"ჩემი შვილი უკვალოდ გაქრა. თითქოს ცამ ჩაყლაპა" - რა მოხდა ეშმაკის უღლეტეხილთან?!
25-04-2016
"ჩემი შვილი უკვალოდ გაქრა. თითქოს ცამ ჩაყლაპა" - რა მოხდა ეშმაკის უღლეტეხილთან?!
"გთხოვთ, ერთადერთი შვილის პოვნაში დამეხმარეთ"

"ამბობენ, დათვმა იცის მიწაში ჩაფლობა ცხედრისო, მაგრამ ჩანთა ან რაიმე ნიშანი ხომ უნდა დარჩენილიყო... ერთი თვის მერე იმ ხეობაში ჩემი ახლობლის შვილი წავიდა. რომ დაბანაკდნენ, თურმე ადგილს ეძებდა, რომ დედამისთან დაერეკა და ჯგუფს მოშორებია. მერე მიიხედ-მოიხედა და თურმე ისეთმა შიშმა აიტანა, ფეხების კანკალი დამეწყო, განწირული ვღრიალებდიო... იქნებ ჩემი შვილიც შეშინდა..."


"ჩემი შვილი, გიორგი მუჩიაშვილი, 8 თვის წინ სალაშქროდ ჩხოროწყუს რაიონში, ტობავარჩხილის ხეობაში წავიდა და დაიკარგა,
მას მერე მის კვალს ვერ მივაგენით. მოგმართავთ ყველას, დააკვირდით ამ სურათს და თუკი სადმე გინახავთ ჩემი გიორგი, დამიკავშირდით. გემუდარებით, ყველამ გულთან მიიტანეთ ჩემი გასაჭირი და შვილის პოვნაში დამეხმარეთ", - სოციალურ ქსელში გი
ორგის დედის, ინგა ვეკუას განცხადება გავრცელდა.

ინგა ვეკუა: - გიორგი კარის მეზობელსა და კიდევ ორ ახალგაზრდასთან ერთად ტობავარჩხილის დასათვალიერებლად წავიდა. მათ არ ვიცნობდი, ჩვენი მეზობლის ახლობლები არიან. ბიჭებმა სოფელ მუხურში გააჩერეს მანქანა და ფეხით გაუყვნენ გზას ტობავარჩხილისკენ. ბოლოს გიორგის 1-ელ აგვისტოს ველაპარაკე, მითხრა, კარგად ვართო. 2 აგვისტოს აღარ დამირეკავს,­ 3-ში რომ დავრეკე, ტელეფონი გათიშული იყო, ვიფიქრე, არ იჭერს-მეთქი, კიდევ რამდენჯერმე რომ დავრეკე­ და ისევ ვერ დავუკავშირდი, მეზობლის ბიჭს შევეხმიანე, მისგან გავიგე, რომ ჩემი შვილი დაკარგულა და სამაშველო სამსახური ეძებდა.

ეს ფაქტი 2 აგვისტოს მოხდა. ტობავარჩხილში ერთმანეთის მოშორებით ორი ტბაა. დილის 10 საათზე ბი­ჭები ქვედა ტბასთან შეჩერებულან, გიორგის უთქვამს, ფეხები მტკივა, გზას ვეღარ გავ­აგრძელებო. ბიჭებმა, აქ დარჩი, ჩვენ ზედა ტბაზე ავალთ და დავბრუნდებითო... საღამოს 8 საათზე დაბრუნებულებს გიორგი აღარ დახვ­ედრიათ. ჩემი ვარაუდით, გიორგიმ ცოტა ხანს შეისვენა და გადაწყვიტა, ბიჭებს­ დასწეოდა და გზა აებნა.

