სამი ტყვია დაუხლია, მობრუნებულა და რომასთვის კიდევ ორი ტყვია უსვრია. ეს ისე თვალის დახამხამებაში მომხდარა, რომ იქ მყოფებს განძრევაც ვერ მოუსწრიათ. ფაქტის უშუალო თვითმხილველმა, კატაფალკის მძღოლმა გიორგი ბუთხუზმა გვითხრა, - უცებ ატყდა სროლა, დაბნეულმა და შეშინებულმა მანქანას შევაფარე თავი და არც დამინახავს, ვინ ისროლა და რამდენჯერო.

რომა ჯოჯიშვილი ცხინვალიდან დევნილია, მისი პირველი ცოლ-შვილი ხურვალეთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

კახა ქისიშვილზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად გორში, მანქანების ბირჟაზე, სადაც კახა მუშაობდა, ეჭვმიტანილის თანამშრომლებს გავესაუბრე.

ვაჟა ბაბუციძე, მძღოლი: - კახა წესიერი კაცი იყო. დღე და ღამე შრომობდა. რა მოხდა, არ ვიცით. დილით გავიგეთ მომხდარი. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მდგმურად ცხოვრობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მასზე საყვედურის მთქმელს აქ ვერ ნახავთ.

შვილის ამბავი ადარდებდა, - ძალიან ცუდად არის, ღვიძლი კი გადაუნერგეს, მაგრამ, ეტყობა, ორგანიზმმა ვერ შეითვისაო. რამე რომ დაემართოს, გავგიჟდებიო... როგორც ვიცი, მისი ყოფილი ცოლი და შვილები ისრაელის მოქალაქეები არიან. მარიმ ისრაელის ჯარშიც კი იმსახურა. კახა ამ ტრაგედიამდე 2-3 დღით ადრე ვნახე, მანქანაში იწვა გასაცოდავებული, მაგრამ არ უთქვამს, შვილი რომ გარდაეცვალა.

უამრავ ტკივილიან წერილს წავაწყდი მარიამ ქისიშვილის და ირმა გაგლოშვილის "ფეისბუკის" გვერდზე. ოჯახის ახლობელი წერს: "სულ ერთად იყვნენ დედა-შვილი, მარი წუთით ვერ ძლებდა უდედოდ... ირმა ტიროდა, როგორ გავძლო მარის გარეშე, ჩემი მფარველი იყო, მანუგეშებელი და გვერდში მდგომიო. საწყალი გოგო წავიდა თუ არა იმ ქვეყნად, ირმა თითქოს დაუცველად გრძნობდა თავს. როგორ ვიცოცხლო მარიკას გარეშეო. არც დააცადეს საცოდავ ქალს შვილის გამოტირება"...

დედა-შვილი 13 თებერვალს დაკრძალეს.

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი მარიამი დედასთან და ძმასთან ერთად.

თეა ხურცილავა