"თბილისში საშიში სექტა მოქმედებს"! - კვირის პალიტრა

"თბილისში საშიში სექტა მოქმედებს"!

"არასოდეს ყოფილა მსოფლიო ასე განდგომილი უფლისაგან"

"მითხრა, სისხლის დალევა ძალას მმატებსო"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა - უამრავი ფსიქოტროპული აბი დალია... ოჯახის წევრები მოზარდს კარგა ხანს ეძებდნენ და ბოლოს ერთ-ერთ რაიონში მიაკვლიეს... მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით აღძრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სექტანტებთან ჰქონდა კავშირი. ჩვენ დავუკავშირდით მის ახლობელს, რომელმაც მიაკვლია სექტას, სადაც, ძირითადად, მოზარდები არიან გაწევრებული, შეხვდა და გაესაუბრა მის წევრებსა და ლიდერს. ისინი ქალბატონს საიდუმლო ბიბლიის შემსწავლელებად გაეცნენ...

თათია გლოველი: - თავდაპირველად, ბავშვს ვერის სასაფლაოზე, შემდეგ კი სასტუმრო "რედისონის" ქვეშ არსებულ ჯურღმულში ვეძებდით, სადაც ენით აუწერელი ანტისანიტარია დაგვხვდა. ეს ბავშვები არ არიან ბომჟები, ჩვეულებრივი მოზარდები არიან და ამ კანალიზაციაში (სხვას ვერაფერს ვუწოდებ) იკრიბებიან - სვამენ, ხელებს ისერავენ, ყელს სჭრიან კატებს... მათმა ლიდერმა გვითხრა, ამას პატარები აკეთებენ, რათა ძლიერება დაგვიმტკიცონო. შემდეგ მივაგენით ბინას ნაძალადევში, სადაც, როგორც მითხრეს, რიტუალებს ატარებენ.

ნახეთ ვიდეო| "ემოები", "სუიციდ-ოთახი" და არასრულწლოვანთა სექტები თბილისში - შოკისმომგვრელი კადრები ქართული რეალობიდან (+18)

ბინაში ყველაფერი შავია - კედლები, ფარდები. იქ ორი გოგონა და სამი ბიჭი დაგვხვდა შუშის თვალებით. გვითხრეს, რომ ბიბლიის მეორე მხარეს სწავლობენ, ანუ საიდუმლო ბიბლიის შემსწავლელები არიან. ერთმა გოგონამ მითხრა, ოჯახის მიმართ აგრესია გამიჩნდა, რადგან მშობლებმა მერვე კლასში სასულიერო სკოლაში გადამიყვანესო. მეორე გოგონამ, ჩემი იმიჯის გამო ხალხი მაქილიკებსო, არადა, არაფერი ჰქონდა უცნაური, გარდა იმისა, რომ ყურთან თმა ჰქონდა ზედმეტად აჭრილი...

სრული შოკი იყო, როცა ერთმა ულამაზესმა ბიჭმა მითხრა, სტიქაროსანი ვარ, უბრალოდ, ბიბლიის მეორე მხარე მაინტერესებსო. წარმოიდგინეთ, როგორი გაორება აქვს ბავშვს? თვალში მომხვდა კედელზე მიყუდებული ამოტრიალებული ჯვარი. მერე მე და ჩემმა მეგობარმა დაკარგული ბავშვის ფოტო ამოვიღეთ, მათმა ლიდერმა კი რიტუალი ჩაატარა - ჯერ სანთელს კბილებით თავი მოაგლიჯა და გადმოაფურთხა, მერე ჩემს მეგობარს ხელი ჩასჭიდა და კანკალი დაიწყო, გვითხრა, ბავშვი არც ამ ქვეყნისაა, არც იმ ქვეყნის, გათიშულიაო. სექტის ლიდერი 22 წლამდე იქნებოდა, დანარჩენები მასზე უმცროსები იყვნენ. ბავშვებს შავი ტანსაცმელი ეცვათ, კოჭთან სამკუთხა, რაღაც სატანური ნიშნები ეხატათ. ვეხვეწებოდი, ბავშვებო, ასეთი საინტერესოა ცხოვრება და მშობლების ჯიბრზე როგორ შეიძლება სული გაყიდოთ-მეთქი.

- ხელებს რატომ ისერავენ?

- ტკივილს იყენებენ და სიამოვნებთ, მერე მათი დასერილი ხელებიდან სისხლს ლიდერი სვამს. გვითხრეს, რომ მოგვიშუშდება, ხელმეორედ ვისერავთო.

ლიდერმა გვითხრა, სისხლის დალევა ძალას მმატებსო. ამას გვეუბნება ულამაზესი ბიჭი, მშვიდი და კმაყოფილი სახით. ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, ხომ შეიძლება სისხლით რაიმე დაავადება გადაგედოსო? არა, ვამოწმებთო, უპასუხა. ბევრი ბავშვი თვითმკვლელობას მიმართავს, მათი რწმენით, ამით ეშმაკს ემატება ძალა ("ძალას ემატება ძალა" - ასე ამბობენ). ბავშვი თუ განათლებულია და ორატორული ნიჭიც აქვს, მას ლიდერად ზრდიან, სუსტი ნებისყოფის ბავშვებს კი მსხვერპლად წირავენ, რათა "ძალა შეემატოს იმ დიდ ძალას".

დიდი ყუთი მომხვდა თვალში, სადაც ბევრი ქაღალდის ფული ეყარა, პატარა ტომარა კი სავსე იყო ხურდა ფულით. როცა ბინიდან გამოვდიოდით, ლიდერმა გვითხრა, თქვენ არაფერი გაქვთ გადასახდელი, რადგან ვერ დაგეხმარეთო. როგორც ჩანს, რიტუალის ჩატარებაში ფულს იღებენ, არ ვიცი, რაში ეხმარებიან მთხოვნელებს, არც გვიკითხავს, იმდენად საზარელი იყო მათი ყურება. ამ ბავშვებს შველა სჭირდება, თვალებიდან არ ამომდის, ისეთი კარგები იყვნენ... ბავშვს რომ ვეძებდით, ყველა გვეკითხებოდა, ოჯახში თუ ჰქონდა პრობლემაო, რადგან სექტაში უმრავლესობა მშობლების ჯიბრზე მიდის. ნაძალადევში დიდი საფეხბურთო სკოლაა. მისი სტადიონის გვერდით ერთი დანგრეული შენობა დგას. იქ შევხვდით იმ ლიდერის მეგობარ გოგონას და ჩვენი მისვლის მიზეზიც ავუხსენით. გვითხრა, ალბათ, ორგანოებით მოვაჭრეთა მსხვერპლი გახდა, ბავშვები ასე ქრებიანო. ჩავაცივდით, იქნებ დანაშაულის კვალზე გავეყვანეთ, მაგრამ მტკიცედ გამოგვიცხადა, სისხლიც რომ მადინოთ, ჩემგან არაფერი გავა, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა თირკმელზეა და 150 ათასს იხდიანო. ისინი ყველგან არიან - "რედისონის" ქვეშ ჯურღმულში, რომელსაც "ლაბირინთი-მორგი" ჰქვია, თბილისის ზღვაზეა "ქლაბი", იკრიბებიან ვერის სასაფლაოზეც, ნაძალადევში კი აქვთ ბინა, სადაც რიტუალებს ატარებენ. მიაქციონ ამ ამბავს ყურადღება კომპეტენტურმა ორგანოებმა. თბილისში საშიში სექტა მოქმედებს!

მამა კონსტანტინე (გიორგაძე), წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური: - ადამიანს მუდამ ებრძვის კაცობრიობის მტერი, უხილავი ძალა, ბოროტი, რომელიც ცდილობს ის ჭეშმარიტების გზიდან გადაიყვანოს, მოაცილოს უფალს და დაღუპოს. თუ დავაკვირდებით, არასოდეს ყოფილა მსოფლიო ასე განდგომილი უფლისაგან. როცა ცოდვა აჰყავთ საკანონმდებლო დონეზე, მთელ ერს ატყდება უფლის რისხვა (ერთსქესიანთა ქორწინება, ევთანაზია, სუროგაცია, აბორტი).

უამრავი სექტაა დღეს მსოფლიოში, ჩვენთანაც იმატა მათმა რიცხვმა. ინფორმაცია ადვილად ვრცელდება ინტერნეტით, ტელევიზიითა თუ სხვა ელექტრონული მანქანებით. გახშირდა სუიციდი ბავშვებში, ელექტრონულად ეძლევათ ბრძანებები თვითმკვლელობისა. ეშმაკი ხომ ნახევრად სიმართლით მოდის, კეთილი ნიღბითა და სატყუარით. თვითმკვლელობას ადამიანი პირდაპირ მიჰყავს ჯოჯოხეთში, რადგან ის მონანიებასაც ვერ ასწრებს.

დღეს პრობლემაა თავად მშობლების სულიერი მდგომარეობა. მიაგდებენ შვილებს კომპიუტერთან და სულიერად შეუიარაღებელთ, მტრის საჯიჯგნად ტოვებენ. სულიერად შეუიარაღებელი კი ადვილად მარცხდება. გამოსავალი? - ცრემლიანი სინანული, თავმდაბლობა და უფალს მინდობა. მინდა მოვუწოდო ყველა დედას, ნუ ჩაუგდებენ შვილებს მტერს დასაღუპად. აუცილებელია, საგანმანათლებლო სისტემა გახდეს უფრო სულიერი და ტრადიციების მომხრე, ეკლესიასთან დამაკავშირებელი. დღეს არავის უნდა, იფიქროს სულის ცხონებაზე, ცოდვებზე, ჯოჯოხეთსა თუ გარდაცვალებაზე. რატომ უნდა დავითრგუნოთო, ამბობენ და მხოლოდ "პურსა და სანახაობაზე" ფიქრობენ. ეკლესია ლოცულობს თავისი ერისთვის, მაგრამ ადამიანებმაც უნდა მიმართონ ეკლესიას, ღმერთს, რომელიც აუცილებლად დააყენებს მათ სწორ გზაზე და დაეხმარება პრობლემების გადაჭრაში.

"ყველა თვითმკვლელი ანგელოზია"

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან 13 წლის თამუნა შ. გადახტა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონას თვითმკვლელობა სექტას უკავშირდებოდა, რომელსაც ის ინტერნეტის საშუალებით დაუახლოვდა.

ნინო, თამუნას მამიდა: - თამუნა დიდ დროს უთმობდა კომპიუტერს. არც შებოჭილი გვყავდა და არც ისეთი თავისუფლება ჰქონდა, ქუჩაში გვიანობამდე ევლო...

- ითქვა, რომ გოგონას ჯიბეში ედო წერილი, რომელიც თვითმკვლელობის მოტივს ხსნიდა...

- ჯიბეში თავისი ნახატი ედო წარწერით: "ყველა თვითმკვლელი ანგელოზია". თამუნას ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა. ჩემთან იზრდებოდა და კარგად ვიცნობდი. მხიარული ბავშვი იყო, კარგად ხატავდა, არც მშობლებთან ჰქონია პრობლემა. არანაირი ცვლილება არ შეგვიმჩნევია, გარდა იმისა, რომ როკჯგუფების მაისურებსა და დახეულ ჯინსებს ატარებდა. ასე ბევრს აცვია, მაგრამ თავს ყველა არ იკლავს. წინა საღამოს ერთად ვიყავით, არ დაუძინია, ტელეფონით იყო ინტერნეტში შესული, არ ვიცი, ვის ესაუბრებოდა, დილით კი გაგვეპარა... ადრე გვითხრა, რომ რუსთაველზე გაიცნო რამდენიმე ბავშვი, მაგრამ მაქსიმუმ 5-ჯერ ყოფილიყო ნამყოფი, ისიც "სმარტში" (რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც სუბკულტურის წარმომადგენელი ბავშვები იკრიბებიან. - ნ. ფ.) და არა იმ გვირაბში... წინა საღამოს ბავშვებისთვის მიუწერია, თავის მოკვლას ვაპირებო. როცა გამომძიებელმა თამუნას ნაცნობები დაჰკითხა, უთქვამთ, ხშირად ვხუმრობდით ასე, "სად ხარ, თავი ხომ არ მოიკალი, ცოცხალი ხარ?" ბავშვებს გამომძიებელთან უღიარებიათ, თვითმკვლელობა ჩვენც ბევრჯერ გვიცდია - ზოგს 5-ჯერ, ზოგს 8-ჯერ... არ ვიცი, ვინ უბიძგა თამუნას თვითმკვლელობისკენ, თავისით ამის გამკეთებელი არ იყო. არ ვიცი, რატომ ჩაიდინა ეს.

"ნებისმიერი სექტა ცდილობს, ყველა წევრისთვის "მოსიყვარულე" ოჯახად იქცეს"

დალი ლაშხიძე ფსიქოლოგი:

- მოზარდი სექტაში იმისთვის მიდის, რომ იქ რაღაც მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. ნებისმიერი სექტა ცდილობს, ყველა წევრისთვის "მხარდამჭერ", "მოსიყვარულე" ოჯახად იქცეს. ბავშვებს უქმნიან ილუზიას, რომ იქ მიიღებენ უპირობო სიყვარულს, რასაც ვერ აღწევენ ოჯახში. მოგეხსენებათ, მოზარდი მუდმივად ეძებს რაღაც ამაღელვებელს, რა დროსაც მოწყვლადი და დაუცველი ხდება. სწორედ ამ დროს ჩნდებიან "მაშველები", რომლებიც მოზარდს იღებენ ისეთს, როგორიც არის. ამ საშიშროების წინაშე დგანან განსაკუთრებით 14-18 წლის არასრულწლოვნები. ამ ასაკში ესაჭიროებათ ისეთი ფსიქოლოგიური ხერხემალი, როგორიც ოჯახია. ამ საყრდენის გარეშე დარჩენილები სექტების მსხვერპლი ხდებიან.

მოზარდს ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანებისკენ შეიძლება უბიძგოს შემდეგმა გარემოებებმა:

1. კონფლიქტი ოჯახში. როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და სურვილიც არა აქვთ, გაუგონ.

2. როდესაც მოზარდი ფსიქოლოგიურად მიტოვებულია - მშობლები მუშაობენ, უზრუნველყოფენ მათ ფინანსურად, მაგრამ არა აქვთ შვილებთან სულიერი და ფსიქოლოგიური კავშირი.

3. იმ მშობლების შვილები, რომლებიც თავად არიან გატაცებული მკითხაობით, მაგიითა და მსგავსი აქტივობებით, მათზე შორს მიდიან.

4. მოჩვენებითი ოჯახი. ბავშვი ცდილობს, აიძულოს მშობლები, მიაქციონ ყურადღება და არაცნობიერად ეხვევა ისეთ მძიმე სიტუაციაში, რომლისგანაც გამოსვლა ძალიან ძნელია.

არასრულწლოვნების ჩათრევა ასეთი ტიპის ორგანიზაციებში დაკავშირებულია ახალი წევრის ფიზიკური და ფინანსური რესურსების დაუფლებასთან. მსხვერპლის მოსაზიდად სექტანტები აშანტაჟებენ და იბირებენ მოზარდებს აგრესიული მეთოდებით... მშობლებს ვურჩევ, არ დატოვონ ბავშვები პრობლემებთან მარტო, ნუ მიუდგებიან ყველაფერს კრიტიკულად და შვილებს მისცენ საშუალება, მათთან საუბრისას იყვნენ გულწრფელები.

"სექტები სასწრაფოდ უნდა გავანეიტრალოთ"

სოსო მანჯავიძე, ისტორიკოსი: - სამწუხაროდ, ჩვენთანაც გამოჩნდა სატანისტური სექტის ნიშნები. სატანისტები ისეთ ახალგაზრდებს იზიდავენ, რომელთა ზომბირებაც ადვილია. თითქმის ყველა სატანისტური კულტი სისხლიან მსხვერპლშეწირვას მისდევს, რაც დაკავშირებულია ტანჯვასთან. სექტის ხელმძღვანელს შეუძლია, მოუწოდოს წევრებს, ჩაიტარონ სუიციდიან მოიქცნენ ანტიჰუმანურად, ანტისახელმწიფოებრივად. ყველა ტოტალიტარულ სექტას ადამიანები ჭეშმარიტი გზიდან გადაჰყავს და საკუთარ სულზე უარის თქმასა და სხვა ადამიანის თაყვანისცემას¬მოითხოვს, რაც სულიერ სიკვდილს იწვევს.

უნდა მივიღოთ სასწრაფო ზომები სექტების გასანეიტრალებლად, ვინაიდან მოზარდებში გახშირდა სუიციდის შემთხვევები და გაირკვა, რომ ეს ინსპირირებული იყო სექტების ხელმძღვანელების სატანისტური იდეების გამო. ასეთი ტიპის საფრთხეებთან საბრძოლველად ჩვენი კანონმდებლობა მოუქნელია. ამიტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯია "რელიგიის შესახებ" კანონი, რომელიც ადეკვატური იქნება ასეთი საფრთხეების მიმართ. ინფორმაციულ საუკუნეში არ ხდება ყველაფრის გაფილტვრა მავნე ასპექტებისგან, შედეგად ხდება ახალგაზრდობის დეზორიენტაცია. ასეთი სექტების გამრავლებას პოლიტიკურ-რელიგიური ხასიათიც აქვს, ანუ ხდება არეების აღრევა. ერთი კანონზომიერებაც არის - ვინც ტელევიზიებიდან თვითანალიზის გარეშე ქადაგებს რელიგიურ ჭეშმარიტებას, თვითონ არის ყველაზე დიდი სექტანტი და ყოველგვარი რელიგიურ-ზნეობრივი ნორმის დამრღვევი.

ნანა ფიცხელაური