"თანამშრომლებთან ერთად არასანქცირებულად ვაწარმოებდი აუდიომოსმენას" - როგორ მოქმედებდა "შპიონი" ვირუსი პოლიტიკოსთა კომპიუტერებში? - კვირის პალიტრა

"თანამშრომლებთან ერთად არასანქცირებულად ვაწარმოებდი აუდიომოსმენას" - როგორ მოქმედებდა "შპიონი" ვირუსი პოლიტიკოსთა კომპიუტერებში?

"ის "ნაციონალებმა", სავარაუდოდ, 15 წლის ასაკში გადაიბირეს, როცა განსაკუთრებული თაყვანისცემა გამოხატა სააკაშვილისადმი. ალბათ, რაღაც გააკეთებინეს ისეთი, რის შემდეგაც დააშინეს"

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებს შემდეგ პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავა, რომელთაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

როგორც აღმოჩნდა ზურაბ ჯამალაშვილი იმ ცნობილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა გირაოთი მალევე გაათავისუფლეს.

ბიჭი პროკურატურამ უკვე დაკითხა, მისი თქმით, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებს დაკითხვის დეტალებს, თუმცა აღნიშნა, რომ: "მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მას სხვა ოჯახი ჰყავს და მომხდარზე არაფერი ვიცი. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან არაფერი მაკავშირებს".

"კვირის პალიტრის" არქივში იძებნება სტატია, რომელშიც 2012 წელს ვასილ ჯამალშვილისა და მასთან ერთად დაკავებულების საქმეზეა ლაპარაკი და დაწვრილებით არის აღწერილი ვირუსი, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილის და არა მხოლოდ მის კომპიუტერს უთვალთვალებდნენ...

2012 წლის არჩევნების წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური მოძრაობა "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრთა კომპიუტერებში შეაღწია ვირუსმა, რომელსაც ვიდეოთვალთვალის და ხმის ჩაწერის ფუნქცია ჰქონდა. ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით, ივანიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ამერიკული კომპანია NSI-ის დირექტორმა პოლ ჯოილმა განაცხადა, რომ სურმავას სახელით Youtube-ზე გახმოვანებული მასალა, სავარაუდოდ, ჰაკერული ვირუსის გამოყენებით არის მოპოვებული და შემდგომ გაყალბებული.

"კომპიუტერებში ჰაკერული ვირუსის შეღწევის შედეგად პრობლემებმა თავი იჩინა 2012 წლის ივნისში, როდესაც ივანიშვილისა და მისი ოჯახის ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა საიტებზე. დავიწყეთ გამოძიება. აღმოჩნდა, რომ ქურდი გარედან შემოვიდა. "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილების ოჯახის კომპიუტერებში აღმოვაჩინეთ ვირუსი მალწარე, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ასრულებდა დავალებას. აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" კომპიუტერების 25% იყო დავირუსებული. ვირუსი "ხედავდა" ეკრანზე გამოსულ ინფორმაციას, აკეთებდა სქრინშოტს (კოპირება), უღებდა ფოტოს, ავტომატურად რთავდა ვიდეოკამერას და ვიდეოთვალსაც," - განაცხადა პოლ ჯოილმა.

როდესაც სპეციალისტები მოიწვიეს, გაირკვა, რომ საქმე ჰქონდათ უცნობ ვირუსთან, რომელიც კომპიუტერს ჩამწერ მექანიზმად აქცევს და ის, ფაქტობრივად, დიქტოფონის ფუნქციას ასრულებს. ვირუსი ორი ფორმით ვრცელდება:

1) ელექტრონული ფოსტით მოგდით წერილი, რომელიც არაფრით ჰგავს სახიფათოს. ხსნით მას და "ოჯახში" უნებლიეთ უშვებთ მტერს;

2) მოთვალთვალე ვირუსი ვრცელდება ინტერნეტპროვაიდერის საშუალებით. სპეციალური ინსტრუმენტი უერთდება კონკრეტულ სისტემას, რის შემდეგაც ქსელის ყველა მომხმარებლის კომპიუტერი იხსენება ვირუსის შესაშვებად.

2012 წლის ნოემბერში სამართალდამცველებმა დააკავეს ამ ვირუსის მიზანმიმართულად გავრცელებაში ეჭვმიტანილი კუდ-ის ჩინოსნები. იმჟამინდელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებელთა კომპიუტერებში შეღწევა, მათში დაცული ინფორმაციის მოპოვება და აუდიო და ვიდეოთვალთვალი. შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერული სისტემებიდან იღებდა ინფორმაციას.

დაკავებულმა, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა კვარაცხელიამ აღიარა, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ფარულად მოპოვებულ ყველა მასალას 2010 წლიდან ეცნობოდა.

"ჩვენს შექმნილ ვირუსს პროგრამულად მითითებული ჰქონდა მოპოვებული ინფორმაციის მიწოდების მისამართი - მოდულის შენობის ერთ-ერთ ოთახში განთავსებული კომპიუტერების "აი-პი" მისამართი, სადაც ავტომატურად იყრიდა თავს ფარულად მოპოვებული ინფორმაცია. ამ კომპიუტერებთან ხელი მიგვიწვდებოდა ექვს თანამშრომელს: მე, ავთო სოლომნიშვილს, გიორგი ჯავახიძეს, ვასილ ჯამალაშვილს, ერმალოზ ებანოიძეს და ალექსანდრე ბოცვაძეს, რომლებიც ასევე ეცნობოდნენ ფარულად მოპოვებულ ინფორმაციას. თავიდან ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისათვის მზადება დაიწყო, მთელი ჩემი სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო იქით, რომ მოგვესმინა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრთათვის.

2012 წლის 27, 28, 29 სექტემბერს მოვუსმინეთ და გავავრცელეთ გუბაზ სანიკიძის, გია ხუხაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი ალასანიას, რომან კუსიანის, სანდრო ბრეგაძის, გიორგი გეგეჭკორის და სხვა პოლიტიკური პირების საუბრების "დამუშავებული" აუდიოჩანაწერები. 2012 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წინა წლებში მოპოვებული ყველა მასალა წავშალეთ და გავანადგურეთ. თავის დროზე, როდესაც ამ ტიპის სამუშაო დამევალა, დირექტორმა ვაჟა ლელუაშვილმა და დეპარტამენტის დირექტორმა დათა ახალაიამ (კუდ-ის ყოფილ უფროსს უფლებამოსილების გადამეტებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გამო პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, ორშაბათს დაუსწრებლად წაუყენებს) შემიქმნეს ყველანაირი პირობა დავალების შესასრულებლად. ჩვენს დეპარტამენტში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სანქცირებულად ტარდება, მაგრამ მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად არასანქცირებულად, ფარულად ვაწარმოებდი აუდიომოსმენას", - განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი სწორედ ზურაბ ჯამალაშვილის ვაჟი ვასილ ჯამალაშვილი იყო. ის იმჟამად 18 წლის იყო და როგორც მისი ნაცნობები ამბობდენე, ვასილი ბავშვობიდან "კომპიუტერში ცხოვრობდა". "მას არაფერი გაეგება ცხოვრების. ერთადერთი სივრცე, სადაც ყველაფერი იცის და თან, ძალიან კარგად, კომპიუტერია. ის "ნაციონალებმა", სავარაუდოდ, 15 წლის ასაკში გადაიბირეს, როცა განსაკუთრებული თაყვანისცემა გამოხატა სააკაშვილისადმი. ალბათ, რაღაც გააკეთებინეს ისეთი, რის შემდეგაც დააშინეს", - ამბობდა მისი ერთ-ერთი კოლეგა, რომელიც ვასილთან ერთად საიტების შექმნაზე მუშაობდა.

ფოტოზე: ვასილ ჯამალაშვილი

იხილეთ სტატია: კუდ-ის დამწვარი კუდი