მაწიმის ტრაგედია - რატომ მოკლა ძმამ ძმა - კვირის პალიტრა

მაწიმის ტრაგედია - რატომ მოკლა ძმამ ძმა

"ეტყობა, აუშარდა და ტრაქტორის კბილანა ჩაარტყა, რომელსაც ტარი წინასწარ ჰქონდა გაკეთებული"

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - ადგილობრივების ცნობით, 45 წლის ნიკოლოზ ჩუთლაშვილმა უფროსი ძმა, 48 წლის ნუგზარი ტრაქტორის კბილანის თავში ჩარტყმით მოკლა, შემდეგ გვამი სახლიდან ეზოში გაიტანა, ხის ქვეშ დატოვა, თვითონ კი შინ შებრუნდა და დაიძინა. გვამი გამთენიისას მეზობელმა შენიშნა და კივილი ატეხა. ტრაგედიის შესახებ იქაურები მოგვითხრობენ, თუმცა ვინაობის გამხელაზე უარს ამბობენ.

- ჩუთლაშვილებს წლების წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ ცხოვრება აურია და ყველაფერი ამ უბედურებით დასრულდა.

- რა მოხდა წლების წინ?

- ნიკოლოზი, ფაქტობრივად, შეურაცხადი იყო, მაგრამ ასეთად არ დაბადებულა. წლების წინ ისეთ უბედურებას გადაეყარა, ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მას შემდეგ ოჯახიც მთლად აირია - ნიკოს გამო ნუგზარს ცოლ-შვილიც კი გაექცა. მართალია, ნიკო ნუგზართან ერთად არ ცხოვრობდა, მაგრამ მეზობლად მამასთან იყო შეფარებული. ხშირად სვამდა და ძმასთანაც გადადიოდა. იქ კი, ბუნებრივია, ნუგზარის ცოლ-შვილსაც ხვდებოდა და ვინ იცის, რამდენი უსიამოვნება შეახვედრა მათ. ისინიც ადგნენ და წავიდნენ...

- მაინც რა შეემთხვა ნიკოს?

- ამის თქმა არ შემიძლია. ასეთ ტრაგედიაზე ვერ ვილაპარაკებ...

- მკვლელობა როდის მოხდა?

- გიორგობის ღამეს. ამ დღეს სოფელში ბევრგან სუფრა იშლება. ჩუთლაშვილების 80 წლის მამამ გიორგობას პური და ღვინო გამოიტანა და ორ მეზობელსა და შვილებთან ერთად მიუჯდა სუფრას. ერთ ვაჟს ხომ არ მოისვამდა გვერდით და მეორეს ხომ არ ეტყოდა, აქედან დაიკარგეო! ნიკოს ადრეც ბევრჯერ დაულევია, მაგრამ არავის გაჰკიდებია მოსაკლავად. მხოლოდ ძმას ედავებოდა, ჭკუას რომ არიგებდა და დალევას უშლიდა. იმ დღესაც დალია და ეს უბედურებაც დაატრიალა.

- ძმა მეზობლების თვალწინ მოკლა?

- არა, მერე, როცა მეზობლები წავიდნენ. ეტყობა, აუშარდა და ტრაქტორის კბილანა ჩაარტყა, რომელსაც ტარი წინასწარ ჰქონდა გაკეთებული - ნუგზარს მიეპარა და უკნიდან ჩაარტყა, საწყალს კეფა აქვს შემტვრეული.

- ამ დროს მამა სად იყო?

- შუაღამისას 80 წლის კაცს, თანაც, ნასვამს, ალბათ, ეძინა, თუმცა რომც არ სძინებოდა, ჯან-ღონით სავსე, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ კაცს მაინც ვერ მოერეოდა.

- მკვლელობის მიზეზი არ უთქვამს?

- ძმის დარიგებას ვერ იტანდა. ის დალევას უშლიდა, ეს კი მაშინვე ჩხუბს იწყებდა. ეტყობა, ეს წყენა ჰქონდა გულში.