"გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილ ჯარისკაცს გორში დაკრძალავენ..." - კვირის პალიტრა

"გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილ ჯარისკაცს გორში დაკრძალავენ..."

"ნადიმ ცეცხლაძის საკანში თურმე სხვა პატიმარიც გარდაცვლილა"

23 მარტს, 30 წლის ჯარისკაცს  ნადიმ ცეცხლაძეს დაკრძალავენ, რომელიც გეგუთის კოლონიაში წამებით გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ორგანიზაციამ "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის".

გორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ ცეცხლაძის წამების ფაქტი არ დაადასტურა, არადა, არსებობს გარდაცვლილის სხეულზე იარების ამსახველი ფოტოები. ექსპერტიზის წარმომადგენელთა მტკიცებით, ასეთ იარებს, ნაჭრილობევს და დამწვრობებს ტუბერკულოზი იწვევს(?!).

ნადიმ ცეცხლაძე, ისევე როგორც ბევრი სხვა ჯარისკაცი, დეზერტირობისთვის იხდიდა სასჯელს. ბატალიონის მეთაურის გაცემული ცნობა კი ადასტურებს, რომ მას საბრძოლო პოზიციები 2008 წლის 11 აგვისტომდე არ დაუტოვებია.

10 აგვისტოს კი, როგორც მოგეხსენებათ,  ქვეყნის მთავარსარდალმა "კაპიტულანტურად"  შერაცხილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლაძემ სამხედრო ნაწილი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც მის ფეხმძიმე ცოლს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მან კი ქმრის ომში ყოფნის გამო ინერვიულა, თანაც იმ დროს სახლში მარტოდმარტო ყოფილა და მიმხედავი არავინ ჰყოლია. ცეცხლაძეები შვილის გაჩენას 8 წელიწადი ელოდნენ და პატარა სწორედ აგვისტოში დაიბადა...

ნადიმ ცეცხლაძე სექტემბერში დააკავეს, არც კი იცოდა, ძებნილი თუ იყო. მის ციხეში სიკვდილს ვერავინ წარმოიდგენდა. მამამ 10 თებერვალს ინახულა, როცა თავს ჯანმრთელად გრძნობდა და არც არაფერი აწუხებდა. ნადიმ ცეცხლაძის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე დეტალის გარკვევა   ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მეშვეობით შევძელით, რომელმაც ნადიმის დასთან, მეუღლესა და მამასთან გასაუბრება მოახერხა.

- ნადიმის მამამ შვილის ავადმყოფობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც სოფელ მეჯვრისხევში (გორის რაიონი) ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმარი, გვარად კეკელიშვილი  ჩამოასვენეს. ის და ნადიმი თანატოლები იყვნენ და ციხეშიც ერთ საკანში ყოფილან. კეკელიშვილის სიკვდილის შესახებ სოფელს 18 თებერვალს შეუტყვია, გარდაცვლილის ახლობლებს ჯარისკაცის მამისთვის უცნობებიათ, რომ მისი შვილიც, ნადიმ ცეცხლაძეც მძიმედ იყო. მამა იხსენებს, - ნადიმი 16 თებერვალს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, იმ დღეს მოკვდა კეკელიშვილიო. ე.ი. არსებობს ეჭვი, რომ 16-ში ისეთი რამ მოხდა, რაც ამ ორ პატიმარს უკავშირდებოდა. ზუსტად ვერავინ ამბობს, რა შეიძლება მომხდარიყო...

ნადიმის მამა შვილთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდა. 28 თებერვალს კი ოჯახის წევრებმა  იგი უგონო მდგომარეობაში მყოფი იხილეს, უკვე ჰქონდა აღნიშნული იარები. ოჯახმა განგაში 4 მარტს ატეხა, თუმცა პატიმრის საამქვეყნოდ მობრუნება ვეღარ მოხერხდა. 18 მარტს, დილის სამ საათზე, ჯარისკაცი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

- ექსპერტიზის ბიუროს პასუხები რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო ჯარისკაცის ოჯახისთვის?

- ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნადიმ ცეცხლაძეს მართლაც ჰქონდა ტუბერკულოზი, მაგრამ  ვერ იჯერებენ, რომ ზურგზე სიწითლე ნაწოლებმა გამოიწვია... ქუსლზე იარა კი დამწვრობას უფრო წააგავდა...

P.S.  აწამეს თუ არა პატიმარი კოლონიაში, ამას ალბათ ევროსასამართლო დაადგენს. "ქართველ ჯარისკაცს სულში ჩააფურთხეს, დაამცირეს და წამებით მოკლეს, ჩვენ ამ ფაქტის გამოძიებას ბოლომდე მივყვებით", - აცხადებენ ორგანიზაცია "ყოფილ პოლიტპატიმრებში".