"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე - კვირის პალიტრა

"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე

"ვითხოვდი, ეჩვენებინათ ჩემი მეუღლე. როგორც იქნა, გალის პოლიციის უფროსს შემახვედრეს და ერთი საათის მერე ამოიყვანეს ჩემი ქმარი. სასტიკად ნაცემი იყო, მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა ერთიანად გაშავებული"

ლალი ბასარია: "მე ვარ ის ქალი, რომელიც საცხოვრებლის მოთხოვნით აქციებს მართავდა. სახალხო დამცველის დახმარებით ახლახან გადმომცეს ვარკეთილში 4-ოთახიანი ბინა... "

"ვითხოვ დახმარებას, რომ დროზე გამიყვანონ აქედან, ყველას ვთხოვ, გულთან მიიტანოს ჩემი გასაჭირი", - მითხრა სატელეფონო საუბრისას დრანდის ციხეში მყოფმა გიორგი ლუკავამ.

როგორც ცნობილია, 10 მარტს ენგურის ხიდზე ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირზე აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გაიცვალა. სამწუხაროდ, დრანდის ციხეში დარჩა გიორგი ლუკავა, რომელიც გასაცვლელ პატიმართა შორის უნდა ყოფილიყო. გათავისუფლებული პატიმრების მტკიცებით, ლუკავა მანქანამდე მიიყვანეს და მერე ისევ უკან მიაბრუნეს. შერიგების საკითხებში მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს ლუკავას ციხიდან დასახსნელად, მოლაპარაკება გაგრძელდება, მაგრამ პატიმრის ოჯახის მოთმინების ფიალა ივსება, ოჯახი პრეტენზიას უცხადებს ხელისუფლებას და პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს.

ლალი ბასარია, გიორგი ლუკავას მეუღლე: - პაატა ზაქარეიშვილს შევხვდი, მაგრამ მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. სახელმწიფო მოხელე მეუბნება, ეს საქმე თუ არ მივიყვანე ბოლომდე, სასამართლოში მიჩივლეთ ან თავი მომჭერითო, მაგრამ არ მეუბნება, რა ვადაში შეძლებს გიორგის დახსნას.

ზაქარეიშვილმა შემომითვალა, თუ აქციებს გამართავ, თავს დავანებებ მის გასათავისუფლებლად მუშაობასო. თუ გავჩუმდები, დამეხმარება? ლოდინისა და გაჩუმების დრო არა მაქვს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა რუზგენ გოგოხია, რომელიც მეორედ ჩავარდა ტყვედ. იგი ერთხელ, 1996 წელს, ჩემს მეუღლესთან ერთად დააკავეს, მეორედ 2006 წელს და იქვე ჩაცხრილეს. მეშინია ჩემს მეუღლესაც იგივე არ დამართონ. რვა შვილი გავაჩინე, სამი გარდამეცვალა: ორი ახალშობილი გულის მანკით დაიღუპა, სამი წლის ხდებოდა, როცა აფხაზები შინ შემოგვიცვივდნენ. ჩემი მეუღლის აყვანა სურდათ, ჩემს შესაშინებლად ავტომატი მოიქნიეს, აკვანში მწოლიარე ბავშვს კონდახი თავში მოხვდა და...

ომის დროს სოხუმში ვცხოვრობდით, ჩემი მეუღლე სოხუმის სამხედრო კომენდატურაში ჩაირიცხა, სოხუმის დაცემამდე იქ ვიყავით, ბოლო გემს გამოვყევით ბათუმში. გიორგი ფეხში იყო დაჭრილი, მაგრამ გამოგვაცილა. პორტში პოლიციამ დააკავა, რადგან იარაღი ჰქონდათ მას და მის მეგობარ ომარ ქობალიას. ხმაური ატყდა, ჟურნალისტებიც მიცვივდნენ. გიორგიმ უთხრა, შვილები გადმოვიყვანე და უკან უნდა დავბრუნდე საომრადო. დარეკეს სოხუმში, გაარკვიეს, რომ ასე იყო და გამოუშვეს. ამ დროს გალში სიმშვიდე იყო და მეუღლემ ზემო ბარღებში წაგვიყვანა... მალე ვითარება გალშიც აირია და იქიდანაც გავიქეცით. დევნილების რიგი იდგა ენგურის ხიდთან, ქართველები არ ატარებდნენ ხალხს. ჩემი მეუღლე ცხენზე ამხედრებული გადაუდგა წინ და ჩაკეტილი გზა გაახსნევინა, თორემ იქაც ჩახოცავდნენ ხალხს...

მერე ზუგდიდში სამხედრო პოლიცია გაიხსნა, იქ მსახურობდა. დიდი წვლილი შეიტანა ხურჩის დაბრუნებაში. 1994 წელს გიორგიმ 14 აფხაზი გადმოიყვანა და მაშინდელ ხელისუფლებას ჩააბარა - ტყვე ქართველებში უნდა გაცვლილიყვნენ...

გიორგი ლუკავა დრანდის ციხის ტყვე 1996 წელს სეპარატისტებმა ჩემი მეუღლე, როგორც პარტიზანული მოძრაობის წევრი, დააკავეს და გალის მეორე ომის დაწყებამდე, 1998 წლამდე, ციხეში იჯდა. მაშინ ჩასვეს გასაცვლელ ტყვეთა სიაში, გაცვლას ავთანდილ იოსელიანი ხელმძღვანელობდა. პირველ რიგში, გიორგი ლუკავა უნდა გადმოეყვანათ, მაგრამ ჩემი ქმრის ნაცვლად ვინმე ვაჟა ლუკავა გადმოიყვანეს. ამის შემდეგ გაცვლის პროცესი შეჩერდა.

1998 წელს, როცა გალში ვითარება ისევ დაიძაბა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გიორგი მკვდარი იყო. დავუკავშირდით აფხაზებს, რომლებიც ქართულ მხარესთან მოლაპარაკებაში იყვნენ ჩართული. მაშინ გვითხრეს, გიორგი ლუკავა მძიმე მდგომარეობაშია და თუ შეუძლია მის მეუღლეს, გადმოვიდეს, დავხვდებით და დავეხმარებით მასთან შეხვედრაშიო...

იმ დროს ერთ აფხაზს ეძებდა ოჯახი, თუ მათ შვილზე ინფორმაციას მოვიძიებდი, დამპირდნენ, რომ ჩამიყვანდნენ სოხუმში მეუღლის სანახავად. გავარკვიე, ეს აფხაზი ბიჭი რუსთავის მეორე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს... მაშინ განსახლების მინისტრი ნინო თოდუა იყო, მისი სიძე, თემურ შიკირბა კი დრანდის ციხის უფროსი გახლდათ. ნინო თოდუას მოვუყევი ჩემი გასაჭირი. მან გამატანა წერილი შიკირბასთან, მოუსმინე გულისყურით და დაეხმარეო.

შევხვდი შიკირბას (მასაც თურმე შვილი ჰყოლია გარდაცვლილი), გულთან მიიტანა ჩემი ტკივილი და შემახვედრა მეუღლეს. მითხრა, თუ მოახერხებ ფულის მოგროვებას, იქნებ გიორგი გამოვაშვებინოო.

- რა თანხას გთხოვდნენ?

- მილიონ რუსულ რუბლს. დავბრუნდი საქართველოში, დიდი წვალებით მოვაგროვე ეს თანხა, მე და ჩემი უფროსი ბიჭი (მაშინ 12 წლის იყო) წავედით დრანდაში და ფული შიკირბას მივუტანეთ. 3 დღე ველოდით მის პასუხს. მოვიდა და უარი გვითხრა, გაეროს დაფიქსირებული ჰყავს გიორგი ლუკავა, აქედან რომ გაქრეს, დიდი ამბავი ატყდება, მე ჩამაგდებენ ციხეშიო.

ფული უკან დამიბრუნა. იმ დღესაც ორი წუთით მანახა ჩემი მეუღლე. დრანდის ციხეში ერთი სომეხი კაცი მუშაობდა და მითხრა, სცადე პირდაპირ გენპროკურორს, ანრი ჯერგენიას შეხვდეო. დიდი რისკი იყო, მაგრამ წავედით მე და ჩემი შვილი სოხუმში... ანრი ჯერგენიას ვუამბე ყველაფერი და მაშინვე გასცა ჩემი მეუღლის გათავისუფლების განკარგულება. მითხრეს, ხვალ დილით გამოუშვებენო. ისევ დრანდაში დავბრუნდი. ციხის უფროსს შეეშინდა, შენს ქმარს მეომრის სახელი აქვს, მასზე კბილებს ილესავენ აფხაზები, რომ გაიგონ, მომკლავენ, ამიტომ გვიან გამოვუშვებ და ეცადე, ღამით გააპაროო... ასე ვიხსენი 1999 წელს ციხიდან ჩემი ქმარი.

- რამდენი ჰქონდა მაშინ მისჯილი?

- 12 წელი, მაგრამ არ უღიარებია დანაშაული, იმის მიუხედავად, რომ ლამის ცემით ამოხადეს სული. სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი, ფეხები სულ ამომწვარი ჰქონდა. მას მერე, 2008 წლამდე, გალში არ შევსულვართ, სოფელ კახათში ვცხოვრობდით, მაგრამ უმცროსი შვილი ავად გამიხდა და თბილისში გადმოვედით.

- როგორ აღმოჩნდა ხელმეორედ თქვენი მეუღლე დრანდის ციხეში?

- სამი შვილის საფლავი გვაქვს გალში, ჩემი მეუღლე მათი საფლავის გასასუფთავებლად პერიოდულად გადადიოდა. ზემო ბარღებში სახლიც არ გვაქვს, ყველაფერი გადამწვარია. გიორგიმ სამსახური ვერსად იშოვა, აქ როდემდე ვიჯდეო და წავიდა გალში. იქ მიწები გვაქვს, უნდოდა, დაემუშავებინა და თხილი დაერგო. 2011 წლის 7 მაისს გადავიდა და 9 მაისს უკან უნდა დაბრუნებულიყო.

ქვემო ბარღებში აფხაზ სეპარატისტებს რაულ ამიჩბა მეთაურობს, როგორც ჩანს, მან მიაწოდა ინფორმაცია გუდაუთის ბატალიონს და გიორგი გაიტაცეს.

ტელეფონს რომ არ პასუხობდა, 10 მაისს განგაში ავტეხე, გაირკვა, რომ გიორგი დაჭერილი ჰყავდათ. გადავედი გალში (აფხაზური პასპორტი მაქვს, ეს რომ არ მქონოდა, ჩემი ქმარი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა) და პოლიციაში მითხრეს, სიმთვრალისთვის დააკავეს, 7 დღე მიუსაჯესო. მეშვიდე დღეს მის წამოსაყვანად რომ მივედი, ჩემი მეუღლის მშობლების გადამწვარი სახლის ტერიტორია გადავსებული დამხვდა მანქანებითა და პოლიციელებით. მაჩვენეს ტომარაში ჩადებული ჟანგიანი ავტომატი, ეს შენი მეუღლის არისო. პოლიციის წინ ვკიოდი, ვითხოვდი, ეჩვენებინათ ჩემი მეუღლე. როგორც იქნა, გალის პოლიციის უფროსს შემახვედრეს და ერთი საათის მერე ამოიყვანეს ჩემი ქმარი. სასტიკად ნაცემი იყო, მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა ერთიანად გაშავებული.

ვიღაც ხელს აშველებდა, რომ არ წაქცეულიყო, და იმან მითხრა, ღმერთია მოწამე, მე მისთვის ხელი არ დამიკარებიაო. ამის მერე ანქვაბთან შესახვედრად წავედი. ამ წლების მანძილზე სულ 4-ჯერ შევხვდი. ადრეც იხსნა ჩემი ქმარი, გუდაუთელებს ჰყავდათ გატაცებული და მოაბრუნებინა უკან. ანქვაბს ამჯერად ექსპერტიზაში დახმარება ვთხოვე. ისიც არ დამიმალავს, ბევრი აფხაზი მკურნალობს საქართველოში და ერთ აფხაზ ბავშვს ჩემი სისხლიც კი გადავუსხი-მეთქი. დამპირდა, რომ ექსპერტიზა ობიექტურად ჩატარდებოდა. მართლაც იმ იარაღზე არ აღმოჩნდა ჩემი ქმრის ანაბეჭდები, დადასტურდა, რომ ჩადებული იყო. გალში ყველა სასამართლო პროცესს ვესწრებოდი. საქმე ისე მიდიოდა, გიორგი უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ზემო ბარღების გამგებელი რაულ ამიჩბა შეუვარდა მოსამართლეს და მოსთხოვა სასჯელის გამოტანა. 5 წელი მიუსაჯეს გიორგის იმ ჟანგიანი იარაღისთვის. ამასაც არ დასჯერდნენ, უცებ მოიყვანეს სასამართლოში 14 გუდაუთელი აფხაზი, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ჩემს ქმარს 1994 წელს გუდაუთაში მკვლელობა აქვს ჩადენილი - ჯერ ორი კაცის მკვლელობას ედავებოდნენ, მერე ერთი აფხაზი ჟურნალისტის მკვლელობაც მიაკერეს, თითქოს არძინბას მიამსგავსა და იმიტომ მოკლა, და კიდევ, ბუთბას მკვლელობას. არადა, ბუთბა მაშინ მოკლეს, როცა ჩემი ქმარი დრანდის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 25 წელი მიუსაჯეს, საბოლოოდ კი 20 წლამდე ჩამოუყვანეს სასჯელი, მკაცრი რეჟიმი აქვს შეფარდებული და უმძიმეს პირობებშია. ვერ აგიწერთ, რა დღეში აგდებდნენ, გაცხელებული შტირებით უწვავდნენ ტანს, არმატურით სასტიკად სცემდნენ. ყველგან დახმარებას ვითხოვ. კარასინისა და აბაშიძის ყველა შეხვედრის წინ ვხვდებოდი ვახტანგ ყოლბაიას და ვთხოვდი, შეეხსენებინა მისთვის ჩემი ქმრის ამბავი.

ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს ლუკავას გათავისუფლება, რადგან ჩემმა ქმარმა ბევრი რამ იცის. აფხაზები და ქართველები შეკრულები არიან, გალიდან ხალხს იტაცებენ და მერე ოჯახებს ფულს აწერენ. ეს არ იცის ჩვენმა ხელისუფლებამ?

თუ ხელისუფლება არ არის ამაში ჩართული, მითხარით, გალში გატაცებულს ხურჩაში როგორ მალავენ? ან როგორ გადმოჰყავთ გატაცებული ორსანტიაში? ბევრი კითხვაა და ამას პასუხი უნდა გაეცეს.

დაკავების წინადღეს ჩემი ქმარი ცოტა ნასვამი ყოფილა და გალში, ბირჟაზე შეკრებილი ბიჭებისთვის უთქვამს, არავის შევარჩენთ ადამიანების გატაცებას, პასუხს აგებენ დამნაშავეებიო. მეორე დღეს დააკავეს. ვის შეეშინდა მისი ნათქვამის? ალბათ, იმათ, ვინც ჩართულია ამ საშინელებაში.

- პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზები თავიდანვე უარს ამბობდნენ თქვენი მეუღლის გათავისუფლებაზე. როცა ერთხელ გამოუშვეს, მაშინ გააფრთხილეს თურმე, აფხაზეთში არ გადასულიყო, ეს მართალია?

- ტყუილია. იმდროინდელი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ ზის დღეს იქ ხელისუფლებაში. არც ხელისუფლებას გაუცვლია ჩემი ქმარი, რომ ეს სცოდნოდათ. მე გამოვიყვანე პირადად და ეს ამბავი მხოლოდ შიკირბამ იცოდა. იმდროინდელი სასამართლოს საბუთებიც კი არ მოიპოვება არსად, განადგურებულია.

ჩემი მეუღლის გარდა, კიდევ სამი კაცი უმძიმესი ბრალდებითაა ციხეში გამოკეტილი: ერთს 25 წელი აქვს მისჯილი, მეორესაც დიდი სასჯელი აქვს. 5 თვე ჰქონდა დარჩენილი ერთს, გვარად გერლიანს, გადმოიყვანეს საზღვარზე და ეხვეწებოდნენ, წამოდიო, ის კი უკან დაბრუნდა, რადგან ზემოკოდორელია და იქ უნდოდა დარჩენა. ვისაც არ უნდოდა წამოსვლა, იმას რატომ ეხვეწებოდნენ, როცა იქ სასჯელს იხდის უკანონოდ დაკავებული 28 წლის გალელი ბიჭი, რომელიც საშინელ დღეშია, მისი გამოშვება რატომ არ მოითხოვეს? იმ ბიჭს ისეთ დღეში აგდებენ, სიკვდილს ნატრობს.

- ახლა როგორ ცხოვრობთ?

- მე ვარ ის ქალი, რომელიც საცხოვრებლის მოთხოვნით აქციებს მართავდა. სახალხო დამცველის დახმარებით ახლახან გადმომცეს ვარკეთილში 4-ოთახიანი ბინა... ჩემი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, უმცროსი შვილიც ავადმყოფი მყავს და მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუმცა ყველაზე დიდი საზრუნავი დღეს ჩემი ქმრის გათავისუფლებაა.

თეა ხურცილავა