"ჩემი გოგოს დაკარგვის შემდეგ ტაქსის მძღოლიც გაქრა" - დაკარგულები... - კვირის პალიტრა

"ჩემი გოგოს დაკარგვის შემდეგ ტაქსის მძღოლიც გაქრა" - დაკარგულები...

დღეს საქართველოში არაერთი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან.

ბოლო 5 წელიწადში საქართველოში თითქმის 700 კაცი გაუჩინარდა, ნაწილი გარდაცვლილი იპოვეს, ბევრის კვალს კი ვერ მიაგნეს. დაკარგულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

საგანგაშოა საომარი მოქმედებების დროს დაკარგულთა რიცხვიც - ექსპერტთა მტკიცებით, საომარი მოქმედებების დროს საქართველოში უგზო-უკვლოდ 2000-მდე კაცი დაიკარგა.

თითქმის ორი თვეა, ლაგოდეხელები 3 ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ. ისინი სოფელ მსხალგორში ცხოვრობდნენ. მონადირეები მდინარე კაბალისხევის ტერიტორიაზე წავიდნენ, თუმცა დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბიჭებმა ერთმანეთი დაკარგეს, იქიდან გამოღწევა მხოლოდ ერთმა შეძლო. ამბობს, რომ კვალი დაკარგა და ვერსად იპოვა მეგობრები. მოსახლეობა ფეხზე დადგა, სამაშველო სამსახურებიც ჩაერთნენ, შს მინისტრის მოადგილეებიც კი შეხვდნენ დაკარგული მონადირეების ოჯახის წევრებს და დაჰპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ მათ საპოვნელად. დიდხანს გრძელდებოდა სამძებრო სამუშაოები, მაგრამ უშედეგოდ...

დაკარგულად ითვლება, თუ...

კანონით, პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე არ გამოჩენილა.

სასამართლო გარდაცვლილად ცნობს პირს, თუ არ მოიპოვება ცნობები 5 წლის მანძილზე მისი ადგილსამყოფლის შესახებ. გამონაკლისია შემთხვევა, თუკი პირი ისეთ გარემოებაში დაიკარგა, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ან უბედური შემთხვევისას გაუჩინარდა. ალბათ, კანონის ეს მუხლი გავრცელდება 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგულ ორ ახალგაზრდაზეც. თუ სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარი მოქმედებების დროს, გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს საომარი მოქმედებების დასრულებიდან 2 წლის შემდეგ.

ოთარ ლაზაშვილი "დარწმუნებული ვარ, იმ დღეს იქ რაღაც მოხდა"

სამი წელია, რაც ოთარ ლაზაშვილის ოჯახმა მოსვენება დაკარგა. ოთარი მწყემსი იყო და ცხვრები მთაში წაიყვანა.

ციცო ლაზაშვილი, დაკარგულის დედა: "ლამის შევიშალე, შვილს ვერ ვპოულობ. მისი ოცნება იყო, ბევრი საქონელი ჰყოლოდა. საჭმელს არ შეჭამდა, ტანსაცმელს არ იყიდდა, ფულს აგროვებდა და იმ ფულით ხან კვიცს ყიდულობდა, ხან ხბოს, ხან ცხვარს. ასე მოამრავლა საქონელი.

ზაფხულში ცხვრები მთაში დაჰყავდა, მაგრამ ის მთა, სადაც შვილი დამეკარგა, უცხო იყო მისთვის, იქ პირველად წავიდა. 10 დღე გზაში იარა. ბოლოს დუშეთის მთებში, ბარისახოსთან დაბანაკდა. მასთან ერთად ორი თანასოფლელი ბიჭი იყო, უბრალოდ ერთმანეთს იცნობდნენ, მეგობრები არ ყოფილან. იმათ დაკითხვას დღემდე ვითხოვ, მაგრამ საშველი არ არის. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს იქ რაღაც მოხდა. ვერ გავიგე, ცამ ჩაყლაპა ჩემი შვილი? ნემსი იყო და გაქრა? გამწარებული დედა მთებში დავდივარ და ვცდილობ, მის კვალს მივაგნო."

ვასიკო წიკალური "სანამ შვილს არ ვიპოვი, ვერ მოვისვენებ"

დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები თამაზ წიკლაური უკვე მეექვსე წელია შვილს უშედეგოდ ეძებს.

თამაზ წიკლაური: "ვასიკო 15 წლის იყო, რომ დაიკარგა. 2010 წლის 26 სექტემბერს თანაკლასელთან ერთად ტყეში წავიდა. ის ბიჭი უკან დაბრუნდა, ჩემი შვილი კი გაქრა. მაძებარი ძაღლი ჰყავდა წაყვანილი ვასიკოს. ის ბიჭი ამბობს, ვასიკომ მითხრა, ძაღლს გავასეირნებ, შენ წადი და 2 საათში მომაკითხეო... ვფიქრობ, მან იცის სიმართლე, მაგრამ არ ამბობს. ეტყობა, ვიღაცამ გააყვანინა ჩემი შვილი. 15 წლის ბავშვს მტერი არ ეყოლებოდა, არც ჩვენ ჩაგვიდენია რაიმე დანაშაული, რომ ვინმეს ასე გავემწარებინეთ. ვასიკო ძალიან ალალი ბიჭი იყო, სპორტსმენი, ფიზიკურად ძლიერი, კარგად სწავლობდა, კონფლიქტურიც არ იყო. რომ მოეკლათ, მკვდარი მაინც ხომ უნდა გვეპოვა? ჩვენგან აზერბაიჯანის საზღვარი 5-6 კილომეტრშია. შეიძლება ვიღაცამ იქიდან გაიყვანა. ძალიან მძიმეა გაურკვევლობაში ყოფნა. დრო გადის, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს, უნდა ვიპოვო ჩემი შვილი, სხვაგვარად ვერ მოვისვენებ."

"ჩემი გოგოს დაკარგვის შემდეგ ტაქსის მძღოლიც გაქრა"

ერთი წელია ეძებენ ახალციხეში მცხოვრებ 37 წლის ანაიდა ოგანესიანს. დაკარგულის დედა, მარეტა ოგანესიანი ამბობს, რომ ანაიდა 2015 წლის 18 მარტს დაიკარგა. ახალგაზრდა ქალი ახალციხეში მაღაზიაში მუშაობდა, შინ დაბრუნება რომ დააგვიანდა, დედამ დაურეკა, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო. დედამ პოლიციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ანაიდას ორი შვილი ჰყავს. ბოლოს ის ბიძის სახლში ნახეს, იქიდან გამოსული ტაქსიში ჩაჯდა და მას მერე კვალი გაქრა. პასპორტი სახლში აქვს, ამიტომ დედა მისი ქვეყნიდან გასვლას გამორიცხავს.

მარეტა ოგანესიანი: "ჩემი შვილი არც მკვდარი ჩანს, არც ცოცხალი. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ რაბათის ქუჩის აღმართზე დატოვა და მას მერე არაფერი იცის. არ მჯერა. ჩემი გოგო 18 მარტს დაიკარგა და მარტის ბოლოს ის ტაქსის მძღოლიც გაქრა ახალციხიდან, ამბობენ, რუსეთში წავიდაო. ახლახან დავურეკე გამომძიებელს. ვკითხე, რა ქენით-მეთქი, მითხრა, პოლიციაში აღარ ვმუშაობო. ეს არის პასუხი? ამდენი კამერაა ქალაქში, ვითხოვდით გაეშიფრათ. ესეც არ გააკეთეს, ნუ მასწავლი, როგორ უნდა მოვიქცეო, მითხრა გამომძიებელმა. მითხარით, სად გაქრა ჩემი შვილი?!"

"ალბათ, ბედისწერა იყო..."

საზოგადოებას დღემდე ახსოვს 13 ივნისის შემზარავი სტიქიის შედეგები. დიდხანს ეძებდნენ 3 დაკარგულს: ელიზბარ ბაღაშვილს, ბექა ბუთურიშვილსა და სერგი კაპანაძეს. სექტემბერში ბაღაშვილებმა ცხედარი იპოვეს. ბექა ბუთურიშვილისა და სერგი კაპანაძის ოჯახის წევრები კი იმედს არ კარგავენ, რომ ცხედრებს იპოვიან.

ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა: - გვეგონა, ბიჭებს მტკვარში მაინც ვიპოვიდით და ეს იმედიც ამოიწურა. დაახლოებით 5-ჯერ დასწიეს წყლის დონე მტკვარში, მაგრამ უშედეგოდ. თქვენ არ იცით, ეს რა გრძნობაა, იმას ნატრობ, რომ შენი მიცვალებული იყოს.

- უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი უკვე მიენიჭა თქვენს ძმას?

- კანონით 2 წელი უნდა გავიდეს, რომ ეს სტატუსი მიენიჭოს. საფლავიც არა გვაქვს, რომ მივიდეთ და მოვიოხოთ ის ტკივილი, რაც სულშია. ბექას მანქანა სტიქიის ეპიცენტრში იპოვეს. "მზიურის" ტერიტორიაზე არაფერი დაგვიტოვებია, მიწის საფრის ნულოვან წერტილს ჩავწვდით, "ლაგუნა ვერე" ბოლომდე ახლაც არ არის გაწმენდილი, მაგრამ იქ რამე რომ ყოფილიყო, აქამდე გამოჩნდებოდა. პრაქტიკულად ყველა კუთხე-კუნჭული დავიარეთ, მაგრამ, ეტყობა, რაღაც მაინც გაგვეპარა და ეს ფიქრი სულ მაწვალებს.

ელიზბარ ბაღაშვილი გარდაბნის ტერიტორიაზე, მტკვრის კალაპოტში დანაწევრებული იპოვეს, ჯერ თავის ქალა, მერე ტანი, რომელიც 20 მეტრის რადიუსში იყო ჩაფლული. არ მინდა ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ იქ ბულდოზერებით გაჰქონდათ მიწა და იქნებ რამე გაგვეპარა. წითელ ხიდამდე ფეხით ჩავედით მაშველებთან ერთად, 400 კაცამდე იყო გამოყოფილი. მერე უკან დავბრუნდით, მეორე მხარეს, კალაპოტზე, ყველაფერი დავათვალიერეთ. შვიდი კუნძულია მტკვარში, ყველგან ვიყავით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ჩვენი ბექა.

ალბათ, ბედისწერა იყო. კახეთში მივდიოდით დასასვენებლად. წინადღეს, 12-ში, მანქანაში ბარგი რომ ჩავალაგე, არ დაგვეტია. ბექას ვუთხარი, მოდი, შენც წამოდი შენი მანქანით-მეთქი. დამეთანხმა, ჩავალაგეთ მის მანქანაში ნივთები და გავემზადეთ. მერე ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა, ისიც კახეთში მიდიოდა. ვუთხარი, ბარგი არ მეტევა და ბექას მანქანითაც მოვდივართ-მეთქი. რატომ უნდა აწვალო ბექა, მე წავიღებო. მოვიდა ჩვენთან და ბექას მანქანაში ჩალაგებული ბარგი გადავიტანეთ. ეს ბედისწერა იყო, თორემ ისიც ჩვენ გვერდით იქნებოდა კახეთში...

უმძიმეს მდგომარეობაში არიან სერგო კაპანაძის ოჯახის წევრებიც. არც სერგოს ძმა ტატო და მამამისი მოშორებიან იმ ტერიტორიას, დღედაღამ ეძებდნენ დაკარგულს...

ალექსანდრე ყვავაძე "გვაპოვნინეთ ჩვენი ბიჭი"

თითქმის სამი თვეა უშედეგოდ ეძებენ 25 წლის ალექსანდრე ყვავაძეს. იგი 2015 წლის 31 დეკემბერს შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. უმძიმეს მდგომარეობაშია ბიჭის დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა.

გიორგი ასათიანი, ალექსანდრე ყვავაძის ბიძა: "ალექსანდრე ტყიბულის რაიონის სოფელ ლეღვაში დედასთან ერთად ცხოვრობდა. 6 თვის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და მას მერე დედამ წვალებით გაზარდა. უკიდურეს სიღარიბეში არიან. ალექსანდრე 31 დეკემბერს გავიდა შინიდან, სოფელ ხრესილში ექიმთან უნდა მისულიყო. არ დახვედრია და გადაუწყვეტია, შინ მიეკითხა. იქვე 200 მეტრში ცხოვრობდა, თუმცა იქამდე არ მისულა. მას მერე ვეძებთ. საქმეში ჩაერთო პოლიცია, მაგრამ კვალი არ ჩანს. შეიძლება სოციალური ქსელით ვინმემ სამუშაო შესთავაზა და გაიტყუეს. ვფიქრობ, არალეგალურად გაიყვანეს, რადგან საზღვარზე მისი გადასვლა არ ფიქსირდება, თან პასპორტიც არა აქვს წაღებული. არ ვიცით, რა ვიფიქროთ. გთხოვთ ყველას, თუ რაიმე იცით ალექსანდრე ყვავაძის შესახებ, იქნებ მოგვაწოდოთ და გვაპოვნინოთ ჩვენი ბიჭი".

დარეჯან დიასამიძე "დედას პასუხსაც არ მაძლევენ"

13 ივნისის ტრაგედიისას დაკარგულთა ოჯახებმა ის მაინც იციან, რომ მათი შვილები უბედური შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ, დარეჯან დიასამიძის დედას, ლამზირა მახარაძეს კი ისიც კი ვერ გაურკვევია, სად გაუჩინარდა მისი 16 წლის გოგონა. დარეჯან დიასამიძე 2013 წლის აგვისტოში დაიკარგა. ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გოგონა გაქრა. "რაც დრო გადის, უფრო ცუდად ვარ. ყველას ვემუდარები, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. სამართალდამცავები გამწარებულ დედას პასუხსაც არ მაძლევენ. ჩემსავით განადგურებული ბევრი დედაა, რატომ უნდა იკარგებოდნენ ახალგაზრდები ქვეყანაში? დავდივარ უწყებებში უშედეგოდ. მინდოდა, ადვოკატი ამეყვანა - იმას მაინც გააკონტროლებდა, რას აკეთებს პოლიცია ჩემი შვილის საძებნელად, მაგრამ ამის უფლებაც არ მომცეს. დაზარალებულად არ ხართ ცნობილი და ადვოკატს საქმეს ვერ გავაცნობთო. თურქეთშიც ვეძებე ჩემი შვილი, იქაურ პოლიციასაც მივაწოდე ინფორმაცია მის გაუჩინარებაზე", - ამბობს ლამზირა მახარაძე.

თეა ხურცილავა