"ბებია, პაპა და დედა ყვიროდნენ, ოთახში ბავშვიაო... თავიდანვე რომ მცოდნოდა, კარადაში იყო, იქნებ გადამერჩინა"
08-04-2016
"ბებია, პაპა და დედა ყვიროდნენ, ოთახში ბავშვიაო... თავიდანვე რომ მცოდნოდა, კარადაში იყო, იქნებ გადამერჩინა"
"სახლში ხოხვით შევედი, იქაურობა კვამლით იყო სავსე. ოთახებში დავფოფხავდი, მაგრამ მარიამი არსად ჩანდა"

31 მარტს ასპინძის სოფელ ნაქალაქევში ავთანდილ ბერიძის სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც წლისა და 4 თვის მარიამის სიცოცხლე შეეწირა. პატარას გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შესულმა მეზობელმა ბავშვი კარადაში დამწვარი იპოვა. ექსპერტები და სამართალდამცავები მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა, შესაძლოა, ბავშვებმა თამაშის დროს ოთახში ცეცხლი გააჩინეს. ბერიძის სახლში ორი პატარა იზრდებოდა, ისინი ოთახში მარტონი
იყვნენ. დედა, ბებია და პაპა ეზოში საქმიანობდნენ. დავით ბერიძის უფროსი შვილი, სამი წლის ბიჭუნა, ეზოში გაიქცა და დედას უთხრა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა. ცეცხლი ელვის სისწრაფით მოედო სახლს. დაგვიანდა სახანძროს გამოძახებაც.

გიორგი ოთანაძე, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნაქალაქევში: "ექსპერტიზა ადგენს, რამ გამოიწვია ხანძარი. ოჯახის წევრებმა გვიან
გაიგეს, რომ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლის ბიჭი ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა, პატარა რომ ეპოვა, თუმცა ამაოდ, თვითონ კი დაშავდა. მთელი სოფელი ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებული იყო".

მევლუდ მაღრაძე, 24 წლის:
- სახლში ვიყავი, ბერიძეებისგან საშინელი წივილ-კივილის ხმა რომ შემომესმა. რომ მივედი, ცეცხლის ალი უკვე გარეთ გამოდიოდა, ბებია, პაპა და ბავშვის დედა ყვიროდნენ, ოთახში ბავშვიაო. სახლში ხოხვით შევედი, იქაურობა კვამლით იყო სავსე. ოთახებში დავფოფხავდი, მაგრამ მარიამი არსად ჩანდა, სად არ შევიხედე, ერთადერთი, გარდერობს ვერ მივეკარე, იწვოდა. გარეთ გამოვვარდი, ბავშვი ოთახში არ არის-მეთქი, დედამისმა, თავის ოთახშიაო. ისევ შევტრიალდი და მაინც რომ ვერ ვიპოვე, 112-ში დავრეკე. გაგიჟებული გამოვედი, მითხარით, ბავშვი სად შეიძლება იყოს-მეთქი, ამ დროს ბებიამისის ნათქვამი გავიგონე, მარის კარადაში თამაში უყვარსო. ეს რომ გავიგონე, ცუდად გავხდი, ბავშვი თუ კარადაში იყო, ვიცოდი, დამწვარი იქნებოდა. მაინც გავრისკე, სახლში შევედი, უკვე იმხელა სიმხურვალე იყო, ფანჯრები და საწოლები დადნა.

ამ დროს მამაჩემმა ფანჯარა შემოამტვრია და მეზობლებმა წყალი შემოასხეს, ცეცხლი ოდნავ მინელდა და კარადამდე მივედი, კარი გამოვაღე და გავხევდი - კარადაში დამწვარი მარიამი იყო. ვერ შევძელი პატარის ხელში აყვანა, ამ დროს ოთახში დედაჩემი შემოვიდა, ქურთუკი გადააფარა მარიამს და გაიყვანა. სიმხურვალისგან სახე და თვალები დამეწვა. მკურნალობა დამჭირდა, ახლაც მახველებს, ეტყობა, ბოლი ჩავყლაპე...

წუთი არ გავა, მარიამზე არ ვიფიქრო. თავიდანვე რომ მცოდნოდა, კარადაში იყო, იქნებ გადამერჩინა. მე კი საწოლებზე, ტანსაცმელში, მაგიდის ქვეშ ვეძებდი.
დამწვარი ბავშვი რომ გამოვიყვანეთ, მამამისი მაშინ მოვიდა. მწყემსია, დღიურად უხდიან ფულს და ასე არჩენს ოჯახს. ძალიან უჭირთ, თუმცა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მაინც ვერ მოხვდნენ, იქნებ ახლა მაინც მიხედონ ამ გაუბედურებულ ოჯახს. მათ ახლა სახლიც კი არა აქვთ, ამიტომ ცხედარი ნათესავის სახლში დაასვენეს.
სპორტსმენი ვარ, სხვა დროს ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია, მაგრამ პატარა მარიამი ვერ გადავარჩინე.

თეა ხურცილავა
jiji
21 სექტემბერი 2016 14:44
სამწუხარო ტრაგედიაა,ნათელში იყოს პატარას სული! თუმცა მევლუდ მაღრაძე გმირია! ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის საყრდენნი! ტელევიზიებო გააცანით ეს ახალგაზრდა კაცი ქვეყანას! დასახეთ სამაგალითიოდ! ნუ გვტენით ათასი ჯურის გახდილს, ვერორიენტირებულს და უკაცრავადპასუხია, ჩახდილს! აი ეს და ამისთანა ადამიანები არიან სამაგალითონი!
mari
20 აპრილი 2016 14:08
აუ აბა რა დედამისი რას კიოდა ვერ სჰევარდა მანამ დრო იკო....ზოგი რა დებილია რრაა
Gvanca
13 აპრილი 2016 22:41

Chemi gmiri qamari ramdeni iwvala magram amaod

რედაქტორის რჩევით