"დიახ, მკვლელობა დამიკვეთეს..." - კვირის პალიტრა

"დიახ, მკვლელობა დამიკვეთეს..."

კილერული ქრონიკა - დეპუტატის შვილის მკვლელობიდან დედა-შვილ კვეზერელების ამოხოცვამდე

რას წერდა ჩვენებაში შემზარავ დანაშაულში ბრალდებული

2 წლის წინ გაუჩინარებული სასტიკად ნაწამები 29 წლის გურამ კვეზერელის ცხედარი კოჯორში, კაკაურიძეების აგარაკის ეზოში დამარხული იპოვეს. საზარელი მკვლელობის დეტალები უკვე ცნობილია - დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობა 12.000 დოლარის გამო მოხდა. გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში მოტყუებით აიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ცხედარი კასრში მოათავსეს, მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. შემდეგ თბილისის ზღვის დასახლებაში გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში მივიდნენ. მასაც მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და შინიდან 12.000 დოლარი, გურამის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, კომპიუტერი და პირადი ნივთები გაიტაცეს.

2014 წლის დეკემბერში ნატო კვეზერელის განზრახ მკვლელობისთვის საქმე აღიძრა, 2014 წლის დეკემბრიდან იძებნებოდა მისი ერთადერთი შვილიც. უკვე ცნობილია დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობაც - მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე. სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა გიორგი ყუფარაძეს - ის ქვეყნიდან გასულია, ვასილ გოშაძე კი ისედაც პატიმარია - მეორე წელია ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით იხდის სასჯელს და 15 წელი აქვს მისჯილი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ გოშაძის ჩვენებით გაიხსნა დედა-შვილის მკვლელობა.

"სიმამრმა სიძის მკვლელობა დაუკვეთა"

ყუფარაძე და გოშაძე არაერთ უმძიმეს დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. ორივე ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ზურაბ ზუბადალაშვილი 2003 წელს საკუთარ სახლში მოკლეს. დანაშაული წლების განმავლობაში გაუხსნელი იყო. მერე გაირკვა, რომ ზურაბის მკვლელობა სიმამრმა დაუკვეთა. საქმეში ფიგურირებდა მოკლულის მეუღლეც, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში მიეცა, თუმცა ციხეში არ ჩაუსვამთ. როცა გიორგი ყუფარაძე, ვასილ გოშაძე, როლანდ დიღმელაშვილი და თეიმურაზ შარაშენიძე მკვლელობაში ამხილეს, ყუფარაძე უკვე ციხეში იყო - უმძიმესი დანაშაულისთვის 25 წელი ჰქონდა მისჯილი. 2008 წელს სვანეთის უბანში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ყუფარაძემ და მისმა თანამზრახველმა აზერბაიჯანის მოქალაქე ძმები მოკლეს. აქაც ხელწერა იგივეა - ცხედრები ნაქირავები ბინის ეზოში ჩააბეტონეს. მაშინ ყუფარაძემ გარიგება შესთავაზა პროკურატურას, აღიარა სხვა დანაშაული, სანაცვლოდ კი საპროცესო გაუფორმდა.

გთავაზობთ ფრაგმენტს გიორგი ყუფარაძის ჩვენებიდან, სადაც ის ზუბადალაშვილის მკვლელობის დეტალებს ამხელს:

"როლანდ დიღმელაშვილმა მითხრა, რომ ჩემთვის უცნობი პირი უკვეთდა ნარკომანი სიძის მკვლელობას. მას წინასწარ აღებული ჰქონდა 2.000 დოლარი.

შემკვეთი იყო რევაზ ჩაჩუა, უნდა მომეკლა ზურაბ ზუბადალაშვილი. გეგმაც შედგა. რევაზის ქალიშვილი გაგვიღებდა კარს და თავზე დავადგებოდით მძინარე ზურას..."

