"თედეევს ციხეში იმიტომ ტოვებენ, რომ ბევრი რამ იცის ძველი ხელისუფლების დანაშაულების შესახებ"
14-03-2016
"თედეევს ციხეში იმიტომ ტოვებენ, რომ ბევრი რამ იცის ძველი ხელისუფლების დანაშაულების შესახებ"
"რაც უნდა მოიწადინოს ოსმა ქართველთან შერიგება, ეს რუსის გეგმაში არ შედის"

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმ­რობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე­ ე.წ. სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქეზე გაიცვალა


10 მარტს ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე, ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის მიღწეული­ შეთანხმებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხ­რეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმ­რობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე­ ე.წ სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქეზე გაიცვალა. 4-დან
სამი: გიგო ვალიშვილი, გიორგი­ ზასეევი­ და იოსებ კოჩიევი 2005 წლიდან სასჯ­ე­ლს საქართველოს ციხეში იხდ­ი­დნენ, მათ გორის­ ტერაქტში ედებოდათ ბრალი. სასა­მ­ართლომ სამივეს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, შედარებით მსუბუქი ბრალდებით იყო დაკავებული ბორის ტურაშვილი­. წლებია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფ­ლება მათ გათავისუფლებას ითხოვს... მათ სანაცვლოდ აფხაზურმა მხარემ გაათავის­უფლა: ომარ
ჯღარკავა, ჯემიკო ოკუჯავა, მალხაზ რურუა, ზურაბ თორაძე, შალვა ხუხუა, ელდარ ცაგურია, მანუჩარ შონია და ერთი ქალი, დიანა შედანია-ასეევა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავდათ აფხაზეთის ციხეში გამოკეტილი. ცხინვალის ციხე დატოვეს: ჯემალ მიდელაშვილმა, გელა ილურიძემ, თეიმურაზ გრიგალაშვილმა, მიხეილ ქრისტესიაშვილმა და იგორ ფუხაევმა. მათთან ერთად უნდა გაეთავისუფლებინათ იგორ ფუხაევის ძმაც, მაგრამ მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მან უარი თქვა გაცვლაზე. რაც შეეხება აფხაზეთის ციხეში დარჩენილ გიორგი ლუკავას, გავრცელებული ინფორმაციით, იგი აფხაზებმა არ გამოუშვეს.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზურმა მხარემ მას გადასცა ლუკავას ხელწერილი, სადაც იგი უარს ამბობს გაცვლაზე, თუმცა საპირისპიროს ამტკი­ცებს პატიმრის მეუღლე. მას პრეტენზია­ აქვს ხელისუფლებასთან და ქმრის დაუყო­ვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დაწვით იმუქრება.

გიორგი ლუკავას მეუღლე: "მაისში,­ როდესაც პატიმრების გასათავისუფლებელი სია შედგა, დამირეკეს და მითხრეს, რომ სიაში არ ეწერა ჩემი მეუღლე. პრეზიდენტს წერილი გავუგზავნე, მასთან შეხვედრას ვითხოვდი. პრეზიდენტი არ შემხვდა, მაგრამ მივიღე პასუხი, რომ უშიშროების საბჭოში საკითხი განიხილეს და გიორგი ციხიდან გამოვიდოდა.

10 მარტს ჩემს მეუღლეს 12 საათზე ველაპარაკე და მითხრა, ახლა მომაწერინეს საბუთზე ხელი, ერთ-ერთმა პატიმარმა უარი გან­აცხადა გაცვლაზე, მის მაგივრად ჩამსვეს, უკვე ჩავიცვი და მოვდივარო. 4 საათზე ისევ დამირეკა, სხვებთან ერთად "მარშრუტ­კაში" ვიჯექი, სამი კაცი მოვიდა და მანქანიდ­ან გადმომსვეს, რა უნდათ შენგან, არ ვიცით,­ საქართველო უარს ამბობს შენს წაყვანაზეო".

პაატა ზაქარეიშვილმა აბსურდული უწო­და ამ ინფორმაციას და ლუკავას მეუღლეს გადასცა გასათავისუფლებელ პირთა­ სია, სადაც მისი ქმრის გვარიც ეწერა, ასევე­ გადასცა ის ხელწერილი, რაც ოფიციალუ­რად მიიღო აფხაზებისგან. მინისტრს არც ის­ დაუმალავს, რომ აფხაზური მხარე­ ლუ­კავას­ გათავისუფლებაზე თავიდანვე­ ამბობდა უარს. "ლუკავა ადრეც დააკავეს აფხაზებმა, მაშინ გამოუშვეს და გააფრთხილეს, თუ დაბრუნდები, იცოდე, დაგაპატიმრებთო და დააპატიმრეს კიდეც. ამიტომ პრინციპულად ამბობდნენ, ყველას გავუშვებთ, ლუკავას კი არაო, თან გადმომცეს მისი წერილი, არის თუ არა მისი დაწერილი, არ ვიცი", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი: - მოლაპარაკება 2015 წლის მაისში დავიწყეთ. იყო ბევრი­ სირთულე, თუმცა შედეგით კმაყოფილი ვარ. რუსული მხარე ამ პროცესში არ ჩარეულა, ქართულ-აფხაზურ დონეზე წყდებოდა ყველაფერი. თუ ისინი მერე სხვაგან ათანხმებდნენ, ამის შესახებ არაფერი ვიცი.

