"ასეთი ვანდალური ფაქტები ხალხში უარყოფითი განწყობილების ხელოვნურად შექმნას ემსახურება" - კვირის პალიტრა

"ასეთი ვანდალური ფაქტები ხალხში უარყოფითი განწყობილების ხელოვნურად შექმნას ემსახურება"

"ალბათ, ვინმეს მიზანია, ხალხში იმ აზრის დათესვა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და თითოეული ჩვენგანი დაუცველია, პოლიცია კი არაფერს აკეთებს"

"მოქმედებს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანია, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იგრძნობოდეს. ამ ჯგუფის გამოვლენა აუცილებელია!" - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი კრიმინალურ საკითხებში ზაზა ალთუნაშვილი.

- ჩვენს მოქალაქეებს დაუცველობის განცდა დიდი ხანია გაუჩნდათ. ორიოდე კვირის წინ დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილს საბურავები დაუჭრეს. ერთი ავტომობილი რომ დაეზიანებინათ, შეიძლებოდა პერსონალურ ანგარიშსწორებაზე გვეფიქრა, თუმცა ასე არ არის. ძალზე საეჭვო ვანდალური ფაქტი მოხდა, საქმის გახსნამ კი დაიგვიანა. ასევე გახშირდა ავტომობილების მინების ჩამსხვრევის ან სარკეების მოხსნა-მომტვრევის ფაქტები. მეტწილად, ეს შემთხვევები ძარცვას არ უკავშირდება. ვფიქრობ, უფრო სხვა მოტივზე უნდა ვიფიქროთ. ალბათ, ვინმეს მიზანია, ხალხში იმ აზრის დათესვა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და თითოეული ჩვენგანი დაუცველია, პოლიცია კი არაფერს აკეთებს. მახსოვს, 3-4 წლის წინ, ზუსტად მაშინ, როცა ძველი ხელისუფლება ახალმა შეცვალა, მიზანმიმართულად ყრიდნენ ერთჯერად შპრიცებს საზოგადოებრივ ადგილებში, რაც ხალხს აშფოთებდა. ამ ქმედების მთავარი მესიჯი ასეთი იყო: ეს ხელისუფლება არაფრის მაქნისია და ნახავთ, ცოტა ხანში კრიმინალური მდგომარეობა როგორ გაუარესდებაო.

ერთხელ თავად დავინახე, როგორ გაჩერდა სკოლასთან ავტომობილი, გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი და შპრიცები დაყარა. სკვერებშიც, ბავშვების სათამაშო მოედნებზეც მსგავს ფაქტს ხშირად აღმოაჩენდით. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ნარკომანებს პოლიციის არ ეშინოდათ და ბავშვების თვალწინ "იჩხირავდნენ"... მგონია, ახლაც მსგავსი რამ ხდება - ხალხში აჟიოტაჟს ხელოვნურად ქმნიან.

- შსს-ში მოვიკითხეთ დიდი დიღმის ფაქტი და ეს საქმე ჯერ გახსნილი არ არის...

- რატომ არ უნდა იყოს გახსნილი? ამ საქმის გახსნას დიდი არაფერი უნდა. ქალაქი აღჭურვილია კამერებით, მრავალი დამცავი საშუალებით, არსებობს ტელეკომუნიკაციები, რისი გამოყენებაც შესაძლებელია.

- როგორც ჩანს, ვიდეოკამერები არ იყო დამონტაჟებული შემთხვევის ადგილას...

- ეს არაფერს ცვლის. ამდენი საბურავის დაჭრას დრო და რაღაც იარაღი სჭირდება, რაც კვალს ტოვებს. სამძებრო-ოპერატიული მოქმედების, კრიმინალ-ექსპერტთა მუშაობისა და აგენტურული ქსელის დახმარებით ბევრი რამის დადგენა შეიძლება.

- არის ალბათობა, რომ მსგავსი მავნებლობა არასრულწლოვანთა ჩადენილი იყოს?

- ბავშვი საბურავების დაჭრას ერთმანეთზე მიყოლებით ვერ გაბედავდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მსგავსი ფაქტები ხალხში უარყოფითი განწყობილებისა და ვნებათაღელვის ხელოვნურად შექმნას ემსახურება. შესაძლოა ვინმესთვის საბურავების დაჭრის საკითხი მეასეხარისხოვანია, მაგრამ ეს სულაც არ არის მცირე ზარალი მანქანების პატრონებისთვის. ამიტომ დროა, ამ საკითხს ყურადღება მიექცეს.

საქმე გაუხსნელია...

26 თებერვალს შსს-მ დიდ დიღომში 30-მდე ავტომობილის საბურავების დაზიანების ფაქტის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. საქმე დღემდე გაუხსნელია...