თავდამსხმელი პეტრიაშვილმა იცნო?! - ვინ არის ლევან მექვაბიშვილი?! - კვირის პალიტრა

თავდამსხმელი პეტრიაშვილმა იცნო?! - ვინ არის ლევან მექვაბიშვილი?!

გავრცელებული ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ლევან მექვაბიშვილია.

სამართალდამცველებმა მექვაბიშვილი ბორჯომში, სპეცოპერაციის შედეგად 6 მარტს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე დააკავეს. "დილის 06:00 საათი იქნებოდა, მოვიდა სპეცრაზმი. არ ვიცი რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ, სახლს აკონტროლებდნენ. ამოვიდნენ და გვკითხეს ერთი პიროვნების გვარი, რომელიც აქ ქირით ცხოვრობს. როგორც შემდეგ გავიგე, ამ პიროვნებასთან იყო ჩამოსული სტუმრად მეგობრის შვილი, რომელსაც რაღაც დანაშაული ჰქონია ჩადენილი. სამართალდამცველებმა ეს ადამიანი წაიყვანეს. მეტი არაფერი ვიცით", - განაცხადა სპეცოპერაციის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ვინ არის ლევან მექვაბიშვილი და რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მას პოლიტიკოსთან?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის არქივში იძებნება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2011 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა, მათ შორის 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი, რომელიც, როგორც ამ ოფიციალური ინფორმაციდან ირკვევა, წარსულში უკვე იყო ნასამართლევი. სპეციალურ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დაკავებისას ბრალდებულების ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სანადირო თოფი, ცეცხლსაროლი იარაღი და სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, რისი მეშვეობითაც აღნიშნული პირები ძარცვავდნენ ქალაქ თბილისში მდებარე ლომბარდებსა და სავალუტო ჯიხურებს.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი მარინა ფილაური თავდასხმის ყოფით მოტივზე ლაპარაკობს. როგორც ფილაურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ლევან მექვაბიშვილს ალექსი პეტრიაშვილთან მოკლეხნიანი შეხება ჰქონდა და მათ შორის იყო "პატარა უთანხმოებაც". "შეიძლება ორ ადამიანს შორის ქუჩაში მოხდეს ასეთი შელაპარაკება. მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ფილაურმა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პეტრიაშვილმა იცნო.

მეზობლების თქმით, ლევან მექვაბიშვილი მეუღლესთან გაშორებულია და ერთი შვილი ჰყავს.

ალექსი პეტრიაშვილის მეუღლის ეკა მიშველაძის თქმით, საქმე დასრულებულად ვერ მიიჩნევა მანამ, ვიდრე არ დააკავებენ კიდევ ერთ თავდამსხმელს. "თუ ამ დანაშულს ჰყავს შემკვეთი, რა თქმა უნდა, ისიც უნდა დააკავონ", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- ჩემი შეფასებით, თავდასხმას ალექსი პეტრიაშვილზე აშკარად შეკვეთილი დანაშაულის ნიშნები აქვს, როდესაც ვიღაცის მითითებით სწორედ ის იყო სამიზნე. ეს ფაქტი შეურაცხყოფს სახელმწიფოს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო დამკვეთი, ვინ - შემსრულებელი ან რა იყო თავდასხმის მოტივი... არაფრით არ შეიძლება ეს შერჩეს ან ჩამფიქრებელს, ან კიდევ შემსრულებელს. იმედია, საქმეს დროულად მიიყვანენ ბოლომდე, ოღონდ ისე, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც.

თუ, ბოლოს და ბოლოს, მკაცრად არ დაისაჯა შემკვეთი, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენში განგსტერები კიდევ უფრო მომრავლდნენ. მიხარია, რომ ბატონი ალექსი გადარჩა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს საკუთარი შვილის საფლავზე სისასტიკით აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, შემსრულებელი კი გამოვლინდა და დაისაჯა, მაგრამ სამართალდამცავი სტრუქტურები შემკვეთზე აღარ ლაპარაკობენ.

იგივე მოხდა ბესიკ ხარძიანის შემთხვევაშიც, როდესაც პროკურატურა მხოლოდ იმიტომ შეგვიძლია შევაქოთ, რომ პროფესიონალურად იმუშავა და გამოავლინა მკვლელობის შემსრულებლები, თუმცა დამკვეთზე არაფერი ვიცით და ვერსიები მხოლოდ ჭორად ვრცელდება. ეს როგორმე უნდა დასრულდეს ქვეყანაში, თორემ უარესი მოხდება.

იხილეთ ასევე: "ის ჩემ ცხოვრებაში პირველი და დაუვიწყარი მამაკაცია" - პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია