"როსტოს" და "კურტანას" სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ? - კვირის პალიტრა

"როსტოს" და "კურტანას" სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ?

ლევან როსტოშვილი: "ლაშამ არ იცოდა, რომ საბარგულში ნარკოტიკი მქონდა"

"ნანუკას შოუს" ყოფილი თანაწამყვანი ლევან როსტოშვილი ("როსტო") და მსახიობი ლაშა კურტანიძე ("კურტანა") სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე დააკავეს. მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ახლობლები საუბრისგან თავს იკავებენ. ტელეწამყვანმა და დაკავებულების მეგობარმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კი "ფეისბუკზე" სტატუსი გამოაქვეყნა: "მათ ჰქონდათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები - ემდემა, ექსტაზი. არანაირ რეალიზაციაზე საუბარი არ არის, მაგრამ მედია რისი მედიაა, არ გააბუქოს. განსაკუთრებით მედიის ის ნაწილი, რომელიც ტყუილის გასავრცელებლად შეიქმნა მხოლოდ... თავისი ეყოფათ ბიჭებს. ნუღარ უმატებთ!!!

ჩემი საუკეთესო ორი მეგობარი, რომლებიც პირველად დააკავეს ცხოვრებაში, ციხისთვის რომ არ მემეტება, ესეც არ უნდა გაგიკვირდეთ. უბრალოდ, ქვეყანაში, სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს, იმედს ვიტოვებ, რომ ორი "ქლაბერი" ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა".

სასამართლო პროცესზე ბრალმდებელმა ზაზა დოლიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ დაკავებულებს უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით (42,9524 გრამი) ნარკოტიკული ნივთიერება ემდემა აღმოაჩნდათ. პროკურორის მტკიცებით, ნარკოტიკის ნაწილი როსტოშვილის მანქანის საბარგულში 9 ჩეკად იყო დაფასოებული. მანქანის სალონში კი, იქ, სადაც ლაშა კურტანიძე იჯდა, იმავე სახეობის ნარკოტიკული საშუალება იპოვეს. პროკურორის მტკიცებით, ლაშა კურტანიძეს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერება მისი სავარძლის ქვეშ იპოვეს. კურტანიძის ბინიდან ამოღებულია 0,08 გრამი სხვა სახეობის ნარკოტიკული ნივთიერებაც.

პროკურორმა ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ითხოვა და განაცხადა: "ბოლო დროს ძალიან გავრცელებულია ნარკოტიკის ეს სახეობა, მაგრამ ასეთი უპრეცედენტო ოდენობით, ადრე არ ამოგვიღია". როსტოშვილმა სამართალდამცავებს მიუთითა, რომ მანქანაში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება მას ეკუთვნის და სურდა, პირადად მოეხმარა.

"როსტოშვილისთვის წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება ლაშა კურტანიძეს, მასაც ბრალად ედება ჯგუფური დანაშაული. მათი დაპატიმრების საფუძველი არსებობს. ხშირად დადიან საზღვარგარეთ, იქ ჰყავთ ნაცნობები და შეიძლება მიემალონ გამოძიებას. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ კვლავ ჩაიდენენ დანაშაულს", - განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატი მალხაზ სალაყაია ბრალდებულთა ინტერესებს იცავს: "კურტანიძეს დაბადებიდან ვიცნობ... ამ ბიჭებისთვის პატიმრობის გამოყენება უმკაცრესი ღონისძიება იქნება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ისინი მიემალებიან გამოძიებას. ჩამოვართვათ პასპორტები და პირადობის მოწმობები, ამით ეს პრობლემა მოიხსნება. არც იმის საშიშროება არსებობს, რომ კვლავ ჩაიდენენ დანაშაულს, მათ შეუბღალავი წარსული აქვთ, ნასამართლევი არ არიან, არც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულან. მზად ვართ, დააკისროთ ვალდებულება, ყოველდღიურად გამოცხადდნენ ნარკოლოგიურში შემოწმებაზე. ეს ნარკოტიკული საშუალება არ არის მძიმე ნარკოტიკების ჩამონათვალში, ეს არის ფსიქოტროპულების ნუსხაში შეტანილი ნივთიერება - ე.წ. კლუბური ნარკოტიკი, მსუბუქი ეიფორიის შემქმნელი და არ იწვევს მიდრეკილებას. ჩვენ ალტერნატიული ღონისძიების გამოყენებას ვითხოვთ - გირაოს 10.000 ლარის ოდენობით. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს თანხა ვერ უზრუნველყოფს, გაზარდეთ თქვენი შეხედულებისამებრ", - მიმართა მოსამართლეს სალაყაიამ.

ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. თუმცა როსტოშვილმა კომენტარის გარეშე არ დატოვა პროკურორის ბოლო რეპლიკა, როცა ის ადვოკატს უმტკიცებდა, საქმეს ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია იმიტომ მიეცა, რომ ბიჭები ერთად ისხდნენ მანქანაში და კურტანიძის სავარძლის ქვეშ და საბარგულში ერთი და იგივე ნარკოტიკი აღმოჩნდაო.

"ლაშამ არ იცოდა, რომ საბარგულში ნარკოტიკი მქონდა. მას გავუარე, ლაშა სამსახურში მიდიოდა. ამ ვითარებაში ჩემს მანქანაში შეიძლებოდა მჯდარიყო მამაჩემი, დედაჩემი ან ჩემი და... მაშინაც წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი დანაშაული იქნებოდა?"

მოსამართლემ ბრალდებულებისა და ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა, დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თეა ხურცილავა