"რა ილეთი გამოიყენა მკვლელმა, არავინ იცის, ფაქტია, ბავშვი იქვე გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

"რა ილეთი გამოიყენა მკვლელმა, არავინ იცის, ფაქტია, ბავშვი იქვე გარდაიცვალა"

"თუ სამართალი არ აღდგება, ჩვენ მოგვიწევს შურისძიება"

ბავშვს სადარბაზოში მკვლელთან ერთად კიდევ ორი ბიჭი დახვდა, როცა ისინი დაინახა ანრიმ, გაქცევა სცადა, მაგრამ დაეწივნენ. მერე თურმე ისინი ეუბნებოდნენ დამნაშავეს, არ სცემოო

გასულ კვირას ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში, 14 წლის ანრი გოგიტიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახის წევრები თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ბავშვი თანატოლმა მოკლა. ანრი გოგიტიძე ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

ნატო გოგუაძე, სკოლის დირექტორი: "ანრის სკოლაში არასოდეს მოსვლია კონფლიქტი. როგორც ამბობენ, უბანში მოზარდებს შორის შელაპარაკება მოხდა, მიზეზი არ ვიცი. ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ არის, ამბობენ, გარეგნულად დაზიანება ბავშვს არ ჰქონდაო. მის ოჯახში რაც ტრიალებს, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია".

ანრი გოგიტიძის დეიდა ხათუნა მსხალაძე კატეგორიულად მოითხოვს, სამართალდამცავებმა დამნაშავე ოპერატიულად დააკავონ: - ანრი სახლში სადილობდა, ეზოდან რომ დაუძახა მეგობარმა. ის 10 წლის არის, გვერდით კორპუსში ცხოვრობს. მკვლელმა ეს ბიჭი აიძულა, ანრი სახლიდან გაეყვანა. დამნაშავე ანრიზე ფიზიკურად ბევრად ძლიერია, ბავშვი შეშინებული იყო და მასთან შესახვედრად არ მიდიოდა. ანრიმ დედას უთხრა, 5 წუთში დავბრუნდებიო და სახლიდან გავიდა. მკვლელი და კიდევ სხვა ბიჭები სადარბაზოში დახვდნენ. კასტეტი აქვს დარტყმული, ფილტვი შენგრეული აქვს.

- კონფლიქტის მიზეზი რა იყო?

- ბიჭები თავიდან ძმაკაცობდნენ, მაგრამ ერთ დღეს თურმე ის ბიჭი ეზოში იგინებოდა და ანრის უთქვამს, გოგონები არიან, ნუ იგინებიო. შენ ვინ გკითხავსო და ახლა ჩემს დისშვილს შეაგინა. მანამდეც ჰქონიათ კონფლიქტი გოგოს გამო, მაგრამ მაშინ უფროსები ჩაერივნენ და შეარიგეს. ახლაც ემუქრებოდა, რაც "ფეისბუკზე" მიმოწერითაც დასტურდება. სწერს, ამდენი ხანია რომ გიბარებ "სტრელკაზე", რატომ არ გამოდიხარო, ანრი პასუხობს, არ შეგხვდებიო. ბავშვი მოკლეს და საქმე მკვლელობის მუხლითაც არ აღძრეს. როგორც მითხრეს, დამნაშავეს მფარველები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ანრის სიკვდილს არავის შევარჩენთ. თუ 14 წლის ბიჭს ეს მკვლელობა შერჩა, ის არავის დაინდობს.

ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ანრი ვერ გაიქცა, ისინი ბევრნი იყვნენ და მოკლეს. დამნაშავესთან ერთად მეზობლად მცხოვრები 17 წლის ბიჭიც ყოფილა. დღეს ყველანი გაქცეულები არიან. თუკი დამნაშავეები არ არიან, რატომ მიიმალნენ? თუ სამართალი არ აღდგება, ჩვენ მოგვიწევს შურისძIიება. ანრის მკვლელობას არავის შევარჩენთ.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც მოუწოდებს სამართალდამცავებს, საქმე დროულად გამოიძიონ: - ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის. გამოძიება ოჯახს ეუბნება, რომ ექსპერტიზის მერე შეუცვლის საქმეს კვალიფიკაციას. ვინც მოკლა ანრი გოგიტიძე, იმავე ეზოში ცხოვრობს. დამნაშავე სპორტსმენია, მორაგბე.

ბავშვს სადარბაზოში კიდევ ორი ბიჭი დახვდა, როცა ისინი დაინახა ანრიმ, გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირეს. მეორე სართულზე დაეწივნენ. მერე თურმე ისინი ეუბნებოდნენ დამნაშავეს, არ სცემოო. რა ილეთი გამოიყენა მკვლელმა, არავინ იცის, ფაქტია, ბავშვი იქვე გარდაიცვალა. პირველად მეზობლებმა ნახეს მომაკვდავი, მიშველეთო, უთქვამს, მერე დედამისიც მივარდნილა, ანრი წყალს ითხოვდა, მიაწოდეს წყალი, მაგრამ სული დალია. დანაშაული დღისით მოხდა, იქვეა პოლიციის განყოფილება. პოლიციის შენობის წინ კლავენ მოზარდს, რა ჰქვია ამას? კი, აღარ არის სააკაშვილის დროინდელი პოლიცია, მაგრამ სამართალდამცავების პასიურობა მეორე უკიდურესობაში გვაგდებს.

გონიოს მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრა. როგორც მითხრეს, სამმა ახალგაზრდამ პოლიციის წინ ბინა იქირავა და იქ საშინელებები ხდება, პოლიცია კი არც დაინტერესებულა. ბოლო სამი დღის განმავლობაში სოფელ სამებაში 6 ოჯახი გაიქურდა, რამდენიმე ოჯახი - ქედაში. გონიოში პოლიციის განყოფილების უფროსი თელავიდან ჩამოიყვანეს, სანამ ის გაერკვევა, ვინ ვინ არის, მანამდე დანაშაული დანაშაულზე ხდება.

ანრის მკვლელობის შემდეგ კაფეში კიდევ ერთი მოზარდი დაჭრეს, ისიც ქუჩური გარჩევის მსხვერპლი აღმოჩნდა.

სანამ მორიგი ტრაგედია დატრიალებულა, ჯობია პოლიციამ დროზე იმოქმედოს, ყველამ იცის ანრი გოგიტიძის მკვლელის ვინაობა და დროზე დააკავონ.

თეა ხურცილავა