- ფაქტია, აფხაზები ოსების გათავისუფლ­ებას ითხოვდნენ, რუსული ფაქტორის გარეშე იყო ეს მოთხოვნა?

- აფხაზებმა მოითხოვეს ოსების გათავისუფლება. ოსურმა მხარემ სთხოვა აფხაზურ მხარეს, ქართული მხარე არ თანხმდ­ება ჩვენთან მოლაპარაკებას, რომ გადმოგ­ვცეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯ­ილი და დაგვეხმარეთო. ჩვენი პირობა ასეთი­ იყო: ჩვენ აფხაზეთში გვყავდა უკანონოდ დაკავებული პატიმრები, რომლებიც ასევე უნდა გადმოეცათ. ისინი მრავალი წელია უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს კრიმინალური­ დანაშაულების ბრალდებით.
ამჟამად აღარ გვყავს გრძელვადიანი პატიმრები, გარდა ლუკავასი,­ მაგრამ დაგვრჩა მოკლევადიანი პატიმრები და მათ გასათავისუფლებლადაც გავაგრძელებთ მოლაპარაკებას.

- სულ რამდენი ქართველია ციხეში?
- ქართული გვარის მქონე ბევრი იხდის­ სასჯელს, მაგრამ ისინი თავს იქაურ მოქალაქეებად თვლიან, იქ ცხოვრობენ და მათ გათავისუფლებას არავინ ითხოვს. რამდენიმე კაცია დრანდის ციხეში და მათ გას­ათავისუფლებლად ვმუშაობთ.

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი:
- ციხეში რჩება პატიმარი ალექსანდრე თედეევი. ის სააკაშვილის ხელისუფლებამ­ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინა­დღეს დააპატიმრა, რადგან მაშინდელი კონტრდაზვერვის უფროსი, ვინმე ჟღენტი, პირდაპირ სთხოვდა მას, შესულიყო ცხინვალში­ და მოეწყო ტერაქტები, რაზეც თედეევმა უარი თქვა, ამიტომაც დააპატიმრეს და 19 წელი მიუსაჯეს. თუ ტერორისტები გამოუშვეს, ისიც ხომ უნდა გამოეშვათ? ეს ბევრ კითხვას ბადებს. ციხეში იმის გამო ხომ არ ტოვებენ, რომ მან ბევრი რამ იცის იმ კრიმინალური დანაშაულების შესახებ, რომელიც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილის სპეცსამსახურებმა. რატომღაც ახალ ხელისუფლებასაც არ აწყობს მისი გამოშვება, ალბათ, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების სპეცსამსახურებში ჯერაც არიან ის დამნაშავეები, რომლებიც წინა სპეცსამსახურებში იყვნენ, მათ შორის უშიშროების სამსახურშიც. თედეევს სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს. მისი მეუღლე და შვილები აგარაში ცხოვრობენ. ის პატრიოტია და მისი დანაშაული ის იყო, რომ დივერსიებზე უარი თქვა?

პაატა ზაქარეიშვილი: - თედეევის გათა­ვისუფლება არავის მოუთხოვია. ჩვენ მათ ეს გვარიც დავუსახელეთ, მაგრამ თქვეს, არ გვინდაო. ოსური მხარე, ამ 4 პირის გარდა,­ არავის ითხოვდა. საქართველოს ციხეებშიც უამრავი საქართველოს მოქალაქე ეთნიკური­ ოსია, მათი გათავისუფლება არავის მოუთხოვია.

აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა

2005 წლის 1-ელ თებერვალს გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ""ჟიგულის"" მარკის ავტომანქანა აფეთქდა. დაზიანდა სამხარეო პოლიციის შენობა და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები. ექსპერტიზის მონაცემებით, აფეთქდა 80-100 კილოგრამი ტროტილი და პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც დისტანციური მართვით აამოქმედეს.
მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა­ ირაკლი ოქრუაშვილმა მომხდარს კარგად მომზადებული ტერაქტი უწოდა: "ეს აფეთქება იმ ადამიანების მოწყობი­ლია, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობის დამყარება".
აფეთქებას ემსხვერპლა სამი მამაკაცი. გორის საავადმყოფოს 16-მა დაზარალებულმა მიმართა, თუმცა სტაციონარული დახმარება არ დასჭირვებიათ.
26 ივლისს გორის ტერაქტის საქმე გახსნილად გამოცხადდა. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ, შემსრულებლებმა აღიარეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, შიდა ქართლში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების ინსტრუქტაჟით მოქმედებდა. დააკავეს გიგო ვალიშვილი და გიორგი­ ზასეევი­, ასევე, სამხარეო პოლიციის შენობასთან აფეთქებული ავტომანქანის შემძენი იოსებ კოჩიევი.

"იქ რუსი წყვეტს ყველაფერს"

გთავაზობთ ინტერვიუს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ციხიდან გათავ­ისუფლებულ გელა ილურიძესთან:

- ახალგორში დავიბადე და გავიზარდე, იქ გაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ. პატარა საზკვების ობიექტიც გავაკეთე, იქ ვარ ჩაწერილი, ჩემი მშობლები­ ახლაც იქ ცხოვრობენ. ჩემი ცოლ-შვილი თბილისშია. 2015 წლის 21 აპრილს ახალგორში, ჩემი მშობლების სახლში წავედი, რა თქმა უნდა, საბუთიც მქონდა. უცებ თავს დამესხა კბილ­ებამდე შეიარაღებული 10 კაცი და წამიყვანეს ცხინ­ვალში. უმძიმესი დღეები გავიარე. 12 წელი მომისაჯეს საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟისა და აგენტობის ბრალდებით (ადრე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი, დაცვის პოლიციაში, კაპიტანი ვარ). 10 თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში­ გამომკეტეს, მითხრეს, მძიმე დანაშაული გაქვს ჩადენილიო. თითებზე შემიერთეს რაღაც, მეუბნებოდნენ, სიმართლის დასადგენი დეტექტორია, ახლა ეს მასალა­ ექსპერტიზაზე გაიგზავნება და პასუხს დაველოდებითო. მერე მითხრეს, ახალგორში იმ ხალხს ვეძებთ, ვინც დაადასტურებს შენს მოღალატეობასო. არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, არც ერთი მოწმე არ არსებობდა. მხოლოდ იმას ამბობდნენ, შენი მანქანა ქართულ ტეკზე სათანადოდ არ იჩხრიკებოდაო.

სასამართლო პროცესი დახურული იყო, 15 წელი მოითხოვა პროკურორმა, მაშინ ვუთხარი, საბჭოთა კავშირის დროს 15 წელზე მეტი სასჯელი არ იყო, მერე ხვრეტდნენ ხალხს და ბარემ დამხვრიტეთ, რას მაწვალებთ-მეთქი. მოსამართლემ 12 წელი მომისაჯა. თქვენს მტერს ის განცდა, რაც მქონდა...

- დაკავებულ სხვა ქართველებთან კონტაქტის საშუალება გქონდათ?
- ციხიდან გათავისუფლებულთაგან ყველაზე დიდხანს ჯემალ მიდელაშვილი იხდიდა სასჯელს. მან 6 წელი და 3 თვე გაატარა იმ ჯოჯოხეთში, 7 თვე ჰქონდა დარჩენილი, ისიც ახალგორელია და შეთითხნილი ბრალდებით ჩასვეს. ჯემალი ციხეში იყო, დანარჩენი, ვინც გაგვათავისუფლეს, ყველა ჩემ გვერდით იჯდა. ბოლოს საზღვრის გადმოკვეთის ბრალდებით შემოიყვანეს მიხეილ ქრისტესიაშვილი, ისიც ჩვენთან ერთად გამოვიდა. ჩემი იქ ყოფნის დროს შემოვიდა იგორ ფუხაევი, ის ოსია ეროვნებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქე და ისიც ჩემთან ერთად გაათავისუფლეს. წელიწადი და 6 თვე გაატარა ცხინვალის ციხეში, ჯერ მისთვის განაჩენი გამოტანილი არ ჰქონდათ.

- როგორი პირობები გქონდათ?
- შუქი, წყალი და გათბობა გვქონდა, მშივრებიც არ ვიყავით. თუმცა საშინლად გვექცეოდნენ პროკურორი და გამომძიებელი. გათავისუფლების ამბავი 15 წუთით ადრე მითხრეს.

- ამდენი ხანი გაატარეთ ციხეში და გქონდათ ოსებთან ურთიერთობა. თქვენი აზრით, არის ქართველების და ოსების შერიგების შანსი?

- იქ რუსი წყვეტს ყველაფერს. რაც უნდა მოიწადინოს ოსმა ქართველთან შერიგება, ეს რუსის გეგმაში არ შედის. ასე ადვილად არ არის საქმე.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით