ჩანაწერების საქმეზე ლელუაშვილის და სხვათა დაკავება "მასტერას" ჩამოყვანამ დააჩქარა?! - კვირის პალიტრა

ჩანაწერების საქმეზე ლელუაშვილის და სხვათა დაკავება "მასტერას" ჩამოყვანამ დააჩქარა?!

"თავის დროზე ლელუაშვილი ლევან მამალაძის კარის ბიჭი იყო, მისი მეჯინიბე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პატრონი გამოიცვალა... "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც სცადა ახალი პატრონის პოვნა..."

"შესაძლოა, მათ მომავალში ინდივიდუალური ვაჭრობაც დაიწყონ - პოლიტიკურს თუ არა, ფინანსურ მოთხოვნებს დააყენებენ"

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დააკავა ძალოვანი სტრუქტურების 5 ყოფილი მაღალჩინოსანი - ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე და ზურაბ პავლიაშვილი. შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი თავად მივიდა საგამოძიებო უწყებაში, რაც შეეხება კუდ-ის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს, გივი კაციტაძეს, მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ვასილ ლელუაშვილის დავალებით ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს უთვალთვალებდნენ და მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს აკეთებდნენ. ამ ეტაპზე არ არის დადგენილი, მიუძღვით თუ არა მათ ბრალი ჩანაწერების გავრცელებაშიც. მაღალჩინოსნების დაკავების დღესვე ტელევიზიით გავრცელდა ვასილ ლელუაშვილის მიერ წინასწარ გაკეთებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ის უკანონო ვიდეოჩანაწერებთან კავშირს უარყოფს...

"დამკვეთების სახელებიც ვიცით და გამავრცელებლებისაც"

მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - გვქონდა ინფორმაცია, რომ კუდ-ს აქვს ეს მასალები და მისი დამზადების მთავარი ორგანიზატორი ლელუაშვილია.

- ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დამკვეთი?

- სააკაშვილი და მერაბიშვილი. ამ საქმეში ბაჩო ახალაიაც იყო დასახელებული.

- ვარაუდობენ, რომ "მასტერას" (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე) ჩამოყვანამ დააჩქარა ამ საქმის გახსნა.

- არ გამოვრიცხავ, რადგან დგებუაძე ძალიან ახლოს იყო ყოფილ მაღალჩინოსნებთან. ნუ დაგავიწყდებათ მისი ცნობილი ფრაზა, როდესაც ის ციხის ბუნტის დროს პატიმარ პლატონ მამარდაშვილს ტელეფონით ესაუბრება: "ვთქვათ, გადატრიალდა ქვეყანა, მაშინ შენ ვის გაახსენდები! დასჯას მერაბიშვილისგან, ახალაიებისგან დაიწყებენ და მეც მიმაყოლებენ, იმენნა გამატყავებენ, თან რაზე? ხელი დაადე დათას, ასეთ რაღაცებს რომ აკეთებდაო. გასაქცევად მექნება საქმე და სადაც წავალ, შენც წაგიყოლებ". არ გამოვრიცხავ, დგებუაძემ ბოლო ლურსმანი ჩააჭედოს ამ საქმეში.

- ისინი შეიძლება ჩანაწერების ინტერნეტით გამავრცელებლებიც ყოფილიყვნენ?

- გამავრცელებლები უფრო მაღალ ეშელონებში უნდა ვეძებოთ. ვინ ცდილობდა დღევანდელ ხელისუფლებასთან ამ ფირებით ვაჭრობას? "მასტერა", რომელიც ამას ბრიუსელიდან ცდილობდა, და მეგის ქარდავა...

2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ფეიქრიშვილი გარდაბანში ჩემი ოპონენტი იყო, ის ლელუაშვილის მარჯვენა ხელი გახლდათ და ჩემი დამარცხების შედეგად გაიყვანეს პარლამენტში... ლელუაშვილი იქაურებს მოუწოდებდა "ოცნების" მხარდაჭერისკენ, თორემ აგენტურის მეშვეობით "ნაციონალების" სასარგებლოდ მუშაობდა და ორმაგ თამაშს თამაშობდა... თავის დროზე ლელუაშვილი ლევან მამალაძის კარის ბიჭი იყო, მისი მეჯინიბე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პატრონი გამოიცვალა... "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც სცადა ახალი პატრონის პოვნა. ტაბახმელელია და თავის თავს მთლიანად ქვემო ქართლი აჩუქა - გარდაბნისა და ტაბახმელა-წავკისის მიწების უკანონოდ გაყიდვაში ლომის წილი უძევს. ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბებაც მისი დამსახურებაა...

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ცდილობდა ლელუაშვილი გელა ხვედელიძის კაბინეტში შესვლას დიდი ჩანთით, სადაც, სავარაუდოდ, მასალები ჰქონდა, მან კი არ მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლელუაშვილიც და ლევან ქარდავაც ხვედელიძის კაბინეტში დააპატიმრეს. არ გამოვრიცხავ, რომ ლელუაშვილი თავისუფლების სანაცვლოდ უშიშროების სტრუქტურასთან თანამშრომლობდა...

"ნაციონალები" ახლა ცდილობენ, ლელუაშვილს დაბრალდეს ყველაფერი და საზოგადოებას დარჩეს განწყობა, რომ ის ყველაფერს ზემოდან ბრძანების გარეშე აკეთებდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ეს კავშირები, ლელუაშვილმა კი ყველაფერი უნდა თქვას, რათა განტევების ვაცად არ აქციონ...

- თქვენი აზრით, ვინ იქნება შემდეგი?

- ლელუაშვილსა და იმ 4 კაცზე მაღალი რანგის დამნაშავეებიც არიან. ეს ფაილები ისეა გამრავლებული, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში (სანამ ჩანაწერებში ასახული პირები პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ სივრცეში არიან), სახელმწიფოებრიობის თავზე დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული. შესაძლოა, მათ მომავალში ინდივიდუალური ვაჭრობაც დაიწყონ - პოლიტიკურს თუ არა, ფინანსურ მოთხოვნებს დააყენებენ.

ჩვენ დამკვეთების სახელებიც ვიცით და გამავრცელებლებისაც. შეიძლება ვერ გავიგოთ, კონკრეტულად ვინ ატვირთა, მაგრამ ვიცით, რომ ზოგი ფაილი თურქეთიდან, ზოგი კი უკრაინიდან იყო ატვირთული.

"აღმოაჩენენ, რომ ბევრი მათგანი დაწინაურებულიცაა"

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: - დაკავებული კუდ-ის თანამშრომლები არიან ჩანაწერების დამამზადებლებიც და გამავრცელებლებიც. ზოგზე საქმეა აღძრული, ზოგი ჩამოცილებულია საქმიანობას, მაგრამ გამოჩნდა მოსიარულე კომპრომატი - "მასტერა", მას აქვს ზღვა ინფორმაცია, ისეთი, როგორიც ახალაიასაც კი არ შეიძლება ჰქონდეს. მოიძიონ, სად არიან კუდ-ის მაშინდელი თანამშრომლები. მოიკითხონ ძმები არჩაიები ქუთაისში, ერთი კუდ-ის უფროსი იყო, მეორე ხან ერთ ადგილას იყო ციხის უფროსად, ხან - მეორე. ყველა პოტენციური საფრთხის წყაროა. თუ კარგად მოიძიებენ, აღმოაჩენენ, რომ ბევრი მათგანი დაწინაურებულიცაა. რატომ ვერ ჩამოიყვანეს კეზერაშვილი და ახალაია? რას ჩამოიყვანენ, ამდენი "საბოტაჟნიკი" რომ გეყოლება სისტემაში? კვალი საბოლოოდ მივა სააკაშვილამდე, რომელიც ამბობს, ხელისუფლებას შევცვლი საქართველოშიო. სწორედ ის დგას ამ პირამიდის თავში.

"გვამებს ხომ არ გაუგზავნიდნენ?!"

გოგა ხაინდრავა, კინოდოკუმენტალისტი: - ვიცოდი, მოვიდოდა დრო და არჩევნების წინ მავანნი აამუშავებდნენ ამ იდეას. ამ კამპანიაში ჩართული ხალხი მონდომებულია, გზა-კვალი აურიონ სიმართლეს. ცნობილია, ვინ გაიტანა და ვინ ავრცელებს ჩანაწერებს - "ნაციონალები". ყველაზე სასაცილო ის არის, სხვების პირად ცხოვრებაში ჩარევას ბარამიძე, ბოკერია, ცისკარიშვილი და გაბაშვილი რომ გააპროტესტებენ. როგორც ნიკო გომელაური ამბობდა, "ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა". ეს საქმე დღეს გაიხსნა, მაგრამ ჯობდა, გუშინწინ გახსნილიყო. ესეც კოაბიტაციის წყალობით მოხდა, შარვლიდან რომ ხტებოდა ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება და ევროპის პოლიტელიტა.

ევროპა და დასავლეთი რომ უბედურებაშია, ამას კარგად ვხედავთ. მას რომ ისეთი პოლიტიკოსები ეყოლება, რომლებიც თავს უფლებას მისცემენ და ისეთ ბოროტ დამნაშავეებს, როგორებიც არიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და სხვები, პოლიტპატიმრები უწოდონ, იმ ევროპას მომავალი არ გააჩნია.

ამ ძალების უკან ფინანსურად და პოლიტიკურად მძლავრი ბნელი ძალები დგანან, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ჩანაწერების დამკვეთი სააკაშვილია, შემსრულებლები - მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაია, ბოკერია, ბარამიძე... მათ ათიათასობით შემსრულებელი ჰყავდათ და ყველას როგორ დაიჭერ?

ამ დემოკრატიულმა ევროპამ ამერიკასა და რუსეთში მოკალათებული ძალების მეშვეობით ყველაფერი გააკეთა, რომ ის ბოსები, ვინც საქართველოში დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, არ გასამართლებულიყვნენ. მთავარ ბოროტმოქმედს არა მარტო თავშესაფარი მისცეს უკრაინაში, გუბერნატორად დანიშნეს. ადეიშვილიც იქ არის, კეზერაშვილიც, რომელიც ცალი კალოშით მოვიდა და მერე მილიონერი გახდა. კეზერაშვილს ძებნა მოუხსნეს. ძებნა მოუხსნეს დათა ახალაიასაც, რომელმაც სისხლში ჩაახრჩო საქართველო, 18-20 წლის ბიჭებს "კანტროლკას" რომ უკეთებდა. სათანადო მტკიცებულებები არ გაიგზავნა პროკურატურიდანო. საბერძნეთში გადაგზავნილია ნავთლუღის სპეცოპერაციის კადრები, სადაც ჩანან სისხლში ამოსვრილი ბიჭები, მეტი რაღა მტკიცებულება გინდა, გვამებს ხომ არ გაუგზავნიდნენ?! ამას მტკიცებულება კი არა, სინდის-ნამუსი და სამართლიანობა უნდა.

- ამას წინათ "კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადეთ, "ნაციონალებმა" ჩემზეც სცადეს გამოსვლა და უკრაინაში კასეტების ყიდვა შემომთავაზესო. იქნებ ახლა მაინც გვითხრათ, ვინ იყო ის და მაინცდამაინც თქვენ რატომ დაგიკავშირდნენ?

- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დამიკავშირდა? დამიკავშირდა და პანღურიც მიიღო. ჩემთან სალაპარაკოდ კუდ-ის მაღალჩინოსანი რომ არ მოვიდოდა, ამას რა თქმა უნდა. ისინი "ნაციონალების" შუამავლები იყვნენ. არც ვიცი, ვინ იყო ის "შნირი". ფირები მე იმიტომ შემომთავაზეს, რომ ჩათვალეს, "ნაციონალებთან" დასაპირისპირებლად გამოვიყენებდი, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოყენება არასოდეს დამჭირვებია, მეტსაც გეტყვით, არასდროს მინახავს და არც მაინტერესებს. იარაღად მე ჩემი სიმართლე მაქვს.

ნანა ფიცხელაური