- კარავი არ ჰქონდათ გაშლილი,­ იქ რომ დალოდებოდა?
- სადაც გიორგი დატოვეს, იმ ადგილიდან ცოტა მოშორებით ჰქონიათ, მაგრამ ყველაფერი ხელუხლებელი დახვდათ. იქვე სხვებიც ყოფილან დაბანაკებული და გიორგი არც მათ უნახავთ... როგორც კი ეს ამბავი გავიგე,­ ჩხოროწყუში ჩავედი. მონადი­რე­ები, სამაშველოები, იქაურები,­ ყველანი ჩაერთვნენ, მაგრამ გიორგის კვალს ვერსად მივაგენით. მთამსვ­ლელების რამდენიმე ჯგუფიც ეძებდა. თბილისიდან 40-კაციანი ჯგუფი ვერტმფრენით ჩამოფრინდა, მღვიმეებშიც ჩავიდნენ, მხოლოდ ორი ლეში იპოვეს, ძროხა და თხა, სხვა ვერაფერი აღმოაჩინეს. ჩემი შვილი უკვალოდ გაქრა. თითქოს ცამ ჩაყლაპა. მითხარით, შეიძლება ასე გაქრეს ადამიანი? ჩხოროწყუში პერიოდულად ჩავდივარ და ჩემი შვილის სურათებს ვარიგებ, მაგრამ საშველი არ არის. გიორგის თან ჰქონდა ზურგჩანთა, რომელშიც ედო სელფის ჯოხი, თეთრი კეპი და საცვლები, ჰქონდა წყალი და კონსერვი. ამბობენ, დათვმა იცის მიწაში ჩაფლობა ცხედრისო, მაგრამ ჩანთა ან რაიმე ნიშანი ხომ უნდა დარჩენილიყო.

- იქნებ მეგობრებთან მოუხდა­ კონფლიქტი. ეს ვერსია არ განიხილება?­

- ის მეზობელი ჩემი შვილის­ მეგობარია. ერთად გაიზარდნენ,­ არასოდეს კონფლიქტი არ მოსვლიათ. ბიჭებიც­ რამდენჯერმე და­ჰკითხეს, მაგრამ არანაირი ეჭვი მათზე გამოძიებას არა აქვს. მკვლელობით არ არის აღძრული საქმე, იქნებ გატაცებულია, არც ამის სა­ფუძველი არსე­ბობსო, ამბობს პოლიცია. ადამ­იანი ასე გაუჩინარდეს, წარმოგიდგენიათ? უცებ რომ დაერეკათ, იქნებ კინოლოგებს ძაღლები გამოეყენებინათ და კვალისთვისთვის მიგვეგნო. ესეც დაგვიანდა. იქვეა უღელტეხილი, რომელსაც საეშმაკოს ეძახიან, იქაც დაათვალიერეს, მაგრამ ვერც იქ იპოვეს.

- რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, თვითმკვლელობის ვერსია განიხილება?
- 34 წლის კაცს სტაბილური­ სამსახური არ ჰქონდა და ეს აწუხებდა, მაგრამ თვითმკვლელობას გამოვრიცხავ. თეატრი ძალიან­ უყვარს, ჯაზი. არავის ახსოვს, ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდეს. ფსიქოლოგებსაც ველაპარაკე. ერთმა მითხრა, მთა და ბუნება­ ისეთი რამ არის, თუ ძლიერი ფსიქიკა არა გაქვს, შეიძლება შიშის ფონზე ამნეზია განვითარდესო. ბუნებაში როცა მარტო რჩები,­ რას მოიმოქმედებ, არავინ იცისო. ახლა ამას ვებღაუჭები, იქნებ ამნეზია დაემართა? მწყემსების კარვები მოვიარე, არც მათ უნახავთ.

დიდი შეცდომა დაუშვეს ბიჭებმა, რომ ტყეში მარტო დატოვეს, მით უმეტეს, მანამდეც ჩამორჩენია ბიჭებს, ისინი დალოდებიან... გიორგიც ცოტა ხანში დასწევია და უთქვამს, ორი ბილიკი იყო, რომელს გამოვყოლოდი, არ ვიცოდი, კიდევ კარგი, რომ დაგინახეთ, თორემ ძალიან შემეშინდაო. დაუწერელი კანონია, ტყეში არავის ტოვებენ მარტო. ერთი თვის მერე იმ ხეობაში ჩემი ახლობლის შვილი წავიდა სალაშქროდ. დედამისმა იცოდა ჩვენი ამბავი და შვილი გაუფრთხილებია, აუცილებლად დამირეკეო. რომ დაბანაკდნენ, თურმე ადგილს ეძებდა, სადაც სიგნალს დაიჭერდა და ჯგუფს­ მოშორებია.

დედამისს რომ დაელაპარაკა, მიიხედ-მოიხედა და თურმე ისეთმა შიშმა აიტანა, ამბობს, ფეხების კანკალი დამეწყო, განწირული ვღრიალებდიო. მწყემსს გაუგონია მისი ყვირილი და მიუყვანია იმ ადგილას, სადაც მისი მეგობრები იყვნენ. იქნებ ჩემი შვილიც შეშინდა...

შს მინისტრთან ვითხოვ შეხვე­დრას, მაგრამ ჯერ არაფერი გამო­ვიდა. პრემიერსაც მივწერე, გენინსპექციის უფროსს ვთხოვე, კონტროლზე აეყვანათ ეს საქმე. ემზარ კვიციანსაც ვთხოვე დახმარება, იქნებ გზა აებნა და იქიდან სვანეთისკენ გადავიდა-მეთქი. მითხრეს, იქ ფერმებია და გატაცებულ ხალხს ძალით ამუშავებენო, მაგრამ კვიციანმა, ეს ადრე იყო, ასეთი რამე ახლა არ ხდებაო.

ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ გაიტაცეს და აფხაზეთში გად­აიყვანეს. აფხაზებსაც დავუკავშირდი, ვერც იქიდან მივიღე საიმედო ინფორმაცია. ახლა ისევ ჩავალ და ჩემი შვილის სურათებს დავარიგებ, იქნებ­ ვინმე დამეხმაროს. ხალხი რომ კითხულობს ჩემს განცხადებებს, მირეკავენ, მამხნევებენ, მაგრამ მე ძალა აღარ მაქვს. იმედს მაინც ვებღაუჭები. ძალიან მოსიყვარულე შვილი მყავდა, რომ დავურეკე, დე, მენატრები-მეთქი, მეც ძალიან მენატრებიო. როგორ შევეგუო გიორგის დაკარგვას, მე ხომ ერთადერთი შვილი დავკარგე.

გემუდარებით, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, იქნებ მომაწვდინოს ხმა განადგურებულ დედას ამ ნომერზე 577 74 04 09.

თეა ხურცილავა
girgi
13 სექტემბერი 2018 19:36
გამარჯობა მე ვარ დამხმარე პირი და რომ დაგეხმაროთ სჰვილის სხეულის პოვნასჰი სჰეილება დამაინდერესა
zauta
30 აპრილი 2016 02:10
ქალბატონო აუცილებლად დაგიბრუნდებათ თქვენი შვილი.მეც ეგეთი რაგაც დამემართა.მარიამობას სალოცავში ღამისთევით წავედით ბიჭები,ცხვარი დავკალით და ცოტა შევთვერით, მეორე დგე იყო ღამენათევები ვიყავით,მე შორი ახლოს გავედი და დამძინებია.ბიჭებიც რო მორჩნენ ქეიფს მომათვალიერეს და რო არ ვიყავი,წამოვიდნენ.მაგათ ეგონათ რამე მანქანქს გამოვყევი.გამომეგვიძა შუა ღამეს უღრან ტყეში,პირველი რაც მოვიფიქრე ხეზე ავედი რო რამე ნადირს არ შევეჩამე,დაველოდე გათენებას მარა ისეთი ნისლი იყო ორ მეტრში ვერ ვხედავდი ვერაფერს,აგვისტოს თვე იყო.ძალიან ბევრი ვიბოდიალე რო რამე სოფელს მივდგომოდი.დათვებსაც გადავეყარე პირისპირ ორჯელ სამჯერ მაინც,მარა ვერიდებოდით ერთმანეთს.შეიძლება ზღაპარივით მოგეჩვენოთ მარა ნამდვილად ეგრე იყო. მივადექი მიკარგულ სოფელს,პირველი სახლი რომელიც იყო იმათ მიუკაკუნე,გამოვიდნენ მოხუცები,ვენაცვალე იმათ.დამინახეს დაგლეჯილი ტანსაცმელით შემიყვანეს.ისე მომიარეს ენით ვერ ავღწერ.მოკლედ გადამყვნენ თან,ეს იყო დაახლოვებით 25-30წლის უკან.შეიძლება ცოცხლებიც აღარ არიან,ვენაცვალე იმათ სულებს.მათიაშვილები იყვნენ კარგად მახსოვს.მეც მეძებდნენ,ჩემმა მშობლებმა შეძრეს მთელი საქრთველო 4-5 დგის განმავლოBაში,ვერტალიოტები და რავიცი.მარა მეთვითონ მივედი სახლში,უკვე გამოტირებული ვიკავი.რა თქმა უნდა იმ ხვთისნიერი ხალხის დახმარებით.ტრაქტორს გამაყოლეს უახლოვეს ქლაქამდე,მერე კი ტაქსით მივედი სახში.ასე რო ქალბატონო თქვენი შვილიც ეგრე მოგადგებათ. ხვთისნიერ ხალხს რა დალევს ამ ქვეყანაზე.ღმერთი მოწყალეა.
...
27 აპრილი 2016 20:29
Gmerti iyos giorgis mfarveli imedi naqvs gamochndeba.

რედაქტორის რჩევით