"ოქროს მოწმე" საქართველოშია - რა საქმეებზე შეიძლება მისცეს "მასტერამ" ჩვენება?! - კვირის პალიტრა

"ოქროს მოწმე" საქართველოშია - რა საქმეებზე შეიძლება მისცეს "მასტერამ" ჩვენება?!

"მასტერა" ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებშიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში"

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" ჰოლანდიიდანსაქართველოში გამთენიისას ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადიცია მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. უს უკვე გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

როგორც ცნობილია, გიორგი დგებუაძე ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება. ის 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს. ჯერ კიდევ გასულ წელს, იურისტები აცხადებდნენ, რომ "მასტერას" საქართველოში ჩამოყვანამ შესაძლოა, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახადოს ფარდა.

მასტერას" ცოდვანი

დათა ახალაიას მარჯვენა ხელმა გიორგი დგებუაძემ საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. "მასტერა" ცნობილია, როგორც ზონდერჯგუფების ხელმძღვანელი. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება. დგებუაძის სახელი ფიგურირებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. მისმა სახელმა ასევე გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილისა და ოპერაცია "ენვერის" საქმეებში.

აღსანიშნავია, რომ "მასტერას" სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეებში იკვეთება. ერთ-ერთია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. "კუდის ყოფილი თანამშრომლები წინა ხელისუფლების დროს არაკანონიერი გზით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების გაყიდვას ცდილობენ და მყიდველს ეძებენ", - ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 2013 წელს გააკეთა. მისი თქმით, ერთ-ერთი, ვისაც კადრების გაყიდვა უნდოდა გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" იყო.

გთავაზობთ ამონარიდს ხაჭაპურიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრას" მისცა:

ჰოლანდიიდან ამ დღეებში ერთი კაცი დამიკავშირდა, ხომ არ შეიძენ იმ უზარმაზარი არქივის ნაწილსო... ამ კაცს ერთ დროს მე ვიცავდი, ბიზნესმენია, გლდანის ციხეში იჯდა შეთითხნილი ბრალდებით, მერე გაატყავეს და გამოუშვეს. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა ევროპის მოქალაქეობასთან ერთად. გათავისუფლების მერე მალე წავიდა ჰოლანდიაში. იქ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაბოდიალებენ. როგორც მითხრა, ამ ჩანაწერებში ასახული არიან "ნაცმოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, მოსამართლეები, პროკურორები... ვისზეც მოისურვებთ ჩანაწერების ნახვას, იმას მოგყიდიან, შეგიძლია შეარჩიოო. რამდენიმე დეპუტატის გვარიც დამისახელა.

- რამდენად ყიდიან და ვინ ყიდის?

- ფასის გარკვევა არც მიცდია, პირდაპირ უარი ვუთხარი, ვინც გადაიღო, იმან უყუროს სხვისი პირადი ცხოვრების ბინძურ კადრებს-მეთქი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ყიდიან, ეტყობა, თან წაიღეს და ცდილობენ ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადონ. ალბათ, ამას მარტო მე არ შემომთავაზებდნენ. თუ სადმე ინტერნეტში დადეს, იციან, ამის გაშიფვრა ადვილია და ამიტომ ასე გავრცელებას არჩევენ. დაახლოებით ვიცი, რომელ გუნდს გადაეყარა ჩემი ნაცნობი, ისინი კუდ-ის ის თანამშრომლები არიან, ყველაფერზე რომ აწერდნენ ხელს. გვარებიც მითხრა, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან.

- იქნებ ერთი მაინც დაასახელოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

- "მასტერაზეა" საუბარი. ის ეძებს მყიდველებს. ვინც შემომთავაზა ყიდვა, იმან ისიც მითხრა, თუ გინდა, უფულოდაც მოვაცემინებო. (იხილეთ: "მასტერა" მყიდველს ეძებს...)

ხოლო 2015 წლის დეკემბერში შალვა ხაჭაპურიძე "კვირის პალიტრასთან" ამბობდა, რომ თუ "მასტერა" გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დარწმუნდა, რომ მოუწევს ციხეში ჯდომა, რა თქმა უნდა, წავა თანამშრომლობაზეო. "თუმცა მხოლოდ ოქროსმოწმეობა არ არის საკმარისი, მხარს უნდა უმაგრებდეს მტკიცებულებები. შესაძლოა, დგებუაძემ ყოფილი მაღალჩინოსნების საშინელ დანაშაულებს მართლაც ახადოს ფარდა, მაგრამ კიდეც რომ იძახოს, ერთად ამას და იმას ვაკეთებდითო, საკითხავია, მყარ მტკიცებულებად გამოდგება მისი ჩვენება?! საზოგადოდ, დაგვიანებული მართლმსაჯულება მასზე უარის თქმას ნიშნავს. იმდენად გაჭიანურდა პროცესები, საქმე თუ დროულად არ გამოიძიეს, შეიძლება მტკიცებულებები გამოუსადეგარი გახდეს... დავუშვათ, "მასტერამ" აღიარა, ვინ რას ავალებდა, თუ კვალი წაშლილია და მტკიცებულებები აღარ არსებობს, მისი ჩვენება ირიბი გამოდის, რომელიც დღეს მტკიცებულებად აღარ დაიშვება.

"მასტერა" იდეების გენერატორი იყო-მეთქი, ვერ გეტყვით. ის იყო ბნელი საქმეების შემსრულებელი და არ არის გამორიცხული, მისი ექსტრადირება მოხდეს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალმა" მაღალჩინოსნებმა ხელი შეუშალონ მის ექსტრადირებას და დგებუაძეს მფარველობა გაუწიონ, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გახმაურება შეუძლია", - განაცხდა შალვა ხაჭაპურიძემ. (იხილეთ: "მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!)

მოასწრო თუ არ "მასტერამ" დაკავებამდე ფარული ჩანაწერების სარფიანი მყიდველის ნახვა ან სად ინახება მისი "პანდორას ყუთი", ეს შესაძლოა სულ მალე გაირკვეს, რადგან ის უკვე საქართველოშია.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: "მასტერა" ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებშიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარულ ჩანაწერებში ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა). ბიზნესმენის მკვლელობა მათ ჩეჩენ ტერორისტს შეუკვეთეს და დგებუაძის აღიარება გამოააშკარავებს შეკვეთილ მკვლელობას. გაცხადდება ციხის ბუნტთან, ნავთლუღის სპეცოპერაციასთან, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ სხვა. "მასტერა" გახმაურებული საქმეების 90%-ში მონაწილეობდა. მეეჭვება, მან დუმილის უფლება გამოიყენოს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები ვერ უძლებენ საპატიმროს და ადვილად თანხმდებიან შეთავაზებას, რომ შეღავათების სანაცვლოდ, თქვან სიმართლე. ამის მაგალითია ოლეგ მელნიკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვა. მან ყველას წინააღმდეგ მისცა მამხილებელი ჩვენება".

იხილეთ ვიდეო