"მალაიზიური საგა" დასასრულს უახლოვდება - კვირის პალიტრა

"მალაიზიური საგა" დასასრულს უახლოვდება

"ბაბუცას ჩამოსვლა ტელევიზიით გავიგეთ და ჯერჯერობით არც მას დაურეკავს, არადა, უამრავი რამ მინდა ვკითხო დედაზე"

"დედა ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს დარეკვას, ოღონდ მხოლოდ ჩვენს ამბებს კითხულობს, ცუდად რომც იყოს, არ იტყვის... ჩვენი ხმის გაგონება ამშვიდებს და ამბობს, რომ ამით ბედნიერია..."

"მალაიზიაში კანონი იმიტომ არსებობს, რომ ის ყველამ უნდა დაიცვას".

მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ნუ დაუჯერებთ, რასაც სტამბოლში ამბობენ, მე არ ვარ დამნაშავე და თუ საშუალება მექნება, დავამტკიცებ კიდეც".

გიორგი (ელდარ) დავითიანი (ბაბუცა გორდაძის მეუღლე).

2010 წლის 1-ლი ნოემბერი

"მათი დაკავებიდან ორი წლის განმავლობაში არ შეგვიწყვეტია მცდელობა, დაგვერწმუნებინა მალაიზიის სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოეყენებინა მაქსიმალურად ჰუმანური და მსუბუქი სასჯელი".

დავით საყვარელიძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე2012 წლის 31 მარტი

დარეჯან კოხტაშვილი ქალიშვილებთან ერთად

28 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდა კოტაკინაბალუს ტუსაღი ბაბუცა გორდაძე და ამით თითქოს "მალაიზიური საგაც" დასასრულს მიუახლოვდა. თუმცა, კაჯანგის ციხეში რჩება კიდევ ერთი ქართველი პატიმარი დარეჯან კოხტაშვილი, რომელიც საქართველოში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაბრუნდება...

გორდაძის საქართველოში ჩამოსვლამ საზოგადოებას უკვე მერამდენედ გაუღვივა ინტერესი მალაიზიის 2010 წლის ოქტომბრის ხმაურიან საქმეზე, რომლის მთავარი გმირები, ყველასთვის მოულოდნელად, ქართველი ქალები აღმოჩნდნენ...

სამშობლოში დაბრუნებული ბაბუცა გორდაძე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მედიასთან სატუსაღოში გატარებული წლების გახსენებას ჯერჯერობით თავს არიდებს, ამიტომ საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია, რა მოხდა სინამდვილეში მალაიზიაში - ქართველი ქალები დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი არიან თუ თანამზრახველები...

დარეჯან კოხტაშვილს შინ უკვე გაზრდილი ქალიშვილები და პატარა შვილიშვილები ელოდებიან. "კვირის პალიტრამ" შეძლო დარეჯანის ქალიშვილთან გასაუბრება.

მარი კოხტაშვილი, დარეჯანის ქალიშვილი: - ბებოს ღამეები არ სძინავს ნერვიულობით, ერთი სული აქვს, როდის ნახავს შვილს... ზუსტად არ ვიცით, როდის გამოუშვებენ დედას, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ცოტა დარჩა...

სიკვდილით რომ აღარ დასჯიდნენ, ეს დაკავებიდან ორი წლის შემდეგ გავიგეთ. თითქოს არც გვჯეროდა. მისი დაკავების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დედაზე ვიყავით მიჯაჭვულები. თან უმწეობის განცდა გვკლავდა, რომ ვერაფრით ვეხმარებოდით. მაშინ ხალხის განწყობა სხვადასხვაგვარი იყო, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, მაგრამ ერთი კი ვიცოდით - არც ერთი დედა არ გარისკავდა ასეთ საქმეზე წასვლას, მით უმეტეს, დედაჩემი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, დედაზე ცუდს ხომ არ იტყვისო, მაგრამ ის ხალხი, ვინც დარეჯანს იცნობს, დამეთანხმება... იმ რთულ პერიოდში ბებია, მეგობრები და მამა დაგვიდგნენ გვერდში, ახლაც ერთად ველოდებით მის დაბრუნებას. ელდარ დავითიანი მას მერე არ შეგვხმიანებია, შემოდგომაზე გავიგეთ, რომ ციხიდან გათავისუფლებულა. ბაბუცას ჩამოსვლაც ტელევიზიით გავიგეთ, ჯერჯერობით არც მას დაურეკავს, არადა, უამრავი რამ მინდა ვკითხო დედაზე....

დედაზე ამბებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიგებთ და მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია...

თვითონ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს დარეკვას, ოღონდ მხოლოდ ჩვენს ამბებს კითხულობს, ცუდად რომც იყოს, არ იტყვის... ჩვენი ხმის გაგონება ამშვიდებს და ამბობს, რომ ამით ბედნიერია... ბოლოს ერთ თვის წინ ველაპარაკეთ, სულ რამდენიმე წუთით...

როცა ჩამოვა, ვიცი, ყველაფერს მოგვიყვება და სიმართლეს აუცილებლად გავიგებთ.

ქართველი ქალები სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ

2010 წლის 29 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ გამოავლინეს საშიშ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეტანას ცდილობდა. სპეცოპერაცია ერთდროულად ორ ქალაქში ჩატარდა, ამოიღეს 12 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბები და დააკავეს ჯგუფის ორი წევრი - საქართველოს მოქალაქეები: 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი და 26 წლის ბაბუცა გორდაძე.

დარეჯან კოხტაშვილი ქალაქ მერგენტალის აეროპორტში დააკავეს. გამოფენაზე ჩასულ მხატვარს აეროპორტში მებაჟეების ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა, საეჭვოდ გამოიყურებოდა მისი ნახატი, რომლის ჩარჩო, რატომღაც, ძალიან მძიმე იყო, შემოწმებისას ჩარჩოდან 6 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბები ამოიღეს. ცოტა მოგვიანებით კი სამართალდამცავებმა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავებულ ბაბუცა გორდაძეს მიაკითხეს, რომლის ნახატის ჩარჩოშიც 5 კგ-ზე მეტი აბი აღმოჩნდა. ამოღებული ნარკოტიკის საერთო ღირებულება 3 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. მალაიზიური კანონების თანახმად, დაკავებულებს ემუქრებოდათ სიკვდილით დასჯა - ჩამოხრჩობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

ამ ამბავმა საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორ მოხვდნენ ქართველი ქალები მალაიზიაში და იცოდნენ თუ არა მათ ნარკოტიკული ტვირთის შესახებ, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ "ბარიგები" საკადრისად უნდა დაისაჯონ, მეორენი კი ქართველი ქალების ამ საქმეში მონაწილეობას ეჭვის თვალით უყურებდნენ და ხელისუფლებას ვითარებაში გარკვევას სთხოვდნენ...

მოულოდნელად ბაბუცა გორდაძის ოჯახმა მომხდარში დაადანაშაულა ბაბუცას მეუღლე - ელდარ (გიორგი) დავითიანი და შს სამინისტროს მისი მოძებნა მოსთხოვა (სწორედ დავითიანმა წაიყვანა ცოლი და მისი მეგობარი დარეჯან კოხტაშვილი თურქეთში, ჯინსის ფაბრიკაში სამუშაოდ. ადრე ისინი თბილისში ერთად მუშაობდნენ მაღაზიაში... დარეჯან კოხტაშვილის ოჯახის წევრები იხსენებდნენ, რომ მანამდე გიორგი მალაიზიაში ჩავიდა, საიდანაც დარეკა და ბაბუცას ელაპარაკა).

კოტაკინაბალუს სასამართლოში დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალად ნარკოტრაფიკი წარედგინა, რაც, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. ამ მუხლით გაასამართლეს ბაბუცა გორდაძეც...

6 ნოემბერს ელდარ დავითიანი თავად გამოცხადდა პოლიციაში, სადაც 11-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს კიდეც. გავრცელებული ვერსიით, დავითიანი დანაშაულს თავის თავზე იღებდა და აცხადებდა: გოგოებს სტამბოლის აეროპორტში შეფუთული ნახატები გადავეცი და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, შიგ რა იყოო... ამით ის შს სამინისტროს მიუთითებდა, მიემართა მალაიზიელი კოლეგებისთვის - ნამდვილი დამნაშავე დავაკავე, პასუხსაც მთელი სიმკაცრით ვაგებინებ, თქვენ კი ქალები გამოუშვითო. მეტი დამაჯერებლობისთვის დავითიანს 2011 წლის 18 თებერვალს სასამართლომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის 31 მარტს კი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ ჯაკარტაში მალაიზიელ კოლეგებთან მცირეხნიანი საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე მალაიზიაში დავითიანის ჩვენებას გაგზავნიდა, პარალელურად კი ცნობილი გახდებოდა ექსპერტიზის შედეგები ჩარჩოებზე დატოვებული თითის ანაბეჭდების შესახებ... მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა - დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის ადვოკატები (ჯაგდიჰ სინგ ნეოფი და რონი ჩამი) კლიენტებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდნენ, მათ თარჯიმანი არ ჰყავდათ(?!); მეტიც, 2011 წლის 26 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მცდელობა, შემდგარიყო მალაიზიელ კოლეგებთან რაიმე შეთანხმება, უშედეგო აღმოჩნდა... ეს კი ნიშნავდა, რომ დაკავებულთა ოჯახის წევრებს სახელმწიფოს დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ... თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ (2012 წლის 31 მარტს) დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავთა კოორდინირებული მუშაობით, დარეჯან კოხტაშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა და 2016 წლამდე დარჩებოდა ციხეში). ანალოგიური შეთანხმება შედგა ბაბუცა გორდაძის საქმეზეც... ქართველი ქალები სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ და მალე ეს ამბავიც ყველამ მიივიწყა.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი მთავრობა კვლავ დაინტერესდა მალაიზიელი ტუსაღების ბედით და იქ ვიზიტად მყოფმა პარლამენტის წევრებმა ქართველი ქალები ციხეებში მოინახულეს...