შურისძიება 5 თვის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

შურისძიება 5 თვის შემდეგ?!

"ბუკამ დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა იმ ავბედით დღეს საბურთალოს სასაფლაოზე"

ეკა მიშველაძე: "ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდეც ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა"

ბუკა წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს დავარდნილა. თავდამსხმელს უთქვამს, ხელი მომაშორე, თორემ უარესი დაგემართებაო. ამ დროს ჩაქუჩი მეორე ხელში გადაუტანია და თავში ჩაურტყამს... კაპიუშონიანს კი ტყვიები დაუხლია

26 თებერვალს საბურთალოს "საძმოს" სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავთან "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დაჭრეს. მძიმე ოპერაციის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, მას სამი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული - ორი ტყვია ქვემო კიდურებში მოხვდა, ერთი კი თირკმლის მიდამოებში, რომლის ამოღებისგანაც ექიმებმა თავი შეიკავეს. რა მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე, ამის შესახებ გვიყვება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე, რომელმაც ინფორმაცია ალექსი პეტრიაშვილისგან მიიღო:

- როგორც კი ბუკა გონზე მოვიდა, ოჯახის წევრების შემდეგ მის სანახავად მეც შევედი. ვერ აღგიწერთ, რა მძიმე სანახავი იყო. ჩემი თხოვნით, მან დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა იმ ავბედით დღეს საბურთალოს სასაფლაოზე... 26 თებერვალს ლევან მიქელაძის დაბადების დღე იყო. როგორც ჩანს, მკვლელობის დამკვეთმა კარგად იცოდა, რომ ჩვენი პარტიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს ბუკა ლევანის საფლავზე აუცილებლად მივიდოდა. იქ მისულს ლევან მიქელაძის კიდევ სამი მეგობარი დახვდა, მათ შორის, კახა საკანდელიძე და ზურა ლომაშვილი. მესამე მეგობრის სახელი არ მახსოვს. ბუკას სანთელი დაუნთია და შემდეგ მეგობრებთან დაუწყია საუბარი...

ამ დროს ვიღაც მიეპარა და ჩაქუჩი ჩაარტყა. ბუკა არ წაქცეულა, მოტრიალებულა და თავდამსხმელის ჩაქუჩიანი ხელი დაუჭერია. როგორც ბუკა იხსენებს, მას ორი პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი იყო ძალიან მაღალი, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა და ქუდი ეფარა, მეორეს კი, შედარებით მომცრო ტანისას, ნიღაბი ეკეთა და კაპიუშონი ეხურა... იმ მაღალს, რომელსაც ჩაქუჩი ეჭირა, ბუკა წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს დავარდნილა. თავდამსხმელს უთქვამს, ხელი მომაშორე, თორემ უარესი დაგემართებაო. ამ დროს ჩაქუჩი მეორე ხელში გადაუტანია და თავში ჩაურტყამს. ბეწვზე გადავრჩით - ჰემატომა ზუსტად საფეთქელთან აქვს.

მეორე კი, შედარებით მომცრო ტანის, ბუკას მეგობრებს იარაღს უღერებდა - არ ჩაერიოთო. მას ხელში ბეისბოლის ჯოხიც სჭერია.

როდესაც ამ მაღალმა წაქცეულ ბუკას თავში ჩაქუჩი კიდევ ერთხელ ჩაარტყა, იმ მეორეს ტყვიები დაუხლია. ამ დროს ბუკას კახა საკანდელიძე გადაჰფარებია, მასაც დაადეს იარაღი და უთქვამთ, შენ არაფერს გერჩით და ნუ ერევიო... სროლის შემდეგ თურმე ისევ გამეტებით ურტყამდნენ წაქცეულ ბუკას. როგორც ჩანს, ხმაურმა მოსახლეობამდეც მიაღწია. ერთ ქალს უყვირია, 112-ში უკვე დავრეკე და პოლიცია მოდისო. მაშინვე გაქცეულან, როგორც ამბობენ, ახლოს მანქანა არავის შეუმჩნევია, ალბათ, უმანქანოდ იყვნენ.

მსგავსი ფაქტები მხოლოდ რუსეთში ხდება, ჩვენ კი ეს 90-იან წლებში გავიარეთ. ხელისუფლებამ დროულად უნდა დააკავოს შემსრულებლები. თუ დანაშაულს ვერ გახსნიან, მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

- თქვენ ზემოთ შეკვეთილი მკვლელობა ახსენეთ. ალბათ, გაჩნდება კითხვა, თუ პეტრიაშვილის მოკვლა სურდათ, რატომ ესროლეს ქვედა კიდურებში ან მუცელში?

- როგორც ამბობენ, მუცელში სროლით ადამიანს ტანჯვით სიკვდილისთვის იმეტებენ. ჯერჯერობით, ბუკასთან გამომძიებლები არ შესულან, რადგან სუსტადაა და დაკითხვა არ შეიძლება. რაც შეეხება ვერსიებს, ეს მხოლოდ სპეკულაციებია. მით უმეტეს, ჩვენ ვერსიებზე საერთოდ არ გვისაუბრია და საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე მოთმინებისკენ მოვუწოდეთ. თუმცა ის, რომ დღისით, მზისით, ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს დემონსტრაციულად და ცინიკურად ესხმიან თავს, ქვეყანაში პოლიტიკურ კლიმატსა და კრიმინოგენულ ვითარებაზე ცალსახად მიანიშნებს.

შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ჩაქუჩი, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის იარაღია

ჩვენი გაღიზიანება უმრავლესობის წევრების მინიშნებებმაც გამოიწვია. თურმე ფეხებში სროლა ტრადიციების მაჩვენებელია. იქნებ ბატონმა ნუკრი ქანთარიამ განგვიმარტოს, რა ტრადიციებზე საუბრობს, რადგან ასეთს ჩვენ არ ვიცნობთ და ამ მენტალიტეტით არც გვიცხოვრია. რა ტრადიციებს გვიმკვიდრებენ უმრავლესობის წევრები? რაც უნდა პირადი მოტივი ყოფილიყო, თავდასხმა თუნდაც ყოფით ნიადაგზე დაუშვებელია. ან რატომ აწვდიან ეს ადამიანები საზოგადოებას მზა რეცეპტს და საიდან იციან, რომ პირად ანგარიშსწორებასთან გვაქვს საქმე?

- თქვენ მიიჩნევთ, რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივით მოხდა?

- იქნებ პირადი მოტივების უკან პოლიტიკური ბერკეტებია? საერთოდ, გახმაურებული მკვლელობა პირადი მოტივებით იფუთება ხოლმე.

- რას გულისხმობთ?

- არ დავაკონკრეტებ... არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ვამბობ, რომ უმრავლესობის წევრებისგან პირად მოტივებზე საუბარი სირცხვილია. ჩვენი პარტიის წევრებს წარმოდგენა არა გვაქვს, რა მოხდა და, ჯერჯერობით, არც ეჭვებზე ვისაუბრებთ... ამაზე მხოლოდ ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც კვალის არევას ცდილობენ. იმედია, საქმე მალე გაიხსნება და როგორც შემსრულებლები, დამკვეთებიც კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ქვეყანაში სრული განუკითხაობის დადასტურებად აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც:

"ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში არსებულ სრულ განუკითხაობაზე მიუთითებს, თანაც, ეს ფაქტი ჩვენს პარტიაზე თავდასხმაა. ამასთან, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანს ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე ცეცხლსასროლი იარაღით სამ ჭრილობას აყენებენ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მოქალაქე დაუცველია. წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, რადგან იმედია, გამოძიებას ესმის, რამდენად სერიოზულად დგას საკითხი და სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებსაც და შემკვეთებსაც".

ვის ასახელებენ შემკვეთად პეტრიაშვილის ახლობლები

ალექსი პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის ახლობლები, რომლებმაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს, მომხდარის შესახებ მთავარ ვერსიად მაინც პირად შურისძიებას განიხილავენ. მათი თქმით, სანამ ალექსი პეტრიაშვილს გაიცნობდა, ეკა მიშველაძეს რომანი ჰქონდა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან (რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რასაც ჟურნალისტი თავის დროზე არც მალავდა. როდესაც ამ ბიზნესმენმა მიშველაძისა და პეტრიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ძალზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და პოლიტიკოსს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. ახლობლების თქმით, პეტრიაშვილს და ამ ბიზნესმენს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და სწორედ მათი მონაწილეობით "საქმე გაირჩა", იყო ძალზე მწვავე საუბრები, რის შესახებაც თბილისში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის. ამ შეხვედრის შემდეგ თითქოს კონფლიქტი ამოიწურა, 2015 წლის ოქტომბერში პეტრიაშვილი და მიშველაძე დაქორწინდნენ, მაგრამ... პეტრიაშვილის ახლობლებს უჭირთ დაკონკრეტება, რა მოხდა წყვილის ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ - მიშველაძის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვინმემ წააქეზა, მისი პროვოცირება მოახდინა თუ მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფა ბოლომდე ვერ "მოინელა" და პეტრიაშვილის დასჯა მაინც გადაწყვიტა... თუმცა, დაველოდოთ და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, თუმცა პეტრიაშვილის ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ კვალი სწორედ ზემოხსენებული ბიზნესმენისკენ მიდის.

"იმედი მაქვს, ის ნაძირალა სათანადოდ დაისჯება"

ეკა მიშველაძე: "გამომძიებლებს ყველა დეტალი აინტერესებდათ და როგორც შემეძლო, ყველა კითხვას ვუპასუხე. მათ ისიც მკითხეს, თავად ხომ არა მაქვს ვერსია ან ვინმეზე ხომ არ ვეჭვობ. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ძნელია ასეთ ვითარებაში ვინმეს ხელი დაადო. ამაზრზენი და სასტიკი რამ მოხდა და იმედი მაქვს, ის ნაძირალა, ვინც ბუკა სასიკვდილოდ გაიმეტა, სათანადოდ დაისჯება. ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდეც ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა".

რუსუდან შელია