რატომ შეწყდა ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება - კვირის პალიტრა

რატომ შეწყდა ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება

თბილისის ყოფილი პროკურორი: "ამ საქმის გაგრძელება აუცილებელი იყო, რათა ჯაჭვი ზედა რგოლებში შეგვეკრა, მაგრამ გამოძიება შეწყდა..."

ჯერჯერობით დაუდგენელია, ვისი დაკვეთით აიტვირთა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. პროკურატურა ეფ-ბი-აის დახმარებას ელის. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებაზე და დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ შეცდომა, როცა სისტემური თვალთვალის საქმე თავიდანვე ბოლომდე არ გამოიძია? - ამ საკითხზე თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი გვესაუბრება:

- ამ ქაოსში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა. პროკურატურა ვალდებული იყო, 26 ათასი ფაილის საქმე თავიდანვე გამოეძიებინა. ასე რომ მომხდარიყო, უკვე გვეყოლებოდა ბრალეული პირები და გვეცოდინებოდა, ვინ იწერდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ვისი დაკვეთით ხდებოდა თვალთვალი და რა მიზნით იყენებდნენ ჩანაწერებს.

- მაშინ ითქვა, პირადი ცხოვრების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმის გამოძიებაო.

- სწორედაც იმიტომ, რომ ადამიანის უფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, საქმის გამოძიება თავიდანვე უნდა დაწყებულიყო. უნდა გვეფიქრა მათზე, ვინც სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდა და იმ ადამიანებზეც, ვინც დღესაც წარსულ სისტემას მორალურად ეწირება. სხვათა შორის, თბილისის პროკურატურამ მსგავსი კატეგორიის საქმე გამოიძია. ის შემთხვევით გაიხსნა, თავდაცვის სამინისტროში არსებული სისტემა გამოვააშკარავეთ. საუბარია სამხედრო პოლიციის მიერ ფარული ჩანაწერების მოპოვებაზე. უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა სქემით: წინასწარ არჩევდნენ კონფიდენტს, რომელთანაც პირს დავალებით გზავნიდნენ. შემდეგ მსხვერპლს იტყუებდნენ მათთვის სასურველ ტერიტორიაზე, სადაც ჩამწერი აპარატურა იყო დამონტაჟებული... მასალები სასამართლოში გავგზავნეთ, დამნაშავეებიც გამოვავლინეთ და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა... ამ საქმის გაგრძელება აუცილებელი იყო, რათა ჯაჭვი ზედა რგოლებში შეგვეკრა, მაგრამ გამოძიება შეწყდა...

- ვინ აფერხებდა გამოძიების გაგრძელებას და რა მოტივით?

- პროკურატურაში ერთ წელიწადზე ნაკლები ვიმუშავე და არაერთხელ განვაცხადე, უკანონო ჩანაწერების საქმე უნდა გამოვიძიოთ-მეთქი. პროცესი თავიდანვე გაჭიანურდა - მასალები ჯერ შს სამინისტროში იყო, საჯარო განხილვებიც დაიწყო და ჟურნალისტებსაც აჩვენეს ადამიანთა წამების ამსახველი კადრების ნაწილი, მაგრამ გამოძიებამდე მაინც ვერ მივედით.

- შეიძლება, რომ დანაშაულებრივი სისტემის მონაწილეები დღემდე მაღალ თანამდებობებზე იყვნენ?

- იმის გამო, რომ არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე, ვინ მონაწილეობდა კადრების ჩაწერა-შენახვაში და ვინ კურირებდა პროცესს, ვერ ვიტყვით, ვინ არის მონაწილე. შესაბამისად, გამოუძიებლად იმ პირებსაც ვერ დავადებთ ხელს, რომლებიც წინა რეჟიმის დროსაც და დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე არიან.

2012 წლის შემდეგ მეოთხე მთავარი პროკურორი მართავს პროკურატურას. თუ გვეტყვიან, ამ ხნის განმავლობაში რა გამოიძიეს, ყველაფერი დალაგდება. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მოქმედება და პოსტ ფაქტუმ გამოძიების დაწყება ყურადღების სხვაგან გადატანის მცდელობას ჰგავს... ვშიშობ, გამოძიებამ ერთ დღესაც არ გვითხრას, დამნაშავეები დავაკავეთ, IP-მისამართიც გამოვავლინეთ და საქმეც გახსნილიაო. ეს არ იქნება ადეკვატური პასუხი წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებზე.

რუსუდან შელია