ტერორისტად შერაცხილი "სპლიყვი"?!
18-04-2016
ტერორისტად შერაცხილი "სპლიყვი"?!
"რაც ამ სივრცეში ლანძღვა-გინება გაჟღერებულა, ყველა რომ დაიჭირო, ციხეს საქართველოს ტერიტორია არ ეყოფა"

35 წლის სულხან წულაძეს "თბილისის­ ფორუმში" გამოქვეყნებული ხუმრობა ძვირად დაუჯდა. იგი ამერიკის ელჩის მის­ამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული­ განცხადების გამო დააპატიმრეს. 11 აპრილს ინტერნეტფორუმში სულხან წულაძემ (მომხმარებლის სახელით - "სპლიყვი") "სახუმარო თემა" გახსნა, სადაც აცხადებდა, რომ თითქოს ამზადებდა თავდასხმას საქართველოში აშშ-ის ელჩზე. მეტი დამაჯერებლობისთვის ინტერნეტიდან ამოღებული ფოტო გამოიყენა, რომელიც აშშ-ის საელჩოსა და მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობას ასახავდა. ეს ინფორმაცია მუქარად
აღიქვეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებისთვის მიმართეს. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამართალდამცავებს აცნობა მომხდარი და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. წულაძეს ბრალი წაეყენა, გაიჩხრიკა მისი სახლი და სამუშაო ადგილი, პერსონალური კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული მეხსიერების მატარებლები, პერსონალური მონაცემების დამუშავება ახლაც მიმდინარეობს.
წულაძეს ორთვიანი­ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ცისმარ ონიანი, ადვოკატი:
"საქმის­ აღძვრის საფუძველი ფორუმზე გამოქვეყნებული ხუმრობაა. სულხანი 2 შვილის მამაა. ნას­ამართლევი არ არის. აქვს კერძო­ ბიზნესი.­ ენაკვიმატი ბიჭია და რაღაცებს წერს. თავისი ტროლინგის მსხვერპლი გახდა. პროკურატურა დარწმუნდება, რომ ეს იყო ხუმრობა და გაათავისუფლებენ. ვითხოვდით, აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ, მაგრამ მოსამართლემ განმარტა, სულხანი ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ და შესაძლებელია, მიიმალოს ან ხელი შეუშალოს გამოძიებასო. ეს იყო მხოლოდ ტროლი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და არ წარმოადგენს საშიშროებას".
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წულაძეს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი წულაძე, სულხანის ძმა:
"გასაგებია,­ რომ საჭიროა გონივრული­ ვადა, რათა დარწმუ­ნდნენ, რომ საქმე გვაქვს ინტერნეტტროლინგთან, თუმცა საგამ­ოძიებო მოქმედებების­ პარალელ­ურად სულხანის საპატიმრო დაწე­სე­ბულებაში ყოფნის საფუძველი­ არ არსებობს. მადლობა მათ, ვინც მხარდაჭერას გვიცხადებს, მაგრამ არსებობს საკითხის პოლ­იტიზების საფრთხე. შესაძ­ლოა, გარკვეულმა­ ჯგუფმა მომხდარი საკუთარი ინტერესებისთვის გამო­იყენოს, ვთ­ხო­ვთ ყველას, ოჯახთან შეთანხმების გარეშე არ დაგეგმონ აქტ­ივობები, რომელსაც, შესაძლოა, პოლიტიკური ელფერი სდევდეს".

წულაძის მხარდასაჭერად ფორუმზე გაიხსნა პეტიცია, სადაც ხელმოწერები გროვდება და მის გათავისუფლებას ითხოვენ. მის დაკავებას გამოეხმაურა ცოტნე გამსახურდიაც: "თენგო ჩანტლაძის ან ქართლოს კასრაძის­ მსგავს ტიპებს რომ ეღადავათ, აშშ-ის საელჩოზე თავ­დასხმას ვაპ­ირებო, უნდა დაეჭირათ?.. მესმის, რომ მუქარა და ამგვარი თავდასხმის მომზადება დანაშაულია,­ არც ტერაქტია სახუმარო თემა, მაგრამ იუმორის თავისებურება­ ის არის, რომ არაორდინარ­ული რაკურსით შეგვახედოს მოვლენებს! რაც ამ სივრცეში - რეალურსა­ თუ ვირტუალურში - მუქარა და ლანძღვა-გინება გაჟღერებულა ქართველებისა და უცხოელების მისამართით, ყველა რომ დაიჭირო, ციხეს საქართველოს ტერიტორია არ ეყოფა. არც ამ მუქარების რეალურად სისრულეში მომყვანი დასჯილა ყოველთვის, სამწუხაროდ!" - წერს გამსახურდია.

"ქვეყანა აქედან იმართება!"


ინტერნეტფორუმზე უამრავი კომენტარი გავრცელდა. წერენ, რომ წულაძემ თავდასხმის სცენარი გადმოიღო ამერიკული სერიალიდან Homeland, სადაც მოქმედებები ტერორისტად შერაცხილი "სპლიყვის" აღწერილი სცენარის ანალოგიურად ვითარდება. ზოგმა წულაძის დაპატიმრება­ წლის ყველაზე სამარცხვინო დაკავებად მონათლა.
"სპლიყვზე მაგრად ესენი­ ტროლაობენ, ტიპი არაფრის გამო დაიჭირეს. სამარცხვინოა!".

"ელჩი"ქულას დაიწერს, რომ მოახდინა რეაგირება, შსს ქულას დაიწერს, რომ მოახდინა რეაგირება... "სპლიყვს" ჯარიმა ინტერნეტხულიგნობის მუხლით, ელჩს და პროკურორს მედლები. happy end"
"ზოგიერთი ფორუმელის დაჭერას "ნაცებიც" კი ვერ ბედავდნენ, მოსალოდნელი მძაფრი რეაქციის გამო... ეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხუმრობთ, სინამდვილეში ქვეყანა აქედან იმართება - ფორუმი რომ გათიშო, სამინისტროებში ხალხი უსაქმურობისგან თავებს დაიხოცავს"...

აშშ-ის საელჩოს განცხადება

"აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას. საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია".

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები