"ავტომატის ჯერი მიუშვირეს და ბიჭები მხეცებივით დახოცეს" - კვირის პალიტრა

"ავტომატის ჯერი მიუშვირეს და ბიჭები მხეცებივით დახოცეს"

"ჩემი შვილი სასწრაფოს მოსვლამდე სხვა მანქანით რომ წაეყვანათ, იქნებ გადარჩენილიყო. თურმე ყვიროდა, დამეხმარეთ, დაჭრილი ვარო. ის შემთხვევით შეეწირა ამ ამბავს"

ქვემო ფონიჭალაში, ავტოსახელოსნოს წინ, ორი მამაკაცი ავტომატებით ჩაცხრილეს. 40 წლის ვაგიფ ვალიევი იქვე დაიღუპა, დამნაშავეებმა არც 44 წლის აბილ სამედოვი დაინდვეს, რომელიც სროლის ხმაზე სახელოსნოდან დაჭრილის მისაშველებლად გამოვარდნილა. ტყვია მოშორებით მყოფ მესამე მამაკაცსაც მოხვდა და შედარებით მსუბუქად დაიჭრა. ამ დანაშაულს თვითმხილველები ჰყავს. როგორც ამბობენ, მკვლელები "ოპელით" მისულან. ორ მამაკაცს დამიზნებით უსვრია ჯერ ვაგიფისთვის, შემდეგ კი აბილისთვის და გაქცეულან.

ადილა ჰუსეინოვი, ავტოსახელოსნოს პატრონი: "მოკლულები ჩემი ნათესავები არიან. აბილ სამედოვმა "კამაზი" მოიყვანა გასაკეთებლად. იმ დღესაც მანქანის საქმეზე მოვიდა, ვაგიფ ვალიევი კი სოფელ ჭალაში ცხოვრობს. რუსეთიდან ახალი ჩამოსულია და ისიც ჩემს სანახავად იყო მოსული. როცა ვაგიფი თავისი მანქანიდან გადმოვიდა, ამ დროს მოვიდა "ოპელიც", იმ ვიღაცებმა გადმოიღეს ავტომატები, ვაგიფი მოკლეს. ესროლეს აბილსაც. ბიჭები მხეცებივით ჩახოცეს. მესამე დაჭრილი ელექტრიკოსია. ჩვენთან არ მუშაობს, მაგრამ როცა მანქანებს აკეთებენ, ბიჭებს მოჰყავთ ხოლმე. არ ვიცით, ვინ არიან მკვლელები და არც ის ვიცით, რატომ მოკლეს. როგორც გავიგეთ, დამნაშავეები უკვე წასულან საქართველოდან. ის ორი პირი, ვინც მათ საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა, პოლიციამ დააკავა".

გასულ წელსაც სწორედ ამ უბანში, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ხელბურთელი უსალ ჰუსეინოვი ხალხის თვალწინ ჩაცხრილეს. მაშინ აქაური მოსახლეობა ჩიოდა, რომ აზერბაიჯანელთა დასახლებაში კრიმინოგენული ვითარება ძალიან გართულებულია. ახლაც დავინტერესდით მათი პრობლემებით და დამიდასტურეს, რომ არაფერი შეცვლილა.

