"ეს არ ყოფილა რევანში" - რატომ გაათავისუფლეს მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან?! - კვირის პალიტრა

"ეს არ ყოფილა რევანში" - რატომ გაათავისუფლეს მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან?!

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ეს გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა ყველამ დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს 5 კითხვით მიმართა და კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო დღეს 17:00 საათამდე მისცა. კითხვები ეხებოდა რეალურად მოხდა თუ არა მამუკა ახვლედიანის მხრიდან საბჭოსგან დამოუკიდებლად საქმეების გადანაწილებებთან დაკავშირებით ბრძანების გაცემა. ადასტურებდა თუ არა ამ დარღვევას და უნდა ეცნობებინა თუ არა ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. აღნიშნული კითხვები მამუკა ახვლედიანს წერილობით გადაეგზავნა.

დღევანდელ სხდომაზე მიწვეული იყო მამუკა ახვლედიანი, თუმცა არ მივიდა. ახვლედიანმა გამოგზავნილ წერილში განმარტა, რომ ის იმყოფება ე.წ. ბიულეტენზე. მამუკა ახვლედიანი იუსტიციის საბჭოსთვის გამოგზავნილ წერილში მისი საკითხის განხილვას 26 თებერვლისთვის ითხოვდა. აღნიშნული გააპროტესტეს საბჭოს წევრებმა და განაცხადეს, რომ მან უკვე რამდენჯერმე თქვა უარი საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე და მიუღებელია, როდესაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ იმყოფება კომუნიკაციაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.

საბჭოს წევრების განცხადებით, მამუკა ახვლედიანი არაჯეროვნად ასრულებდა უფლებამოსილებას. კერძოდ, ახვლედიანმა 2015 წელს 64-ჯერ გადასცა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება მის მოადგილეებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, ახვლედიანის გათავისუფლების საფუძველი გახდა საქმის წარმოების პრობლემები, ანუ სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ახვლედიანის გაცემული ბრძანების შესაბამისად და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან კავშირში არ არის.

"მოწმეთა დაკითხვის ახალი წესთან დაკავშირებით, გარდაუვალი გახდა ბრძანების სახით, ყველა ნორმატიული აქტის გადახედვა, რომელიც სასამართლოში იყო შემოღებული. ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით.... აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს მხრიდან, ხმათა უმრავლესობით. საბჭომ ჩათვალა, რომ იმოქმედა პროცედურების დაცვით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება".

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ებანოიძე დაინიშნა. ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმდჯომარეა. გარდა ამისა, მამუკა ახვლედიანი გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც და ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ეკა არეშიძე დაინიშნა.

თანამდებობიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით