"ის ჩემ ცხოვრებაში პირველი და დაუვიწყარი მამაკაცია" - პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია - კვირის პალიტრა

"ის ჩემ ცხოვრებაში პირველი და დაუვიწყარი მამაკაცია" - პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია

"ლევანი ერთგული მეგობარი და ნამდვილი ვაჟკაცია"

"ის მხოლოდ ერთხელ იყო ნასამართლევი 2011 წელს"

იუნა შაფათავას განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" წევრზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ლევან მექვაბიშვილი მისი ყოფილი ქმარია. როგორც შაფათავა ამბობს, ქმართან კონტაქტი დაშორების მერე არ ჰქონია, თუმცა მექვაბიშვილს, ახასიათებს როგორც კარგ პიროვნებას და წარმატებულ სპორტსმენს.

იუნა შაფათავა:

- ჟურნალისტებმა მოქექეს ეს ამბავი და ვადასტურებ, რომ ლევან მექვაბიშვილი ჩემი ყოფილი ქმარია. დაშორების მერე მასთან არანაირი ურთირთობა არ მქონია. მე და ლევანი  2008 წლის 30 იანვარს დავშორდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ჩვენი დაშორება ჩვენი პირადი საქმეა. ის ჩემ ცხოვრებაში პირველი და დაუვიწყარი მამაკაცია. ასევე კარგი სპორტსმენია, მოკრივე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი. ლევანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით კრივში მსოფლიო ჩემპიონატში, არაერთგზის მიიღო მონაწილეობა. ლევანი ერთგული მეგობარი და ნამდვილი ვაჟკაცია.

- ახლა თუ ჰყავს ცოლი, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ რა იცით?

- არ ვიცი, დაშორების შემდეგ კონტაქტი არ მქონია.

- როგორც ცნობილია ორჯერ ნასამართლევია, რა საქმეებზე ხომ არ იცით?

- ორჯერ არა, ლევანი მხოლოდ ერთხელ იყო ნასამართლევი 2011 წელს. ჩვენი განქორწინების შემდეგ, იმ საქმის დეტალებიც არ ვიცი.

- თქვენი აზრით რატომ დაჭრა მექვაბიშვილმა პეტრიაშვილი?

- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მთავარია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია და იმედია, სასამართლო ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ლევან მექვაბიშვილი სამართალდამცველებმა ბორჯომში, სპეცოპერაციის შედეგად 6 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებად სპატიმრობა უკვე შეეფარდა.

იხილეთ ასევე: თავდამსხმელი პეტრიაშვილმა იცნო?! - ვინ არის ლევან მექვაბიშვილი?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)