"ადამიანის დაჭრა, მკვლელობა ისევ ხშირია, იყიდება ნარკოტიკებიც. იარაღით სავსეა სოფელი. ბევრჯერ გავმართეთ აქციები, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ბავშვებიც კი იარაღით დადიან ქუჩაში. წამალი ირანიდან და აზერბაიჯანიდან ისევ შემოაქვთ, მაგრამ ვინ არის გამკითხავი?" - გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ახლახან მომხდარ მკვლელობაზე სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ეს, შესაძლოა, ნარკოტიკებს უკავშირდება. "ჩვენი ხალხის უმრავლესობა რუსეთშია წასული. ამ სახელოსნოშიც რუსეთიდან ჩამოყვანილ სატვირთო მანქანებს აკეთებენ, მეორეული "კამაზები" ჩამოჰყავთ, არემონტებენ და ყიდიან. ვაგიფს რუსეთში მწვანილის ბიზნესი ჰქონდა. მწვანილი, რომელსაც ჩვენი აზერბაიჯანელები რუსეთში ყიდიან, იქ ირანიდან შეაქვთ, მას კი ნარკოტიკებიც მიჰყვება. როგორც ამბობენ, ვინ იცის, უკვე მერამდენე ახალგაზრდა დაიღუპა გარჩევებისა და ნარკოტიკების გამო. ქუჩაში რომ ავტომატიანები ბედავენ სიარულს, ეს პოლიციის ბრალი არ არის?" - გვეუბნება ერთ-ერთი მცხოვრები.

აბილ სამედოვის ოჯახი შემთხვევის ადგილის ახლოს ცხოვრობს. როგორც მამამისი ამბობს, მისი შვილი ტყუილუბრალოდ მოკლეს: - აბილა ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა. მწვანილს ყიდულობდა და რუსეთში ყიდდა. ხშირად ჩამოდიოდა. პედაგოგი ვარ, 13 აპრილს სკოლიდან რომ მოვედი, შინ დამხვდა, ერთად ვისადილეთ, მერე მითხრა, მანქანას ვარემონტებ და უნდა მივაკითხოო. დაახლოებით ნახევარ საათში შემატყობინეს, რომ სახელოსნოში ჩვენი თანასოფლელი ვაგიფი მოუკლავთ, შენი შვილიც იქ იყოო. მეზობლის მანქანით სასწრაფოდ წავედი.

შორიდანვე დავინახე, სასწრაფოში რომ საკაცით ჩააწვინეს, გამიხარდა, ეტყობა, ცოცხალია-მეთქი. სასწრაფომ მანქანა არ გააჩერა, მაგრამ ჩემმა ნათესავმა მოახერხა, გამოაღო კარი, მაგრამ ის კაცი ჩემი შვილი არ იყო, თურმე ელექტრიკოსი დაუჭრიათ ხელში. მერეღა მითხრეს, რომ ჩემი ვაჟი მოუკლავთ. თურმე უცებ არ მომკვდარა. ნახევარი საათი ცოცხალი ყოფილა, მაგრამ პატრულის თანამშრომლებს იქაურობა გადაუკეტავთ და საავადმყოფოში დროულად არ გადაუყვანიათ, სასწრაფოს მოსვლამდე სხვა მანქანით რომ წაეყვანათ, იქნებ გადარჩენილიყო. თურმე ყვიროდა, დამეხმარეთ, დაჭრილი ვარო. ჩემი შვილი შემთხვევით შეეწირა ამ ამბავს. ექიმები ამბობენ, 15 წუთით ადრე რომ მოგეყვანათ, იქნებ გადაგვერჩინაო. რას ელოდებოდა პოლიცია, კაცის სიკვდილს?

სამედოვების სახლიდან მოკლულ ვაგიფ ვალიევის სახლში, სოფელ ჭალაში წავედი. მოკლულის ოჯახში მკვლელობის ვერსიებზე არ საუბრობენ, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომხდარი ნარკოტიკების საქმეს უკავშირდება, კატეგორიულად უარყოფენ.

"ჩვენ ნარკოტიკებთან კავშირს კატეგორიულად გამოვრიცხავთ, ის ოჯახთან ერთად როსტოვში ცხოვრობდა, მწვანილის ბიზნესი ჰქონდა, ოთხი დღის წინ ჩამოვიდა და შვილის ქორწილისთვის ემზადებოდა. გავიგეთ, მკვლელების დამხმარე დაუჭერიათ, გვარად ალიევი" - მითხრა ვაგიფ ვალიევის თანასოფლელმა.

გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილებიც აზერბაიჯანელები არიან.

თეა ხურცილავა