"ქალი ნაწამები იყო" - დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი შურისძიების მიზნით მოკლეს?! - კვირის პალიტრა

"ქალი ნაწამები იყო" - დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი შურისძიების მიზნით მოკლეს?!

"კარი შეამტვრიეს და ეს საშინელება ნახეს, - ქალი ძირს ეგდო, პატარა საძინებელში იყო გამომწვარი"

"ოთარმა და ნონამ კი შეძლეს ბინა რაღაცითვის დაემსგავსებინათ, ბავშვების გაზრდისთვის ნორმალური პირობები ჰქონოდათ"

22 თებერვალს, ზემო ფონიჭალაში საზარელი დანაშაული მოხდა - დედა-შვილი გაუგონარი სისასტიკით დახოცეს. 42 წლის ნონა რომანაძეს ყელი გამოჭრეს, მისი 3 წლის გოგონა კი დაწვეს. მოკლული ქალბატონი ახლობლებისა თუ მეზობლების დახასიათებით შესანიშნავი დედა და ადამიანი იყო.

მეხანძრეებმა, რომლებიც მეზობლებმა მას მერე, გამოიძახეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი დაინახეს, ქალი მისაღებში იპოვეს, ხოლო მცირეწლოვანი გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფრმაცია, რომ დანაშაული ძარცვის მიზეზით მოხდა და ბინიდან 7 000 ამერიკული დოლარი და დიდი ოდენობით ოქრო იყო წაღებული, თუმცა მოგვიანებით შსს- მ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მათი თქმით, ორმაგ მკვლელობაში ძარცვის მოტივი არ იკვეთება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, თანხა და ოქროულობა სახლში გამოსაჩენ ადგილას იყო განთავსებული და წაღებული არ არის.

მ.ო; გარდაცვლილის მეზობელი:

- მომხდარით შოკში ვართ ყველა, ნონასნაირი დედა და დიასახლისი სანთლითაა საძებარი. ქალს შინ 8 წლის გერი დახვდა და ისე შეიყვარა, ისე ამოუდგა მხარში, ამას ზოგჯერ საკუთარი დედაც ვერ ახერხებს. მერე თავადაც გაუჩნდა შვილი და ბავშვებს ერთმანეთისაგან არ არჩევდა. გერს სკოლაში ხშირად დაჰყვებოდა, ეკლესიაშიც ერთად დაჰყავდა ბავშვები. და-ძმასაც გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი.

ეს პატარა ბიჭი მომხდარს როგორ გადაიტანს, არ ვიცი. სკოლიდან დაბრუნდა და სახლი - დამწვარი, და და ნინო კი დახოცილები დახვდნენ. ეს შოკისმომგვრელი უბედურება, სადღაც 12 საათზეა მომხდარი, - მეზობლებმა დაახლოებით პირველ საათზე შენიშნეს ბინიდან გამოსული ბოლი და სახანძრო გამოიძახეს. კარი შეამტვრიეს და ეს საშინელება ნახეს, - ქალი ძირს ეგდო, პატარა საძინებელში იყო გამომწვარი.

- თავდაპირველად ითქვა, რომ დედა-შვილი ძარცვის მიზნით დახოცეს, თუმცა შემდეგ შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო…

- კი, თავდაპირველად ქმარს - ოთარ მამფორიას უთქვამს, შინ 7000 დოლარი და ოქროულობა გვქონდაო, თუმცა ის შემდეგ ხელუხლებელი ნახეს თურმე.

ოთარ მამფორია მონურად, დღედაღამ მუშაობდა მანქანების სამრეცხაოზე და ყველაფერს იკლებდნენ, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინათ. ჩვენს კორპუსს "არაშენდა" იმიტომაც ჰქვია, რომ ბოლომდე აშენებული არ იყო, როცა ხალხი შესახლდა და ბევრს დღესაც ბინა საკუთარ სახელზე არ აქვთ დარეგისტრირებული. უმეტესობა საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, ზოგ სადარბაზოში კიბის მოაჯირები და ლიფტიც კი არ არის;

ოთარმა და ნონამ კი შეძლეს ბინა რაღაცისთვის დაემსგავსებინათ, ბავშვების გაზრდისთვის ნორმალური პირობები ჰქონოდათ.

თავიდან ყველამ ვიფიქრეთ, რომ ვიღაც ნაძირლებმა ეს დაინახეს და ყაჩაღობა გადაწყვიტეს, მაგრამ ახლა ყველა ძალიან დაბნეულია. ითქვა, რომ დანაშაული შესაძლოა შურისძიების გამო იყოს ჩადენილი, მაგრამ ვის რა დაუშავა საწყალმა ქალმა, რომელმაც აქაურებს თავი მხოლოდ სიკეთით დაგვამახსოვრა, ასეთი რამ როგორ დამართეს?!

ქალი და ბავშვი ბინიდან გამოასვენეს და კინაღამ ჩვენც იქვე დავიხოცეთ, - ზეწრის ქვეშაც ჩანდა, რომ ნინო შიშველი და აშკარად ნაწამები იყო, ცალი მუხლი დასისხლიანებული ჰქონდა; არ ვიცი, ამის ჩამდენი სიკვდილით არ უნდა დაისაჯოს?!

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი დანაშაულის ძიება 109 -ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: "ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო? - რას ამბობს ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლე