"გვიხსენით ამ ჯოჯოხეთისგან!" - კვირის პალიტრა

"გვიხსენით ამ ჯოჯოხეთისგან!"

"სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ არც დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა ეჭვმიტანილებს ალიბი"

საბერძნეთის ციხეში სამუდამო პატიმრობამისჯილ ქართველ ქალებს ჰაერზე გასვლის უფლებასაც არ აძლევენ

"ეს არის მალაიზიაში ქართველი ქალების დაკავების საქმეზე არანაკლებად რეზონანსული საქმე, რომელიც აღსავსეა ჩვენი თანამემამულეების ტკივილით. ნუ გავწირავთ მათ სამუდამო პატიმრობისთვის!" - აცხადებს ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე, რომელმაც საბერძნეთის ციხეში სამუდამო პატიმრობამისჯილი ხათუნა გოგსაძე მოინახულა.

ლედი ტუკვაძე: - ათენში ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად ჩავედით. ჩავიყვანეთ იურისტები, ექიმები და ემიგრანტებს იურიდიული და სამედიცინო მომსახურება შევთავაზეთ... არ დამავიწყდება თვალცრემლიანი გოგონა, რომელმაც დაჟინებით მთხოვა, ციხეში მისი და ხათუნა გოგსაძე მომენახულებინა. - ჩემს დას სხვის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ვის არ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. სახალხო დამცველს რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ამ საქმით რატომღაც არ დაინტერესდაო.

ძნელი იყო მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა და გადავწყვიტეთ პატიმრის მონახულება. ჩვენი კონსულიც გვახლდა, რომელიც ხათუნა გოგსაძის საქმეს კარგად იცნობს. ხათუნა წლების განმავლობაში ბერძნების ოჯახში მოხუცს უვლიდა. მისი ქმარიც საბერძნეთში მუშაობდა. ერთ დღეს მათ ქმრის, სოსო კარანაძის ნათესავი ეწვია და ცოლ-ქმარს დასაქმება სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა მიზანი ჰქონია. ერთხანს ცოლ-ქმრის ცხოვრების წესს, მათ მიმოსვლას აკვირდებოდა და ინფორმაციას ქართველ ყაჩაღებს აწვდიდა. სწორედ მაშინ, როცა სოსო კარანაძე თავისი საქმის მოსაგვარებლად (პოლიციის განყოფილებაში მანქანების გასაფორმებლად) იყო წასული, ხათუნა გოგსაძე კი ინტერნეტკაფეს სტუმრობდა, ყაჩაღები იმ ბერძენი მოხუცის ოჯახს თავს დაესხნენ. მოხუცი შემოაკვდათ და ვერც ძვირფასი ნივთებისა და თანხის წაღება მოახერხეს. როცა ხათუნა შინ დაბრუნდა, მოხუცის ოჯახის წევრებს სასწრაფოდ აცნობა ეს ამბავი. გაირკვა, რომ კარანაძეების ნათესავი ყაჩაღური ჯგუფის წევრი ყოფილა.

- ცოლ-ქმარი რა სამხილით დააკავეს?

- რეალური დამნაშავეები დანაშაულს აღიარებდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ ხათუნა გოგსაძემ და სოსო კარანაძემ მათი გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ეს არც მოსამართლისთვის და არც პროკურატურისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი(?!). სასამართლო პროცესი შეძახილებისა და ქუჩაში გამართული აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ოჯახი, სადაც ხათუნა გოგსაძე მომვლელად მუშაობდა, საკმაოდ გავლენიანია და მათი მხარდამჭერები დამნაშავეების მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ. სასამართლომ მათ უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობა ისე მიუსაჯა, არც დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა ეჭვმიტანილებს ალიბი. არადა, ხათუნა გოგსაძე იმ დროს ინტერნეტკაფეში იყო, ბაბუა ჰყავდა ცუდად და ოჯახთან დაკავშირებას ცდილობდა. გამოძიებას ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც ჰქონდა ამოღებული. მისი ქმარი კი, როგორც უკვე ვთქვი, პოლიციაში მანქანების გადასაფორმებლად წავიდა. მასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სოსო კარანაძე საბერძნეთის პოლიციაში აღიარების მოსაპოვებლად აწამეს, ფეხის კიდურები დაზიანებული ჰქონდა და ამაზე რეაქციაც არავის ჰქონია.

საბერძნეთში ემიგრანტებს საშინლად ეპყრობიან, ციხეებში მათთვის აუტანელი პირობებია. სხვა ქვეყნის პატიმრები ჰაერზე არ გაჰყავთ. ხათუნა გოგსაძე 4 წელია, რაც ამ პირობებში იხდის სასჯელს. ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო პერიოდში მისცეს სუფთა ჰაერზე 10 წუთით გასვლის უფლება. ამასობაში ჯანმრთელობა შეერყა. მისი ათი წლის ბიჭი საბერძნეთში ბებიასთან ცხოვრობს. ხათუნა გოგსაძის თქმით, მოკლული მოხუცის ახლობლებმა შური იძიეს და დააყაჩაღეს ოჯახი, სადაც ხათუნა გოგსაძის შვილი და მისი ბებია ცხოვრობდნენ.

ხათუნა ქართველ საზოგადოებას და უფლებადამცველებს დახმარებას სთხოვს: "როცა მალაიზიაში ქართველი ქალები დააკავეს, გულგრილი არავინ დარჩენილა და საზოგადოების ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. ჩვენი საქმეც არანაკლებ რეზონანსულია, უდანაშაულოებს სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯეს... იქნებ გვიხსნათ ამ ჯოჯოხეთისგან!".

საბერძნეთის ციხეში ვნახეთ ამ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელსაც დანაშაულის ადგილამდე მეგობარი მამაკაცი მანქანით მიუყვანია და დაუტოვებია. მასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, იმ დროს ფეხმძიმედ ყოფილა და ციხის სამშობიაროში გააჩინა ბავშვი, რომელიც ახლა 3 წლის არის და "სასჯელს" დედასთან ერთად იხდის. ვთხოვ უფლებადამცველებს, საქართველოს ხელისუფლებას, ამ საქმეს ყურადღება მიაქციონ და დაიცვან საკუთარი მოქალაქეები. ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეა!