"მდგომარეობა საგანგაშოა!.." - კვირის პალიტრა

"მდგომარეობა საგანგაშოა!.."

რას გვირჩევენ უცხოელი ექსპერტები

ბოლო დროს "კვირის პალიტრაში" არაერთი სტატია დაიწერა ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ. შსს-მ ახლახან საკუთარ ვებგვერდზე 2016 წლის პირველი თვის მონაცემებიც გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სად არის გამოსავალი?! როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს უაზრო მსხვერპლი?!

ეკა ლალიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე: - მდგომარეობა საგანგაშოა! 2016 წლის პირველი თვის მონაცემებით, 461 სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი, 2015 წლის იანვართან შედარებით, 17,86%-ით გაიზარდა, არადა, შარშანდელი მონაცემებიც იძლევა იმის საფუძველს, რომ განგაშის ზარები დავარისხოთ (2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულია 602, დაშავებულია 9187 ადამიანი). ამ მძიმე პრობლემის მოგვარება, უპირველესად, ხელისუფლების ვალია, მაგრამ საჭიროა სხვადასხვა სამინისტროს კოორდინაციული მოქმედება და თუნდაც ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც საგზაო შემთხვევებისას სიკვდილიანობის მაჩვენებელს 20%-ით მაინც შეამცირებს. მართალია, შსს-მ ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ცვლილებები, რასაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტი ითვალისწინებს - უკონტაქტო პატრულირება, ვიდეოკამერების რაოდენობის ზრდა, კანონდარღვევების მკაცრად ადმინისტრირება, მართვის მოწმობისთვის ქულების მინიჭება და სხვა - სიტუაციაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ყველაფრის ადმინისტრირება ეფექტიანად უნდა მოხდეს. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტები სხვა ღონისძიებების გატარებასაც გვირჩევენ...

- რა ღონისძიებები გაქვთ მხედველობაში?

- საგზაო შემთხვევები სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. ტრაგედიის მიზეზი შეიძლება იყოს ნასვამი მძღოლი, გადაჭარბებული სიჩქარე ან ქვეითის საქციელი. ამის თავიდან ასაცილებლად ეფექტიანი იქნება ტელევიზიებით პროპაგანდისტული, სოციალური ხასიათის სარეკლამო ვიდეორგოლების ჩვენება, რაც ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს, შედეგად კი მძღოლისა და ქვეითის ქცევა უკეთესობისკენ შეიცვლება.

ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც. ქვეითს ვერ მოვთხოვთ, არ დაარღვიოს მოძრაობის წესები, თუკი ძალიან შორს არის "ზებრა ზოლი", მიწისზედა ან მიწისქვეშა გადასასვლელი და ქვეითს იქამდე მისვლა არ შეუძლია... მძღოლსაც მაღალი სიჩქარით მოძრაობის საშუალებას, უპირველესად, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა აძლევდეს. მაგალითად, აპირებდნენ, ქალაქგარეთა ან საერთაშორისო გზებზე გაზრდილიყო სიჩქარის ლიმიტი (110 კმ/სთ-ის ნაცვლად 120 კმ/სთ გამხდარიყო), თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი მაღალი სიჩქარის განსავითარებლად სათანადო საგზაო ინფრასტრუქტურა არ გვაქვს. ასევე, მაღალია დასახლებულ ადგილებში (მაგალითად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც შედარებით ფართოა) განსაზღვრული სიჩქარის ლიმიტი (60 კმ/სთ). არ ისჯება მძღოლი, თუკი ის ამ ზღვარს 15 კმ/სთ-ით გადააჭარბებს, არადა, 75 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას შეიძლება კატასტროფული შედეგი მოჰყვეს.

ვიმედოვნებ, სიჩქარის ლიმიტი დედაქალაქში საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მეორე ეტაპზე მაინც შემცირდება.

როგორც აღვნიშნე, საგზაო უსაფრთხოებას მხოლოდ შსს ვერ უზრუნველყოფს, მან, შესაძლოა, კოორდინატორის ფუნქცია იკისროს. საგზაო ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელია როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე - ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროს როლიც, რომელიც ავტომობილების გამართულობაზეა პასუხისმგებელი (ავარიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გაუმართავი ავტომობილებია). შესაძლებელია, პრობლემის მოგვარებაში განათლების სამინისტროც ჩაერთოს. სკოლის მოსწავლეებთან ამ თემაზე საუბარი შედეგიანი იქნება.

მაშინ კი, როცა უკვე მომხდარია საგზაო შემთხვევა, დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ პირველად სამედიცინო დახმარებას, რაზეც პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება. ასე რომ, თუ გვინდა, შედეგს მივაღწიოთ და ავტოსაგზაო შემთხვევები მსხვერპლით არ დასრულდეს, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

- ამ მხრივ მსოფლიოში რა მდგომარეობაა?

- გაერომ ბოლო წლების საგანგაშო მაჩვენებლის გამო სასწრაფო ღონისძიებების გატარების დეკადა გამოაცხადა, რაც 2011 წლიდან 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს. შედეგად, საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ფატალური შედეგები 50%-ით შემცირდა. ასე რომ, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მსხვერპლის შემცირება შესაძლებელია...

სიკვდილიანობა გაიზარდა...

2015 წელს საგზაო შემთხვევებისას (საქართველოს მასშტაბით) 602 ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაშავდა. 1998 დაშავებული და 160 დაღუპული ქვეითი იყო, 28 დაღუპული და 912 დაშავებული კი - ბავშვი (0-იდან 16 წლამდე). საგზაო შემთხვევების საერთო რაოდენობიდან 3834 თბილისში დაფიქსირდა, რომლის დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 1305 დაშავდა.

2016 წლის პირველი თვის მონაცემით, 2015 წლის იანვართან შედარებით, სიკვდილიანობის სტატისტიკა 17,86%-ით არის გაზრდილი... სულ კი ერთი თვის განმავლობაში 461 სატრანსპორტო დანაშაული დაფიქსირდა.