ვინ რას "ტენის" ატენზე - კვირის პალიტრა

ვინ რას "ტენის" ატენზე

"მოსამართლემ ვერ დამალა გაოცება, რომ კოეფიციენტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა გაზრდილი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მერიისთვის მოეთხოვა პასუხი, წარმოუდგენელი სისულელე გვკითხა, კოეფიციენტის გაზრდით თქვენ რა ზიანი გადგებათო?"

თედო კობახიძემ ადგილზე ნახა სიტუაცია, გაგიჟდა, ეს რა არის, ქუჩა დაასამარესო. კიდევ უფრო აღშფოთდა, როდესაც გაიგო, რომ სართულების დამატებაზე თანხმობას იმდროინდელი ვიცე-მერის, ამჯერად კი საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის ხელმოწერა აქვს. ასე ვიზამ და ისე ვიზამ, ყველას ყურებით დავიჭერო, იმუქრებოდა, მაგრამ მას მერე თვეები გავიდა, კობახიძე დუმს ან დაადუმეს, სართულები კი იზრდება

ატენის ქუჩაზე მცხოვრები მსახიობები, თათული დოლიძე და ეკა ანდრონიკაშვილი, მეზობლებთან ერთად საპროტესტო აქციის მოწყობითა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვით იმუქრებიან, - სიმართლის დასაცავად და საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად სხვა გზა აღარ დაგვრჩაო. მსახიობები ატენის ქუჩის 16-17-19 ნომერში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, 2007 წელს მერიამ, კერძოდ, არქიტექტურის სამსახურმა, ჩიხში 9-სართულიანი სახლის აშენების ნებართვა უსამართლოდ გასცა. მოგვიანებით კი მშენებლობის ორგანიზატორებს პროექტის ცვლილებაზე დათანხმდა და 9 საცხოვრებელ სართულზე თექვსმეტის დამატების უფლება მისცა. 2014 წლის 18 მარტის #1176181 ბრძანებულებით ინდივიდუალურ მენაშენეთა გაერთიანებას "ატენი-19" 27-სართულიანი სახლის აშენების უფლება საბოლოოდ დაუმტკიცდა - ორი სართული მიწის ქვეშ იქნება, 25 კი მიწის ზედაპირიდან მაღლა.

თათული დოლიძე და ეკა ანდრონიკაშვილი მეზობლებთან ერთად მერიას სასამართლოში უჩივიან, რადგან მერიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა წინამორბედების მიერ გაცემული და მოგვიანებით მის მიერვე დამტკიცებული განკარგულების გაუქმებას არ აპირებს.

იმერლიშვილის მამამთილი, ლომაიას ცოლისძმა და ქადაგიძის ძმა...

წლების წინ აქ ბარაკები იყო. 2006 წლის 12 დეკემბერს ბარაკების მობინადრე თოთხმეტმა ფიზიკურმა პირმა ამხანაგობა "ატენი 19" (მომჩივანთა ინფორმაციით, დამფუძნებელთა შორის არის მიხეილ ბებოშვილი, უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილის მამამთილი) და შპს "ატენი 2007" დააარსა. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ბარაკების ადგილზე მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა განიზრახეს. ამხანაგობის წესდებით განისაზღვრა 14 ფიზიკური პირისთვის გადასაცემი ფართობის რაოდენობა და აღინიშნა, რომ ნამატი ფართობი იქნებოდა შპს "ატენი 2007"-ის (რომლის დამფუძნებელთა შორისაც ასევე სახელდებიან "ატენი 19"-ის წევრები) საკუთრება, რომელსაც ბინების სახით გაყიდდა და შესაბამისად, მოგებას მიიღებდა. 14 ოჯახის დაკმაყოფილებას 4-5 სართულიც ჰყოფნიდა.

მშენებლობის დასაწყებად "ატენი 2007"-ის წევრებმა მოიძიეს ინვესტორი. მომჩივანთა ინფორმაციით, იმ დროს ეს ფუნქცია განათლების ყოფილი მინისტრის კახა ლომაიას ცოლისძმას, ნუგზარ ჭავჭანიძეს აუღია. მან 17 მეტრი სიღრმის საძირკველი კი გათხარა, მაგრამ ფინანსური პრობლემები შეექმნა და უზარმაზარი ორმო მიატოვა. ახალი ინვესტორის გამოჩენამდე (რასაც წლები დასჭირდა) ორმო ბუნებრივად ფართოვდებოდა და იქვე მცხოვრები ვაჟა ვახრამიშვილის სამსართულიანი სახლი ნგრევის პირას მიიყვანა. სახლს ბზარები გაუჩნდა, გასამაგრებელი კედლის აშენებას კი 50.000 დოლარი დასჭირდა, რომლის გაღებაზე არც ჭავჭანიძეს უფიქრია და არც ამხანაგობის წევრებს. მოგვიანებით, როდესაც ახალი ინვესტორი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ძმა, დავით ქადაგიძე დაიყოლიეს, მადა გაეზარდათ და სართულების დამატება განიზრახეს,"ჭამაში მოსული მადა კი ინვესტორს დააბრალეს, თითქოს არსებულ (9-სართულიანი) პროექტზე ვერ დაიყოლიეს.

გაყალბებული ხელმოწერა?!

იმის გამო, რომ მშენებარე კორპუსი პირდაპირ ტროტუარზე დგას, მიწისქვეშა ავტოსადგომი ღია ვერანდით პირდაპირ ტრანსპორტის სავალ ნაწილს დაუკავშირდება. ავტოსადგომის ვერანდა ზედ თათული დოლიძის სახლის ფანჯრებთან მოხვდება, შედეგად, გამონაბოლქვის სიხშირის გამო სახლი საცხოვრებლად უვარგისი, მეტიც, სიცოცხლისთვის საშიში ხდება. მშენებარე კორპუსმა უკვე ჩაკეტა #25 კორპუსთან, ეკა ანდრონიკაშვილის საცხოვრებელი ბინისკენ შემავალი სატრანსპორტო გზა და საჭიროების შემთხვევაში სახლი მიუწვდომელი გახდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის.

მშენებარე კორპუსს სამშენებლო მოედანიც არა აქვს და არც მეტი, არც ნაკლები, პროექტში მოედნად ატენის ქუჩის 14, 15 და 25 ნომრების ტერიტორიაა მითითებული. #14-ში თათული დოლიძე და ჟანრი ლოლაშვილი ცხოვრობენ, 15-ში ვაჟა ვახრამიშვილის სამსართულიანი სახლია, 25 ნომერში კი მაღალსართულიანი და მრავალბინიანი კორპუსის შესასვლელი, თუმცა, რაღა არის, იყო, სამუდამოდ ამოქოლილია მშენებარე სახლის ერთი კედლით.

"რომელი გიჟი მოუწერს ხელს ინვესტორს იმაზე, რომ მისი სახლი და ეზო გამოიყენოს სამშენებლო მოედნად?" - კითხულობს თათული დოლიძე. საქმის მასალებში კი მოსარჩელე პასუხობს, რომ არსებობს ხელმოწერა, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებმა, ფაქტობრივად, უარი თქვეს საკუთარ სახლ-კარზე, ეზოზე.

ვაჟა ვახრამიშვილი: "გვაჩვენონ ხელმოწერები, თუ ისინი მართლაც არსებობს, მოვითხოვთ ექსპერტიზას. ამ სახლის მშენებლობა რომ დაიწყეს, ჩემს სახლს ძირი გამოუთხარეს და არავის უზრუნია საყრდენი კედლის აშენებაზე. ამის მერე ირკვევა, რომ თურმე სახლზე საერთოდაც უარი მითქვამს. ასე არ გამოდის? მსგავსი თანხმობის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, ჩემს სახლს ბულდოზერით გადაუარონ... ჯერ ძირს მითხრიდნენ, ახლა ჭერს მანგრევენ თავზე"."

თათული დოლიძე: "გინახავთ ასეთი რამ? უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, იძულებით გაცხოვრონ სამშენებლო მოედანზე, მეტიც, შეეცადონ, დაგარწმუნონ, რომ ოდესღაც შენ თვითონ მოაწერე ხელი ასეთ არჩევანზე. უზარმაზარი ამწე საბედისწერო მახვილივით ტრიალებს რამდენიმე სახლის თავზე და ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც ხალხი დადის".

ბავშვთა ქალაქ "მზიურის" ავტორის, არქიტექტორ ირაკლი მასხარაშვილის განმარტებით, ატენის ქუჩის პირობითი მოცულობა 6 ჰექტარია, სადაც 2500-ზე მეტი კაცი ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი 1,4-ჯერ აღემატება თბილისის სეისმურ ზონაში დასაშვებ ნორმას (300 კაცი ჰექტარზე). ქუჩების სავალი ნაწილის ერთი ზოლი დაკავებულია დროებით მომსვლელთა და მცხოვრებთა მანქანებით, რაც მუდმივ საცობს ქმნის და ხალხი საცხოვრებელ ბინებამდე დიდხანს ვერ მიდის. ამის გამო ატენის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიერთების კვანძშიც სულ საცობია.

მშენებარე კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება.

პროექტის მთავარი კონსტრუქტორი ჯონი გიგინეიშვილი: "თავის დროზე ნიუ-იორკში ცათამბჯენები რომ არ აეგოთ, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლებოდა. ნახეთ, სპორტის სასახლის მიმდებარედ რა ხდება? რახან იქ შეიძლებოდა მშენებლობებზე ნებართვის გაცემა, ე.ი. ატენის ქუჩაზეც შესაძლებელი ყოფილა იმავეს დაშვება".(?!)

"გავლენიანი პირები ერევიან ამ საქმეში"

მომჩივანთა ინტერესს იცავს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია: - საქმე გვაქვს ყველანაირი სამშენებლო ნორმის დარღვევასთან. მოსამართლემაც ვერ დამალა გაოცება, რომ კოეფიციენტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა გაზრდილი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მერიისთვის მოეთხოვა პასუხი, წარმოუდგენელი სისულელე გვკითხა, ამ კოეფიციენტის გაზრდით თქვენ რა ზიანი გადგებათო? მოსამართლე აღიარებს, რომ კანონი დარღვეულია და დასძენს, მერე თქვენ რა დაგიშავდათ ამითო. გაყალბებულია ხელმოწერები, რომლითაც თითქოს დაზარალებულებმა თავიანთი ნებით სამშენებლო მოედნის სტატუსით დათმეს საცხოვრებელი სახლები. სამართლებრივი რეაგირება ნულის ტოლია, რაც გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მას შემდეგ, რაც კოაბიტაციური ბიზნესტანდემი შეიქმნა იმერლიშვილისა და ქადაგიძის ოჯახის წევრების გაერთიანების სახით, სასამართლო, ზეწოლის გამო, იძულებულია, გვერდი აუაროს სამართალდარღვევებს. ვეჭვობ, გავლენიანი პირები უხეშად ერევიან ამ საქმეში. ამის თქმას მაიძულებს საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, თედო კობახიძის საქციელიც, როდესაც ადგილზე ნახა სიტუაცია, გაგიჟდა, ეს რა არის, ქუჩა დაასამარესო. კიდევ უფრო აღშფოთდა, როდესაც გაიგო, რომ სართულების დამატებაზე თანხმობას იმდროინდელი ვიცე-მერის, ამჯერად კი საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის ხელმოწერა აქვს. ასე ვიზამ და ისე ვიზამ, ყველას ყურებით დავიჭერო, იმუქრებოდა, მაგრამ მას მერე თვეები გავიდა, კობახიძე დუმს ან დაადუმეს, სართულები კი იზრდება.

"კვირის პალიტრა" თედო კობახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მშენებლობის ადგილი დაათვალიერა. მეტიც, გვთხოვა, ცოტა ხანი მაცალეთ, მერე ერთად მივიდეთ მერიაში და პასუხი მოვთხოვოთო. როდესაც დანიშნული დროისთვის დავუკავშირდით, პრესმდივნის მეშვეობით მოგვიბოდიშა, მამიდას ინსულტი დაემართა და ვჭირისუფლობო. მანამდე კი, სატელეფონო საუბარში გვითხრა, მერია ვალდებულია შეისწავლოს შექმნილი მდგომარეობა, ხალხს პასუხი გასცეს კითხვებზე, მათ ფულს ამაში უხდიანო. როგორც თქვა, იურიდიულ კომისიას დაავალა საკითხის შესწავლა, მაგრამ ვერ გვიპასუხა ამ ხნის განმავლობაში რატომ არაფერი გააკეთა კომისიამ. არადა, მას შემდეგ, რაც კობახიძე მშენებლობის ადგილზე იყო, 5 თვე გავიდა.

ყოფილი მერის ბრძანებით დადგინდა...

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა მერიის არქიტექტურის სამსახურს, სადაც ის გვითხრეს, რაც უკვე ვიცოდით:

"ატენის ქუჩა #17-19-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება მოხდა 2007 წელს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის საკითხი დადებითად გადაწყვიტა "ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭომ, რომლის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განაშენიანების კოეფიციენტის და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

აღნიშნულ ობიექტზე პარამეტრები გაიზარდა 2008 და 2011 წლებშიც. ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები.

აღნიშნული საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და თბილისის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად".