"ჩვენი იმედი ახლა მხოლოდ ტაქსის მძღოლია" - კვირის პალიტრა

"ჩვენი იმედი ახლა მხოლოდ ტაქსის მძღოლია"

"28 წლის კაცი შუა ქალაქში დაიკარგა"

დაკარგული ბიჭის ახლობლები ენგურჰესის გამორთვით იმუქრებიან...

2 კვირაზე მეტია, 28 წლის გალელ გიგა გოგოხიას ახლობლები და სამართალდამცავები უშედეგოდ ეძებენ. ბიჭი 1-ელ აპრილს ფოთიდან უგზო-უკვლოდ გაქრა. გიგას ახლობლები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, ოპერატიულად იმოქმედონ და დაადგინონ დაკარგულის ადგილსამყოფელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვებითა და ენგურჰესის გამორთვითაც იმუქრებიან.

აი, რა გვიამბო გიგას ბიძამ: - გიგა გალში, სოფელ საბერიოში ცხოვრობს. 1-ელ აპრილს ოჯახის ახლობელს, ლერი გულუას ინგირის ხიდთან შეხვდა და ზუგდიდში ერთად გადავიდნენ. არაყი დაულევიათ და შეზარხოშებულებს ფოთში გასართობად წასვლა გადაუწყვეტიათ... იქ რესტორანში შესულან და გაუგრძელებიათ ქეიფი... მერე რიონის სანაპიროს ფეხით გაჰყოლიან. გზაზე ტაქსი მდგარა და მთვრალ გიგას მანქანისთვის ფეხი აუკრავს. მძღოლი გადმოსულა და ბიჭებს დამუქრებია, ახლავე პატრულს გამოვიძახებო. ბიჭებს შეშინებიათ და გაქცეულან. ლერი ამბობს, სხვადასხვა მიმართულებით გავიქეცით და ასე დავკარგეთ ერთმანეთიო. ლერი პირველად იყო ფოთში, არც გზები იცოდა და არც ადგილები, ვერსად მიაგნო გიგას.

- ტელეფონი არ ჰქონდა, რომ დაჰკავშირებოდა?

- თურმე დაუჯდა... მეორე დღესაც რომ ვერსად ვიპოვეთ, პოლიცია ჩავრთეთ საქმეში. ლერი ზუსტად იმ ადგილსაც ვერ იხსენებს, სად მოხდა ეს ამბავი. მანქანით შემოვატარეთ მთელი ფოთი და იმ რესტორანსაც ძლივს მივაგენით, სადაც ბიჭებმა იქეიფეს. ვიდეოფირზე რესტორანში ბიჭების ერთად შესვლა ფიქსირდება, ლუდი და რაღაცები აუღიათ, მაგრამ ისიც ვერ დაულევიათ, რადგან ძალიან მთვრალები ყოფილან. რესტორნის კამერამ ისიც დააფიქსირა, როგორ ჩამოეძინა გიგას მაგიდასთან დაახლოებით 10 წუთით... მერე გამოვიდნენ და რიონის სანაპიროს გაუყვნენ, სადაც პატარა ინციდენტი მოხდა... საოცრებაა, ადამიანი შუა ქალაქში დაიკარგა და ვერ ვპოულობთ. ტაქსის მარკასაც ვერ იხსენებს ლერი, ვარაუდობს, რომ "ოპელი" იყო. მძღოლსაც ვერ მივაგენით, ვთხოვთ, დაგვიკავშირდეს, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი ვერსია მოგვაწოდოს.

- თქვენ რა ვერსიას განიხილავთ?

- ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ. არც ის არის გამორიცხული, ტაქსის მძღოლი დასწეოდა და მათ შორის კონფლიქტი მომხდარიყო. შეიძლება, შეშინებული აღარც გაჩერდა ფოთში, ჩაჯდა ტაქსიში ან სხვა მანქანაში და ქობულეთში ან ბათუმში წავიდა, მაგრამ მერე ხომ უნდა გამოჩენილიყო? მთვრალმა კაცმა რა მოიმოქმედა, არ ვიცით. მთელი სოფელი ფეხზე დადგა, თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარეთ. მაშველებიც ჩამოიყვანეს, მყვინთავებიც ჩაუშვეს რიონში. წყალში რომ გადამხტარიყო, მოაჯირზე უნდა ასულიყო, იმ სიმაღლეზე ვიღაც მაინც დაინახავდა. თვითმკვლელობის ვერსიას კი კატეგორიულად გამოვრიცხავთ. სამართალდამცავები გვეუბნებიან, მეძავების ბინები შემოწმდაო. მათ ფოტოებიც აჩვენეს თურმე. რამდენიმეს უთქვამს, ვიცნობთ ამ ბიჭს, მაგრამ ახლა არ გვინახავსო. როგორც ჩანს, ადრეც იყო ჩასული.

გიგა მოჩხუბარი არ იყო. ენგურჰესზე მუშაობდა მამასთან ერთად. კიდევ რამდენიმე დღე დაველოდებით სამართალდამცავებს... თანამშრომლები ენგურჰესის გათიშვით იმუქრებიან, საქმის კურსშია ხელმძღვანელობაც და შეტყობინებაც გაგზავნეს 112-ში ამის შესახებ.

ჩვენი იმედი ახლა მხოლოდ ტაქსის მძღოლია. ვთხოვთ, გულთან მიიტანოს ოჯახის გასაჭირი და გამოჩნდეს. როგორ შეიძლება ასე უკვალოდ გაქრეს ადამიანი? შემოწმდა საზღვრები, გასული არ არის საქართველოდან. იმის დაჯერება არ გვინდა, რომ ვინმემ მოკლა. 28 წლის კაცი შუა ქალაქში დაიკარგა. არავის ვუსურვებ იმის განცდას, რასაც მისი ოჯახი განიცდის.

თეა ხურცილავა