"ახლა მოუნდა ბერობა?" - კვირის პალიტრა

"ახლა მოუნდა ბერობა?"

"ყველას გასაგონად ვიღრიალებ, რომ მაგდას ომარი არ მოუკლავს"

"დანაშაულში ერთი კაცი არ მონაწილეობდა, მკვლელს დამხმარე ჰყავდა..."

"12 მსაჯული კარგად უნდა დაფიქრდეს და მიხვდება, რომ პაპიძეს დანაშაული არ ჩაუდენია"

"ბატონო მოსამართლევ, არასოდეს მქონია შეხება სასამართლოსთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მინდა სწორედ საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილონ ჩემი საქმე. მინდა მათ შეიგრძნონ როგორც დედის, ქალის, ბრალდებულის მდგომარეობა, ამიტომ მინდა ავირჩიო ნაფიცი მსაჯულები. მინდა იმსჯელოს სრულიად საზოგადოებამ", - განაცხადა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ 5-საათიან სასამართლო პროცესზე და მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

12 ნაფიცი მსაჯულის შერჩევის სხდომა მოსამართლემ 2016 წლის 7 აპრილისთვის დანიშნა. პროკურორები ირწმუნებიან, რომ ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები ნაფიცი მსაჯულებისთვისაც საკმარისი იქნება მაგდა პაპიძის ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალის დასადასტურებლად.

შეგახსენებთ, 31 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ გაიზიარა და ის პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, პროკურატურა კი ირწმუნება, რომ საქმეში არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება... ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ელის.

"პაპიძემ იცის, რა სასჯელი ელის"

"ჯერ სასამართლოზე არავინ დაკითხულა, მოწმეთა ჩვენებები უნდა მოვისმინოთ! არსებობს საფრთხე, რომ პაპიძემ ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე. ბრალდებული თავიდანვე შეეცადა კვალის წაშლას, სისხლიანი ნივთები და ურო ურნაში გადააგდო, ცდილობდა, პასუხისმგებლობას გაჰქცეოდა... რაც მან ჩვენებებში თქვა, ყველაფერი გადამოწმდა და არც ერთი არ აღმოჩნდა სიმართლე. მაგდა პაპიძემ კარგად იცის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რა სასჯელი ელის... ადვოკატები ცდილობენ, გაამართლონ, ეს გასაგებია, მაგრამ ის უნდა დარჩეს პატიმრობაში, არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი", - განაცხადა პროკურორმა ელენე ჩხეიძემ და დეტალურად ისაუბრა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე.

"ვერ ვიგლოვე ჩემი ორი კაცი"

მაგდა პაპიძე: "მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი. მოვითხოვ როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა, აქცენტს ნუ გააკეთებთ იმაზე, რომ ეს დანაშაული ჩემი ჩადენილია. წარმოიდგინეთ ჩემი სულიერი მდგომარეობა. მე ვერ ვიგლოვე ჩემი ორი კაცი - მეუღლე და შვილი. ისინი ხელებში თბილი ჩამრჩნენ. თავისუფლება მინდა იმიტომ, რომ გული მოვიოხო. ვერ გადმოგცემთ იმ ტკივილს, რაც მაქვს. მე და ღმერთმა ვიცით, არსად დამალვა არ მიცდია, ტრასაზე ვიდექი და შველას ვთხოვდი მეზობლებს, სამედიცინო პერსონალს. ვიცი, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო. ძალიან განვიცდი ჩემს მდგომარეობას. გთხოვთ, დაკონკრეტებით ნუ იტყვით, რომ ეს ჩემი ჩადენილია, ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს".

ირმა ბრელიძე, მაგდა პაპიძის ადვოკატი: - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, უროზე არ იყო სისხლის კვალი, თვე-ნახევრის შემდეგ კი გაჩნდა.

ცისფერი დანათების შედეგად ოთახში აღმოჩენილი ლაქები შეიძლება ყოფილიყო ცხოველური ცხიმიც და სხვა სახის ლაქაც. თვე-ნახევრით ადრე ომარი ავარიაში მოყვა და ცხვირიდან სისხლი წასკდა, არ არის გამორიცხული, ეს მაშინდელი ლაქები ყოფილიყო.

იატაკზე აღმოჩენილია სისხლის ორი ლაქა, რაზეც მაგდა თავიდანვე ამბობდა, ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად სისხლიანი ხელებით შევვარდი და მაშინ დაეწვეთაო.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ პაპიძემ გვამი სახლიდან გამოათრია, მაშინ რატომ არ იწყება დანათების კვალი სახლიდან და იწყება სადარბაზოდან? მაგდამ მხარზე შეისვა ორმეტრიანი კაცი? რა დროს მოწმინდა? რატომ არ იწყება გაწმენდის კვალი ბინიდან? მატრასზე რატომ არ არის სისხლის კვალი? სისხლის კვალი შპალერზეც 23 თებერვალს ჩნდება. როგორ, შემთხვევის ღამეს, 20 დეკემბერს ვერ აღმოაჩინეს და თვე-ნახევრის შემდეგ გაჩნდა?

"ვერცხლისფერი "მერსედესი" მაგდას მიჰყვებოდა..."

მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე იმ ახალ გარემოებაზე საუბრობს, რომელზეც, მისი თქმით, პროკურატურა მუშაობს: - ორი დღის წინ შევიტყვეთ, რომ ვიდეოთვალმა ღამის 02:15 საათიდან დააფიქსირა ვერცხლისფერი "მერსედესი", რომელიც მაგდას მიჰყვება, ბუნკერთან ჩერდება და ფარებს უნთებს. მაგდა იხსენებს, როცა ბუნკერს გავცდი, გონებაში ჩამრჩა მაღაზიასთან მდგომი ავტომანქანა, რომელიც მერე ჩემს ფეხებთან გაჩერდაო. სავარაუდოდ, უკან მიჰყვებოდა მაგდას. მძღოლი გადმოსულა კიდეც და ფირზე მხოლოდ მისი ფეხები ჩანს. ამ დროს ქუჩაში მის გარდა, კაციშვილი არ იყო. პროკურატურა მუშაობს ამ დეტალზე და, წესით, არ უნდა გაუჭირდეს ვინაობის დადგენა.

"ოთო ბერძენიშვილმა შემომითვალა..."

ლიანა შამუგია, მაგდა პაპიძის დედა: - მეც მინდოდა ნაფიც მსაჯულებს განეხილათ მაგდას საქმე. ძალიან ჭკვიანი და აზრიანი გოგოა, იცის, რას ამბობს. ამ ყველაფერმა უარყოფითი კვალი დატოვა საზოგადოებაში და, მგონი, ჯობია ასე მოხდეს... იოტისოდენა ეჭვიც არა მაქვს, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული მაგდას ჩადენილია. ომარს ვერ მოერეოდა და ამხელა დაზიანებებს ვერ მიაყენებდა. როგორც ვიცი, ომარს ხერხემალი და ნეკნები აქვს დაზიანებული, თავზე აღარაფერს ვამბობ, ისე აქვს დაჩეხილი. თვალები ბუდიდან ჰქონდა გადმოვარდნილი, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თავზე პარკი ჩამოაცვეს. ფოტოები რომ ნახა, ლანამ მითხრა, დედა, ტუჩები გაბერილი აქვს და თვალები გადმოკარკლული, აშკარად გაგუდულიაო. ომარს ხელზე ჰქონდა ნაკაწრები და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ხელზე მაგდას დნმ არ აღმოჩნდა.

ყველას გასაგონად ვიღრიალებ, რომ მაგდა ომარს ვერ მოერეოდა და ვერ მოკლავდა. ექსპერტიზამ ისიც დაამტკიცა, რომ სისხლის კვალი, რომელიც ოთახში აღმოჩნდა, თვე-ნახევრის წინანდელი იყო - ომარს ავარია მოუვიდა და ღუდუშაურის კლინიკაში დევს დასკვნა. მაშინ მას კაპილარი გაუსკდა და მთელი ოთახი სისხლით იყო მორწყული. ექსპერტიზის დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ ომარი შინ კი არა, გარეთ არის მოკლული, მას უამრავი დაზიანება აქვს და მისი ცხედარი ნათრევია. არ არის გამორიცხული, ჩემს სიძეს მტრები ჰყოლოდა, ჰქონდა ვალები, რამდენიმე პირი ნაცემიც ჰყავდა.

არის ერთი მოწმე მეზობელი, რომელიც ჰყვება, რომ იმ საათებში, როდესაც თითქოს მკვლელობა მოხდა, კორიდორში გაიარა და დაინახა, მაგდას კარი ღია ჰქონდა და იატაკს წმენდდა, თუმცა გვამები არ უნახავს. მეზობელს ეს რომ უთქვამს, ომარის ძმას სასტიკად გაუფრთხილებია, ხმა აღარ ამოიღოო. ქაფიაშვილები აშინებენ მეზობლებს, მაგრამ ხმები მაინც გამოდის.

ურნაში გადაყრილი ნივთები დედამთილის იყო. ამბობენ, მაგდამ ბავშვის ფოტოებიც ურნაში ჩაყარაო, მაგრამ იმ ფოტოებზე სულ სხვა ბავშვია გამოსახული, გამოძიებამ ვერ დაადგინა მისი ვინაობა. იქ ეყარა ტანსაცმელიც, რომელიც თოკოსი კი არა, დაახლოებით 12 წლის ბავშვის ზომის იქნებოდა...

ოთო ბერძენიშვილი (მაგდა პაპიძის მეგობარი) დაჰკითხეს და გამოძიებამ საეჭვოდ არ მიიჩნია, თუმცა არსებობს მისი ჩვენება. იცით, რომ პოლიციაში პირველად მისი ზარი შევიდა? მან შეატყობინა, რომ უბანში მკვლელობა მოხდა. დარწმუნებული ვიყავი, ამ ბიჭთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყებოდა. ჩემი თოკოს სულს ვფიცავ, თუ ვაჭარბებდე, პროკურორმა ირაკლიმ (გვარი არ მახსოვს) მითხრა, ბერძენიშვილის ზარი შემოვიდა, მან გვაცნობა, რომ მკვლელობა მოხდა უბანშიო. პირი დამრჩა ღია. მერე მითხრა, გამოვკითხეთ და არ დადასტურდა, რომ ის ბიჭი იმ ღამით უბანში იმყოფებოდა, ორთაჭალაში იყოო. არადა, როცა მაგდა პოლიციას მიჰყავდა, დაუნახავს ოთო, რომელიც უყურებდა, როგორ აპატიმრებდნენ მას.

ამას რომ ვამბობ, დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ იმ პროკურორსაც დავასახელებ, ვინც ეს მითხრა. ახლა ის ბიჭი მონასტერშია ბერებთან. ახლა მოუნდა ბერობა? მინდოდა მისი ნახვა, მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა", მან კი შემომითვალა, დამიმტკიცეო.

ღვთის წინაშე ვამბობ, ჩემს თორნიკეს ვფიცავ, არ ვიცოდი მისი არსებობა და არც ის, მაგდას მეგობარი თუ იყო. რომ მცოდნოდა, ამას ვაპატიებდი ჩემს შვილს? ომარს ეს როგორ გამოეპარა, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო. იცით, როგორ მიყვარდა? მაგდას ვეუბნებოდი, მოუთმინე, შვილო, ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუ თვრება და აფრენს, მაინც შენი პატრონია და კარგი ბიჭია-მეთქი. მე ვენდობი მაგდას, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ხალხმა შეაფასოს ყველაფერი. ვფიქრობ, დანაშაულში ერთი კაცი არ მონაწილეობდა, მკვლელს დამხმარე ჰყავდა, ომარს ერთი ვერ მოერეოდა.

"გამოძიება რასაც დაადგენს, იმ დასკვნას გავიზიარებ"

მალხაზ ქაფიაშვილი, ომარის ძმა: - არასდროს მითქვამს მტკიცებით ფორმაში, არც გამოძიებასთან და არც კერძო საუბრებში, რომ მაინცდამაინც მაგდამ ჩაიდინა მკვლელობა. გამოძიება რასაც დაადგენს, იმ დასკვნას გავიზიარებ. პროკურატურის მუშაობაში ეჭვი რომ გვეპარებოდეს, გამოძიებას თავიდან დავიწყებდით. სისხლის ლაქები თუ მკვლელობის ჩადენამდე თვე-ნახევრის წინანდელია, მაშინ საიდან აღმოჩნდა ის მანქანის კარზე, დივანზე, ბალიშებზე...

ან კედელზე რა უნდოდა სისხლის წვეთებს, თუ გარეთ მოხდა მკვლელობა? სულ იმას იმეორებენ, ქალია და ვერ მოერეოდა, მარტო ვერ ჩაიდენდა დანაშაულსო. ვითომ რატომ? მძინარე ადამიანს თავში უროს თუ ჩასცხებ, რა მორევა უნდა. მაგდა კარგად ნავარჯიშები იყო და, სხვათა შორის, მაშინაც თამაშობდა ფრენბურთს საქართველოს ნაკრებში, როცა დიაბეტი ჰქონდა. ასე რომ, დანაშაულის ჩადენა არ გაუჭირდებოდა. ეგენი კიდევ ბევრ რამეს იტყვიან. იმედია, ნაფიცი მსაჯულები ობიექტურ ვერდიქტს გამოიტანენ.

ნანა ფიცხელაური