"უდესიანი "ნაცმოძრაობის" შავბნელ ძალებთან დაახლოებული ჯალათია" - კვირის პალიტრა

"უდესიანი "ნაცმოძრაობის" შავბნელ ძალებთან დაახლოებული ჯალათია"

ქეთი ხარძიანი: - სასაცილოა, როცა უდესიანი ამბობს, პოლიტიკაში მოსვლას ვაპირებდი და ამიტომ მდევნიანო... მაჟორიტარი კი არა, ასეთი წარსულის მქონე კაცი ქვეყნის სირცხვილია. ამას იმიტომ თხზავს, რომ პოლიტდევნილად და დაჩაგრულად წარმოაჩინოს თავი და თავშესაფარი მოიპოვოს. ეს "ნაცმოძრაობის" აპრობირებული მეთოდია. უდესიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს

ნატო უდესიანი: "უნდობლობას ვუცხადებთ პროკურატურას, რომელიც ბოროტ ზღაპრებს თხზავს"

ხუთწლიანი დავის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე გია უდესიანს ბრალი წარუდგინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ("ქილერა") მიმართაც. 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს "კუს ტბა კალასა" და შპს "კუს ტბა პალასის" პარტნიორები გახდნენ. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს უდესიანმა ხარძიანსა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა. დაუკავშირდა მე-8 დაწესებულების (სადაც ხარძიანი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა სასჯელს) იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება, რაც მას იძულებულს გახდიდა, ბიზნესწილები დაეთმო... უდესიანმა ხარძიანის საქმეში მისი დადანაშაულება პოლიტიკური დევნის მოტივით ახსნა - ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობას გეგმავდა სვანეთში და პროკურატურამ მისი დევნა ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ დაიწყო.

"არ გამოვრიცხავ, რომ მამაჩემის მკვლელობა უდესიანმა და ქურასბედიანმა დაუკვეთეს"

ქეთი ხარძიანი, ბესო ხარძიანის ქალიშვილი: - ვვარაუდობთ, რომ უდესიანი ამ საქმეში თავის პარტნიორ რეზო ქურასბედიანთან ერთად მოქმედებდა.

- უდესიანმა თქვენი ოჯახისთვის გადაცემული სოლიდური თანხა და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ახსენა...

- უდესიანს უდანაშაულობის დასამტკიცებლად რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება რომ ჰქონოდა, შეეძლო 2014 წლის ივლისში, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოედგინა... მათ წააგეს და დადგინდა, რომ ხელშეკრულება იძულებითი იყო და მამას მოუწია ბიზნესის დათმობამ. რა სოლიდური თანხა? უდესიანის ადვოკატები ამბობდნენ, თითქოს ხარძიანისთვის 3 მილიონი აქვს გადახდილიო. ამის დამადასტურებელი ქვითარი ან რაიმე საბუთი ხომ უნდა არსებობდეს? ფულის ხსენებაც არ ყოფილა. მამაჩემს წილი არაადამიანური მოპყრობით, მუქარით, წამებით გადააფორმებინეს... სასაცილოა, როცა უდესიანი ამბობს, პოლიტიკაში მოსვლას ვაპირებდი და ამიტომ მდევნიანო. პოლიტიკური ფიგურა კი არა, უდესიანი "ნაცმოძრაობის" შავბნელ ძალებთან დაახლოებული ჯალათია, რომელიც მათ ნება-სურვილს ასრულებდა და ერთ-ერთი დავალება მამაჩემისთვის ნარკოტიკების ჩაყრა და ციხეში ჩაგდება იყო...

მაჟორიტარი კი არა, ასეთი წარსულის მქონე კაცი ქვეყნის სირცხვილია. ამას იმიტომ თხზავს, რომ პოლიტდევნილად და დაჩაგრულად წარმოაჩინოს თავი და თავშესაფარი მოიპოვოს. ეს "ნაცმოძრაობის" აპრობირებული მეთოდია. უდესიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს.

- ბესო ხარძიანის მკვლელობის დამკვეთებადაც თქვენმა ოჯახმა უდესიანი და ქურასბედიანი დაასახელა...

- მამას მათ გარდა მტერი არ ჰყავდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, უდესიანსა და ქურასბედიანს დაეკვეთათ მკვლელობა.

მათ გარდა ხარძიანის ბიზნესის ინტერესი არავის ჰქონია. მჯერა, დამკვეთი გამჟღავნდება და საკადრისადაც დაისჯება.

რას ამბობს გია უდესიანის და

ნატო უდესიანი, გია უდესიანის და:

- აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში ბრწყინვალედ მოგვილოცეს შეთითხნილი, ბოროტი ზღაპრით, რომელიც იმ ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებაა, რაც გიას მიმართ წლების მანძილზე ხორციელდებოდა. უბრალოდ, ჩვენმა ძვირფასმა მარიონეტმა პროკურატურამ ეს ყველაფერი ოფიციალურ ჩარჩოში მოაქცია. გია კენჭისყრას აპირებდა მესტიაში. ჩანს, ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც წინასაარჩევნოდ დაიდო...

- რომელ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე საუბრობს თქვენი ძმა?

- ჩემს ძმას რა თანხაც აქვს გადახდილი ხარძიანებისთვის, ყველა ინფორმაციას ფლობს პროკურატურა. დრო მოვა, ყველა მასალა დღის სინათლეს იხილავს.

- მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას თუ აპირებს გია უდესიანი?

- ვაცხადებ, რომ უნდობლობას ვუცხადებთ პროკურატურას, რომელიც ბოროტ ზღაპრებს თხზავს.

"ნაცვლიშვილის ინტერესებში შედიოდა ამ საქმის გაჯანჯლება..."

ირაკლი კორძაია, ჟურნალისტი: - უდესიანისთვის ხარძიანი პირველი მსხვერპლი არ არის. პირველად ის ზონდერებთან ერთად თბილისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს გამოჩნდა, როცა "ნაცმოძრაობის" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მაშინ გახდა ცნობილი, რომ "ნაცმოს" ჰყავდა ერთ-ერთი სადამსჯელო ბრიგადა, რომელსაც უდესიანი ხელმძღვანელობდა. ბესო ხარძიანის საქმეში უდესიანი იყო მთავარი მოქმედი პირი!

- 5 წელია, ე.წ. კუს ტბის საქმის გამოძიება მიმდინარეობს. რატომ გაიწელა ეს პროცესი?

- ის, რაც ახლა მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, თავის დროზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ გამოიძია. მასალები პროკურატურას ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში გადაეგზავნა. იმხანად პროკურატურის დე ფაქტო ხელმძღვანელი გახლდათ ლაშა ნაცვლიშვილი. სწორედ მის ინტერესებში შედიოდა ამ საქმის გამოძიების გაჯანჯლება. ძნელი მისახვედრი არ არის, რის ხარჯზე ხდებოდა ეს... ამ საქმეში მონაწილეობდნენ ზვიად ჯანყარაშვილი, თამაზ თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილიც. ეს ადამიანები რამდენიმე თვეა, აღარ არიან ხელისუფლებაში, მათი გავლენა დღეს ნულის ტოლია და პროკურატურამ მინიმალური შედეგი უკვე დაგვანახა... სხვათა შორის,

შარშან ჩემი ამ განცხადებების გამო ჯანყარაშვილმა მიჩივლა, ზარ-ზეიმით შეიტანა საჩივარი, მაგრამ მერე რატომღაც, ჩუმად შეიპარნენ სასამართლოში და სარჩელი უკან გამოიტანეს. მიხვდა, რომ მისთვის უპერსპექტივო იყო ეს საქმე და წააგებდა...

დიდი ოპტიმიზმით არ ვარ განწყობილი, რომ პროკურატურა რეალურ შედეგს მალე დაგვანახებს, არჩევნებამდე უნდა მოხდეს უდესიანის საქართველოში ექსტრადიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმავე სურათს, რომელიც არაერთხელ გვინახავს "ნაცმოს" დამნაშავე მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით - ისინი არავის გადმოუცია საქართველოსთვის. თუ ახლაც ასე მოხდა, ეს იქნება პროკურატურის მორიგი მარცხი და წინასაარჩევნო სპექტაკლი, დააწყნაროს ელექტორატი და მოახდინოს სამართლიანობის აღდგენის იმიტაცია.

"ეს საქმე ნაცვლიშვილთან გვაქვს "გაიასნებულიო"...

ამონარიდი "კვირის პალიტრის" 2014 წლის 22 დეკემბრის ინტერვიუდან.

ბესო ხარძიანი: - პროკურატურა ძალიან ნელი ტემპით - 2 წელია იძიებს ჩემს საქმეს. როგორც გავიგე, ჩემს საქმეს პროკურატურაში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ბლოკავდა. იგი თავის დროზე შეხვდა გია უდესიანს და ამის შემდეგ საქმე თაროზე შემოდო, გამოძიება შეაჩერა. ნაცვლიშვილი პროკურატურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ როგორც პროკურორი კი არა, როგორც ჩამწყობი, ისე იქცეოდა. მე მას ვეძებდი, მაგრამ მემალებოდა. როცა ქურასბედიანს შევხვდი, პირდაპირ მითხრა, ეს საქმე პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილთან გვაქვს "გაიასნებულიო"... რადგან ლაშა არ შემხვდა, მისი სიმამრი ვნახე და ვუთხარი, შენს სიძეს ხელს ადებენ იმაში, რომ ფული აიღო და ჩემი საქმე გადადო-მეთქი...

ჩემს წინააღმდეგ უდესიანის მოკავშირე იყო პროკურატურის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხატარაშვილი. ლაშა ნაცვლიშვილი, მინიმუმ, უნდა დაჰკითხოს პროკურატურამ და შესაძლოა, საქმე მის დაკავებამდეც მივიდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურაში ნაცვლიშვილი და შესაძლოა, ერთი-ორი ადამიანი, გახმაურებული საქმეების დაბლოკვაში ფულს იღებდნენ. ისე, დღესაც ვეძებ ლაშა ნაცვლიშვილს, არ ვიტყოდი უარს მასთან შეხვედრაზე, რათა პირადად მისგან მოვისმინო - რატომ გაჭიანურდა ჩემი საქმის გამოძიება.

"უდესიანმა 100-კაციანი ზონდერჯგუფი ჩამოაყალიბა"

ლევან ჩიტაძე, უფლებადამცველი: - გია უდესიანი, ეს სისხლიანი ჯალათი, "ვარდების რევოლუციის""შემდეგ გიგი უგულავას მეოხებით დაინიშნა მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად. მან რამდენჯერმე გამოიცვალა მფარველი. როგორც ჩანს, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ახალაიასა და მერაბიშვილის მფარველობა. საბოლოოდ, გია უდესიანი, გია დგებუაძე ("მასტერა"), ალექსანდრე მუხაძე ("ქილერა") და მეგის ქარდავა…დათა ახალაიას გავლენის ქვეშ მოექცნენ. უდესიანს ჰყავდა თავისი დაჯგუფება, თუმცა, მის ბრძანებას პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის დაჯგუფებაც ემორჩილებოდა. მან ჩამოაყალიბა 100-კაციანი ზონდერჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ მოკრივეები და სხვა სპორტსმენები, ასევე კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ქურდები კი არა, ქურდული მენტალიტეტის მატარებლები იყვნენ. მათ კრიმინალური საქმიანობისთვის იყენებდნენ "ნაციონალები" - ადამიანების დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური დევნა, ბიზნესის დატერორება, არჩევნების გაყალბება და ა.შ. უდესიანის დაჯგუფების მოქმედების სფერო იყო სვანეთი, თბილისი, ხაშური და გორი. მან შეძლო ამ ტერიტორიებზე არსებული ბიზნესების დიდი ნაწილი საკუთარ კლანჭებში მოექცია. ამ საქმიანობით უდესიანმა დიდი ქონების დაგროვება შეძლო და ამით არჩენდა დაჯგუფების წევრებს.

უდესიანი ფლობს ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს, ჰქონდა წილი ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელში, საბაჟო ტერმინალი ფონიჭალაში და ა.შ.

ნანა ფიცხელაური