2003 წლის 23 ივლისს ყუფარაძემ ზუბადალაშვილი ვერ მოკლა. როცა ბინაში შევიდნენ, ზურას არ ეძინა და ტელევიზორს უყურებდა. კილერებმა მისი მოკვლა მაინც სცადეს, მაგრამ იარაღმა უმტყუნათ... დაქირავებულმა მკვლელებმა რამდენიმე თვეში მაინც შეასრულეს შეკვეთა და ზუბადალაშვილი მოკლეს, თუმცა ამჯერად შემსრულებელი შეიცვალა. საქმიდან ყუფარაძე გავიდა და წინასწარ აღებული 900 დოლარი უკან დააბრუნა... ყუფარაძემ მკვლელობაში თემურ შარაშენიძე ამხილა, პოლიციას ეს დანაშაული გაახსნევინა და საპროცესოც გაუფორმეს. ჯერ სასჯელი შეუმცირდა, შემდეგ ამნისტიაც შეეხო და 25-წლიანი პატიმრობა 2013 წელს თავისუფლებით შეეცვალა. ციხიდან გათავისუფლდა მისი მეგობარი ვასილ გოშაძეც. მას "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით 27 წელი ჰქონდა მისჯილი.

"გურამიკო მესიზმრა, მეუბნებოდა, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო"

ჩვენი ინფორმაციით, აგარაკი, სადაც გურამ კვეზერელის ცხედარი იყო ჩამარხული, ყუფარაძესაც ეკუთვნის. ის კაკაურიძეების ნათესავია. ირაკლი კაკაურიძის მეუღლე ირწმუნება, რომ წარმოდგენა არა აქვთ, როგორ აღმოჩნდა გვამი მათ ეზოში. "ჩვენთვისაც შოკია, რაც იქ მოხდა. არაფერი ვიცით. სახლი დაკეტილი გვქონდა, მხოლოდ სეზონურად ავდიოდით. ეს სახლი მარტო ჩვენი არ არის. ნაწილი ჩემი მეუღლის მამიდაშვილს ეკუთვნის".

ლელა კაშეიშვილი-კვეზერელი, ნატო კვეზერელის ძმისშვილი: - მამიდას მეუღლე ადრე დაეღუპა და გურამიკო მარტომ გაზარდა. ბიზნესი ჰქონდათ... 2 წელი გაურკვევლობაში ვიყავით, არ ვიცოდით, გურამიკო ცოცხალი იყო თუ მკვდარი. გურამიკოს "ჰამერი" ჰყავდა, მერე გაყიდა და ორი მანქანა იყიდა. დედას დაბადების დღისთვის სიურპრიზს ვუკეთებო - ჯიპი უყიდა, უცხოეთიდან ჩამოსვლას ელოდებოდნენ. მე მართვის მოწმობის ასაღებად რუსთავში მივდიოდი და მამიდამ მითხრა, გურამიკოს მანქანით წაგიყვან და თან ჩემი მანქანისთვისაც ნომრებს შევარჩევო. იმ დღეს ვურეკავდი, მაგრამ არ იღებდა ყურმილს. მეორე დღესაც რომ არ აიღო, გამიკვირდა... მერე დამირეკეს და ეს საზარელი ამბავი მითხრეს. სახლში ორი ადამიანისთვის სუფრა იყო გაშლილი. დარწმუნებული ვარ, გურამიკოს ელოდებოდა...

ვრცელდებოდა რამდენიმე ვერსია, ერთი ვერსიით, თითქოს გურამიკომ მოკლა დედა. ალბათ, ამ ჭორებმა აურია პოლიციასაც გზა-კვალი. გურამიკოს კომპიუტერი, საბუთები, ჩიპი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები მამიდას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მტკვრის სანაპიროზე იპოვეს, მკვლელებმა გაითამაშეს ეს სცენა, რათა ყველას ეფიქრა, თითქოს თავი მოიკლა, მაგრამ მყვინთავებმა ცხედარი ვერ იპოვეს. ყველაფერი წინასწარ განზრახული იყო, გაავრცელეს ხმები, მკვლელი შვილიაო...

ამდენი დრო გავიდა და მაინც მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დამესიზმრა, მეუბნებოდა, ცოცხალი ვარ, მიშველე, მიწაში ვარ ჩამარხულიო. გადარეული ვიღვიძებდი და სანთლებს ვუნთებდი. ახლა წესს მაინც ავუგებთ და თავისი საყვარელი დედის გვერდზე დავკრძალავთ.

დარწმუნებული ვარ, რაღაც წამლით გათიშეს და მერე იმ კასრში ცოცხლად ჩამარხეს. ამის გაფიქრებაც მზარავს. კასრში ჩატენეს ორმეტრიანი ბიჭი და მჟავა გადაასხეს. 12.000 დოლარის გამო შეიძლება ორი ადამიანი ასე წამებით მოკლა?!

ვინ იცოდა, ფული რომ იყო სახლში, ვინ მიაწოდა ინფორმაცია მკვლელებს? ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს. არც ერთი დამნაშავე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. არ მესმის, რატომ შეუფარდეს იმ ადამიანს გირაო, ვინც დამალა დანაშაული? ან რატომ არის გარეთ ის ვიღაც კაკაურიძე, რომლის ეზოშიც იყო ცხედარი? ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელებს. მამიდის საფლავზე დავიფიცე, რომ ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. მამიდა ძალიან ფრთხილი ქალი იყო და ბინაში დამონტაჟებული ჰქონია სათვალთვალო კამერა. მეც არ ვიცოდი, კამერა თუ ეყენათ, რომელიც თურმე მოხსნილია. ახლობლის გარდა, ვის ეცოდინებოდა კამერის ამბავი? ვითხოვ, გამოავლინონ ინფორმაციის მიმწოდებელიც! ყველა უნდა ამოლპეს ციხეში! როგორც ვიცი, ვინც დანაშაული გაახსნევინა პოლიციას, ის მკვლელია, მისთვის პოლიციელებს უთქვამთ, შეგიმსუბუქებთ დანაშაულს და მიგვიყვანე შემთხვევის ადგილამდეო, მაგრამ სადისტისთვის სასჯელის შემსუბუქება როგორ შეიძლება?!

"კვირის პალიტრა" ბრალდებულების ადვოკატებსაც დაუკავშირდა, მაგრამ ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ. გამოძიება მიმდინარეობს. გურამ კვეზერელი კახეთში, სოფელ კაკაბეთში, დედის გვერდით დაკრძალეს.

"ორივე ყოფილი ძალოვანია"

ყუფარაძისა და გოშაძის ციხიდან გათავისუფლებას ჯერ კიდევ 2015 წელს აპროტესტებდა მათი თანასაკნელი ალექსანდრე ჭუმბურიძე, რომელმაც "კვირის პალიტრას" 2015 წლის 28 ივნისს ინტერვიუც მისცა. ჭუმბურიძე ყოფილი ძალოვანია და მას 6 წელი ტერორიზმის ბრალდებისთვის შეუფარდეს.

ალექსანდრე ჭუმბურიძის მონათხრობიდან: "რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე საშიში დამნაშავეების - ვასილ გოშაძის და გიორგი ყუფარაძის საკანში აღმოვჩნდი. ორივე ყოფილი ძალოვანია... ისინი ჩემგან მოითხოვდნენ, მეღიარებინა ის, რასაც პროკურატურა მეტყოდა. დაწესებულების უფროსის მოადგილეც მეუბნებოდა, იგორ გიორგაძესა და მაია თოფურიას თუ დაადებ ხელს, გაგათავისუფლებენო. გოშაძე და ყუფარაძე ბორჯომით სავსე ბოთლებს უმოწყალოდ მირტყამდნენ მანამ, სანამ არ წავიქცეოდი. საშინლად ვიტანჯებოდი, მაგრამ მაინც არ ვაღიარე. სამჯერ გონება დავკარგე. ამდენი დარტყმისგან კბილები ჩამემტვრა. ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი. ციხის ზედამხედველი პერიოდულად "კარმოშკას" აღებდა და იქიდან გვიყურებდა. ამხელა კაცი ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი და ვტიროდი, ზედამხედველი კი ირონიულად შემოგვძახებდა საკანში, ხომ არაფერი გჭირდებათო... უმძიმესი ბრალდებით დაკავებული ჩემი მწამებლები გამოუშვეს. როგორც ჩანს, დაუფასდათ "ნასედკობა", არადა, ამხელა სასჯელი ჰქონდათ მისჯილი. მას მერე, რაც შევიტყვე, რომ ისინი გარეთ არიან, მოსვენება დავკარგე. ქუჩაში რომ გადამეყარონ, შეიძლება მკვლელად ვიქცე..."

თეა ხურცილავა