"ბრეივიკს მთავრობაში მფარველი ჰყავს"
25-04-2016
"ბრეივიკს მთავრობაში მფარველი ჰყავს"
"ჩვენ ბრეივიკის სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას ვითხოვდით, მაგრამ მხოლოდ 21 წელი მიუსაჯეს. ალბათ, ძალიან მალე მის საქმეს გადასინჯავენ და სასჯელს მინიმუმამდე შეუმცირებენ"

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორვეგიის სასამართლომ 77 კაცის მკვლელობაში ბრალდებული ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ციხეში მისი უფლებები დაირღვა. ბრეივიკი ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა - აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ მისი პირადი უფლება დაარღვია და ოჯახის წევრებთან მიმოწერის საშუალება
შეუზღუდა. რას ფიქრობს ამ სასამართლო გადაწყვეტილებაზე კუნძულ უტოიაზე მოკლული ქართველი გოგონას დედა? რა მიზანი ამოძრავებს ანდერს ბრეივიკს და რატომ უნდა ველოდოთ ცოტა ხანში მისთვის სასჯელის შემსუბუქებას? - "კვირის პალიტრას" თამთა ლიპარტელიანის დედა, ლეილა ასათიანი ესაუბრა.

- ბრეივიკი მუდმივად პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. არადა, ის ბევრისთვის შესაშურ
ფუფუნებაში ცხოვრობს. ამჟამად, სასჯელს შიენის ციხეში იხდის, რომელიც ოსლოდან 100 კილომეტრშია. მისი საკანი 3 აპარტამენტისგან შედგება: საძინებელი, კაბინეტი (სადაც მისთვის ხელმისაწვდომია ტელევიზორი, DVD, Playstation, წიგნები) და ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო ოთახი. ხან იმას აპროტესტებს, ყავა არასათანადოდ ცხელი მოაქვთო, ხანაც კარაქის დოზა არ აკმაყოფილებს. ადრე ილას ციხეში საკნიდან ხედი აღიზიანებდა, ინტერნეტის სიჩქარეც არ მოსწონდა.

- ნორვეგიის სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორი იყო მისთვის ოჯახის წევრებთან მიმოწერის უფლების შეზღუდვა...
- ოჯახის წევრებთან მიმოწერის შეზღუდვის გადაწყვეტილება "ექსტრემისტული ქსელის" შექმნის თავიდან არიდების მიზნით მიიღეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ანდერს ბრეივიკს დედა ეხმარებოდა საქმიანობაში, ბანკიდან სესხები გამოჰქონდა, რომლითაც ყიდულობდა რაღაც ნივთიერებებს, რითაც ბომბებს ამზადებდნენ (გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაქმნელად მათ 6 ტონამდე მინერალური სასუქი გამოიყენეს, რისთვისაც ბანკიდან დაახლოებით 30.000 ევრო გამოიტანეს). არ ვიცი, ეს ქალი იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო, თუ შვილს ნებით ეხმარებოდა. დედამისი ცოცხალი აღარ არის. ჰყავს­ მამა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და მას შვილად არ აღიარებს. საინტერესოა, ვისთან მიმოწერის უფლება შეუზღუდეს?! ან როგორ არის ეს უფლება შეზღუდული, თუკი ბრეივიკს ინტერნეტზე მიუწვდება ხელი? რა გარანტია არსებობს, რომ ინტერნეტის მეშვეობით არ გააბამს საეჭვო კავშირებს, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნის შესაძლებლობას სულაც არ გამორიცხავს. ჩემი აზრით, მას მთავრობაში მფარველი ჰყავს. ნამდვილად გასაოცარი იყო ისიც, რომ ბრეივიკმა პატიმრობის პერიოდში მიიღო უფლება, ჩაებარებინა ოსლოს უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. ნეტავ ვის სჭირდება ტერორისტი პოლიტიკოსი?! ჩვენ ბრეივიკის სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას ვითხოვდით, მაგრამ მხოლოდ 21 წელი მიუსაჯეს. ალბათ, ძალიან მალე მის საქმეს გადასინჯავენ და სასჯელს მინიმუმამდე შეუმცირებენ.

- თქვენი აზრით, ვინ და რა მიზნით მფარველობს ანდერს ბრეივიკს?

- ძნელი სათქმელია. დღემდე არ ვიცით, რატომ მოკლა ამდენი ახალგაზრდა, არც ნორვეგიის მთავრობამ იცის... ამას კარგად თავადაც ვერ აყალიბებს. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, ერთი საგულისხმო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ,
როდესაც ბრეივიკმა ოსლოს სამთავრობო კვარტალში ბომბი ააფეთქა, მთავრობის რომელიღაც წევრს დაურეკა და უთხრა, - ახლა მივდივარ კუნძულზე ტერაქტის მოსაწყობად, თუ ამა და ამ პირობებს არ შემისრულებთო. საინტერესოა, შეიძლებოდა თუ არა მაშინ ამ ტერაქტის თავიდან აცილება? ჰქონდა თუ არა ბრეივიკს კავშირი მანამდე იმ მთავრობის წევრთან, ვისთანაც დარეკა? ეს კითხვები კითხვებად დარჩა...

- ბრეივიკი როცა სწავლის უფლებას ითხოვდა, თქვენ ნორვეგიის სასამართლოს საპროტესტო წერილი გაუგზავნეთ. შემდეგ თუ გქონიათ ანალოგიური მცდელობა?
- არა, მივხვდი, რომ აზრი არა აქვს. მაშინაც, მშობლებისგან, ვისაც ბრეივიკმა ორი შვილი მოუკლა, წარმოუდგენელი გამოხმაურება მივიღე. მწერდნენ, რა მოხდა, თუ ანდერს ბრეივიკი ისწავლის, ამით რა დაშავდება. როგორც ჩანს, ჩვენ შორის კულტურული განსხვავების შედეგია ის, რომ თქვენ ასეთი გაღიზიანებული ხართო. მათ მოსწონთ თავიანთი ქვეყანა, დემოკრატიული კანონები და სასამართლოს სრულიად ენდობიან. ამიტომ ჩემგან არაფრის ახსნას აზრი არა აქვს, ისინი მაინც არ დამეთანხმებიან, საქართველოში კი ჩემი ყველას კარგად ესმის.

თავზარდამცემი ტერაქტის ქრონიკა

2011 წლის 22 ივლისს 32 წლის ანდერს ბრეივიკმა ოსლოს სამთავრობო კვარტალში ააფეთქა ბომბი, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული და რადიომოწყობილობით იმართებოდა. დაიღუპა 8 კაცი, 92 დაშავდა. აფეთქებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში ის კუნძულ უტოიაზე პოლიციელის ფორმაში გადაცმული შეიჭრა და 69 კაცი გამოასალმა სიცოცხლეს.

ფინელი ტურისტი, რომელიც კუნძულზე სისხლიანი მოვლენების მომსწრე გახდა, იხსენებს: "ჩვენ სასადილოსკენ მივდიოდით და ვსაუბრობდით ოსლოში მომხდარ აფეთქებაზე. მოულოდნელად დავინახეთ, ხალხი წყლისკენ გარბოდა. ჯერ გვეგონა, ვიღაც ასაფეთქებელი ბურთულებით ერთობოდა, მაგრამ ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად, ზოგიც წყალში ხტებოდა. ტყისკენ გავიქეცით და კლდეს ამოვეფარეთ. კარგად დავინახე მკვლელი. მან ჩვენს დევნაში პირველსავე შემხვედრ გოგონას ესროლა, როდესაც ის წაიქცა, თავზე დაადგა და ჩასძახა: "ძილი ნებისა!" და კიდევ ესროლა. ტერორისტმა მხოლოდ ორი ახალგაზრდა დაინდო. ერთი 11 წლის ბიჭი და მეორე, რომელიც დაჩოქილი ემუდარებოდა, არ მომკლაო...

ტერორისტი ჩვენც გვესროდა, როდესაც წყალში მოფართხალე ბავშვების ამოყვანას ვლამობდით. სამწუხაროდ, ყველას დახმარება ვერ შევძელით. კარგად მახსოვს რამდენიმე მოზარდი, რომლებიც თანატოლებს ამხნევებდნენ და გვთხოვდნენ, ჩვენ კი არა, ჯერ დაჭრილებს მიხედეთ, ისინი ნაპირამდე გამოცურვას ვერ შეძლებენო... ის ბავშვები ჩვენთვის მაგალითის მომცემნი იყვნენ".

ეკა ასათიანი
06 მაისი 2016 17:32
ლეილა ასათიანს
ქალბატონო ლეილა, ამ გაუგებრობის გამო ძალიან ვწუხვარ. . რედაქციამ ფოტო გუგლის საძიებო სისტემით მოიძია და გამოაქვეყნა, არც ის იცოდა, რომ მასზე თამთა იყო აღბეჭდილი და არც ის, რომ ეს ფოტო აქამდე არ გენახათ. ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიშს გიხდით, რადგან ჩვენი მიზანი მხოლოდ თქვენი გამხნევება იყო და არა გაღიზიანება. ძალიან ვწუხვართ, რომ ასე არ გამოვიდა.
alfa
05 მაისი 2016 00:30
სვანებიო, სისხკის აღებაო, მე გასწავლოთ თუ თქვენთვითონვე იშოვით შორმსროლელ შაშხანას ან ყუმბარმტყორცნს? თუ ბრეივიკმა არსენალის დათრევა შეძლო, იძიონ მაშინ მშობლებმა შური.
თემური
04 მაისი 2016 22:43
კიდევ ერთი ფაქტი იმისა რომ დემოკრატია ესაა მოდელი მდიდრების მონური ძალაუფლების დაცვისა და გაძლიერებისა... არარსებობს ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული არც შეხედულება და არც სახელმწიფო წყობა გარდა იმ შემთხვევებისა თუ შენ ხარ პიდარასტი,ლესბიანკა ან სატანისტი ბრეივიკი....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები