უბედურება ONLINE - "შეაჩერეთ სასიკვდილო თამაშები!"
16-05-2016
უბედურება ONLINE - "შეაჩერეთ სასიკვდილო თამაშები!"
სოსო ცისკარიშვილი: "რომ ვიცოდე, ვინ დგას მსგავსი რეკლამებისა თუ მესიჯების უკან, თავს გავუტეხდი"

"ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულ თანამედროვე ელიოზებს საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ"


თუ გინდა ადამიანი დაღუპო, დააწყებინე აზარტული თამაში, ხელი შეუწყვე, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული და... უბედურება არ დააყოვნებს. მით უმეტეს, თუ ეს უბედურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო და ტელევიზიები მას სარეკლამო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. დიახ, ონლაინკაზინოებსა თუ ონლაინბეთებს ვგულისხმობთ, რომლებიც ისეთივე ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორიც,
მაგალითად, ნარკომანიაა. სწორედ ამიტომ ითხოვს საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების უსწრაფეს რეაგირებას, მაგრამ...

"ონლაინკაზინოებისთვის სარეკლამო დროის დათმობა დანაშაულია"

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:
- ონლაინკაზინოების რეკლამის ასეთი გაშლა როგორ შეიძლებოდა?! წარმოვიდგინოთ, შინ ზის გაჭირვებული, ათასნაირი განცდითა და სიღარიბით დაძაბუნებული ადამიანი, რომელსაც არსაით წაესვლება, რომელიც არავინ მიიღო სამუშაოზე და
ამის გამო მის შვილებს პური არა აქვთ, ფეხსაცმელი არ აცვიათ, ბუზღუნებენ, რომ მათი მამა უვარგისია. ამ დროს კი იწყება ტელე­ვიზორში ონლაინკაზინოს რეკლამა - "შენ შეგიძლია მყისიერად მოიგო ფული!" რას იზამს ეს ადამიანი? დიდია იმის ალბათობა, რომ უცბად ფულის შოვნის შანსს ჩაეჭიდოს და... საბოლოოდ, გაუბედურდება და სიცოცხლესაც შეიმოკლებს. შესაბამისად, სიცოცხლის შემმოკლებელია მათი მედიარეკლამაც.

რა მოგებასაც უნდა იძლეოდეს მსგავსი რეკლამები, დანაშაულია, ხელი მოაწერო სიცოცხლის შემმოკლებელ პროპაგანდაზე! იმავეს ვიტყვი ხელისუფლებაზეც! ის ხელისუფლება, რომელიც არ ცდილობს, შეიმუშაოს კანონები საკუთარი სასოწარკვეთილი მოქალაქეების დასაცავად, დამნაშავეა! ხელისუფლება, რომელიც იმით აწონებს თავს საზოგადოებას, რომ პროსტიტუციას არ აკანონებს, სინამდვილეში სიკვდილს აკანონებს გაჭირვებული ხალხის ხარჯზე აყვავებული საეჭვო ორგანიზაციების სახით. რამდენი ხანია გაუგებარი საუბარია ვითომ ამ კუთხით კანონმდებლობის შექმნაზე, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს; ამასობაში საეჭვო დაწესებულებები ათიათასობით ადამიანს აუბედურებენ.

მოუშუშებელი ტრაგედიაა ჩვენი ახალგაზრდობის მასობრივი თვითმკვლელობები ონლაინკაზინოებისა და ვალების გამო! ვინც ამაზე დაფიქრდება, მედია იქნება თუ ჟურნალისტი, ამ სიკვდილისმთესველი ორგანიზაციების გარეკლამება-გაპიარებას ხელი როგორ უნდა მოჰკიდოს?! პირადად ჩემთვის გმირია ის მედიასაშუალება, რომელიც მორალისა და მომავლის სახელით უარს ამბობს ასეთი რეკლამით მიღებულ შემოს­ავალზე და მსგავს რეკლამებს წყვეტს! ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც ვიცი, "პალიტრამედიამ" თავის მედიასაშუალებებში აკრძალა ონლაინკაზინოების რეკლამა. კანონით უნდა ისჯებოდეს ის მედიასაშუალება თუ ჟურნალისტი, რომელიც სიცოცხლისთვის მსგავს საფრთხის შემცველ რეკლამებს გაავრცელებს. ამასვე ვიტყოდი სატელეფონო ოპერატორებზეც, რომლებიც წამდაუწუმ ავრცელებენ ონლაინკაზინოების რეკლამას და ამით ისედაც თავგზაარეულ ხალხს თავგზას უფრო ურევენ. რომ ვიცოდე, ვინ დგას მსგავსი რეკლამებისა თუ მესიჯების უკან, თავს გავუტეხდი.

"ონლაინკაზინოზე დამოკიდებულება არაფრით განსხვავდება ნარკოდამოკიდებულებისგან"


ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ საუ­ბარი­ ამ დღეებში ონლაინკაზინოს გამო მოზარდ­ის თვითმკვლელობის მცდელობით დაიწყო.

- ის ბიჭი გამვლელმა ამოიყვანა მტკვ­რიდან. ამას ჩემი ახლობლები შემთხვევით შეესწრნენ. უკითხავთ, რატომ იკლავ თავსო?­ ინტერნეტკაზინოში ვითამაშე, ვალი ავიღე, ვერ ვისტუმრებ და დედას ვერ ვეტყვიო! ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმისა, ონლაინკაზინოების გამო მერამდენე ახალგაზრდას შეიძლებოდა დაესრულებინა სიცოცხლე. ონლაინკაზინოს ძალიან ბევრი მოზარდი უკვე შეეწირა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ თვითმკვლელობებს. ძალიან დიდი შანსია, რომ მოზარდები საბო­ლოოდ იქცნენ ონლაინკაზინოებზე დამოკიდებულებად, ანუ გემბლერებად, რაც არაფრით განსხვავდება ნარკოდამოკიდებულებისაგან. თვითმკვლელობები უმეტესად ხდება გაცნობიერებული­ შეცდომების გამო - ონლაინდამოკიდებულე­ბმა იციან, თუ როგორ დააზარალეს ახლობლები...

არსებობს სუიციდის სხვა ფაქტორიც, როცა ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკბობას მოგებისა თუ წაგების მძაფრი ადრენალინით და ამის გამო იკლავს თავს.
16-18 წლის ბიჭები და გოგონები, რო­მლებიც ონლაინკაზინოების მახეში ებმებიან, ხშირად ბავშვურები, პიროვნულად მოუმწიფებლები არიან. ამიტომაც არ ითვალისწინებენ იმ შედეგებს, რაც ამ მომაკვდინებელ ბადეში გახვევას მოჰყვება. ზოგი მათგანი მოგვიანებით აცნობიერებს­ თავისი საქციელის სიმძიმეს, რასაც მოსდევს კიდეც სუიციდი, ზოგი კი სამუდამ­ოდ ხდება ამ უბედურებაზე დამოკიდებული. პირდაპირ ვიტყვი - ონლაინკაზინოებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებებით გაკეთებული ბიზნეს­ისა და მათ შორის მედიარეკლამის მიზანი­ და დევიზი ერთია - მაპატიოს ყველამ - ისედაც "გოიმი" საზოგადოება უფრო "დააგოიმოს" და ამის ხარჯზე ფული გააკეთოს!­
ამიტომაც არის ჩემთვის ონლაინკაზინოების რეკლამა უზნეობა!

"მიშველეთ! 18 წლის ბიჭი ცოცხლად მიკვდება!"

რესპონდენტის სატელეფონო ზარი ჟურნალისტთან სიახლე არ არის, თუმცა იმან, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, თავზარი დამცა. ერთი ადამიანის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი და დროული რეაგირება პრობლემაზე, რასაც თამაშზე დამოკიდებულება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არსებობს პოლიტიკური ნება, არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერაც და საზოგადოების მოთხოვნაც, რომ სათამაშო ბიზნესის ამ სახეობის აკრძალვა ან რეგულირება მოხდეს, ნაბიჯი წინ ჯერ არ გადადგმულა. ამასობაში კი ონლაინკაზინოებზე დამოკიდებულებას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
თვეების განმავლობაში რამდენიმე პუბლიკაცია დავწერე ონლაინკაზინოების აკრძალვის თემაზე, სადაც საუბარი იყო როგ­ორც ამ ბიზნესის მანკიერ მხარეებზე, ისე "შავ ფულზე", რომელიც ამ სექტორში ტრიალებს და რეგულაციებზე, რომელსაც ონლაინთამაშებისთვის შეზღუდვები უნდა დაეწესებინა. კანონმდებლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ოფიციალურ თუ პირად საუბრებში აცნობიერებენ პრობლემის სიმწვავეს­ და ამ სრულიად უკონტროლო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზეც ლაპარაკობენ, მაგრამ ამ განცხადებების იქით საქმე არ წასულა.

ნანი კალმახელიძე:
"ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. თქვენთან დარეკვა უკიდურესმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. ბოლო დროს რატომღაც მიივიწყეს პრობ­ლემა, რომელიც ონლაინკაზინოებზე დამოკიდებულებას ეხება, არადა, რაც უფრო დააგვიანებენ ამ საკითხის გადაწყვეტას, მით მეტი ოჯახი გაუბედურდება. მე შეიძლება­ ჩემს შვილს ვეღარაფერი ვუშველო, მაგრამ­ თუ დაწესდება შეზღუდვები, სხვისი შვილები მაინც გადარჩებიან. მთავრობას ვთხოვ, შეაჩეროს ეს სასიკვდილო თამაშები!
იმდენად გამოუვალ მდგომარეობ­აში ვარ, ხშირად ვფიქრობ თვით­მკვლელობაზე.­ ყოველი ახალი დღე წინაზე მძიმეა. ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, რადგან აღარ შემიძლია ჩემი შვილის უბედურების ყურება. მუდმივად შიშში ვცხოვრობ...

მეშინია, ამდენი ვალის გამო გამოსავალი თვითმკვლელობაში არ იპოვ­ოს. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ჩემმა სიკვდილმა ათქმევინოს უარი ამ საშინელ სენზე.
სათამაშოდ ფულის შოვნა სულ უფრო უჭირს. ჩვენც აღარაფერი გაგვაჩნია, გავყიდეთ ყველაფერი. აღარავისთან მიმესვლება,­ ყველას ვალი გვაქვს. 18 წლის ბიჭი ამ აზ­ა­რტული თამაშების გამო, ფაქტობრივად,­ ცოცხლად მიკვდება. თამაშის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს. კიდევ რამდენი სიცოცხლეა საჭირო სამსხვერპლოდ, რომ მთავრობამ გულთან მიიტანოს ოჯახების, მშობლების, შვილების გასაჭირი­ და აკრძალოს ონლაინთამაშები. ეს ჯოჯოხეთია!"

მართალია, არავინ იცის, რამდენი ადამ­იანი იკლავს თავს კაზინოში წაგებული ფულის ან შვილის ვალების გამო, რამდენს კი ამისკენ სხვა გარემოებამ უბიძგა, მაგრამ ზოგადი
სტატისტიკა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობას ასახავს, ნამდვილად საგანგაშოა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ­ში 99 შემ­თხვევა აღინუ­სხა, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაცია მიეცა. ცნობისთვის - გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 62 იყო. 2014 წელს თვითმკვლელობის 262 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2015 წელს - 333.

"მოთამაშე შვილი დედას მათხოვრობას აიძულებს"

ზურაბ კუკულაძე, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" ანალიტიკოსი:
"ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდა ქალი, რომელიც ამ სისტემის მსხვერპლია - მისი შვილი­ მოთამაშეა. ასეთი ადამიანებისთვის ნაცნობი პრობლემები აქვს მათ ოჯახსაც: დაკარგეს ბინა, სამსახური, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ შვილი დედას აიძულებს, ქუჩაში მოწყალება ითხოვოს. როგორც მითხრა, თუ დღეში 50 ლარს არ მიუტანს, სახლში არ შეუშვებს­, ხშირად სცემს კიდეც. ამიტომ, როცა ფულს ვერ შოულობს, ღამეს ქუჩაში ათევს. გაწამებულს ხშირად უფიქრია, პოლიციას მივმართავო, მაგრამ შვილს ციხისთვის ვერ იმეტებს. ასეთი ადამიანების პირად ტრაგედიებზე ვიღაც დიდ ფულს შოულობს.

სიტუაცია აბსოლუტურად უკონტროლოა. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვნებს, შეუძლიათ აკრიფონ ნებისმიერი პირადობის მოწმობის ნომერი და დაიწყონ თამაში... მოგეხსენებათ, ჩვენი ასოციაცია იყო და არის ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელისუფლებას ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.
გამოვიკვლიეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ონლაი­ნთამაშებში დაახლოებით 400 ათასი­ კაცი ერთვება. ფაქტობრივად, ყოველ მეორე ოჯახშია ეს პრობლემა.

მზაობა გამოვთქვით, ჩავრთულიყავით ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა, საქმე წინ არ წასულა. თუ საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი ზეწოლას არ მოახდენს ხელისუფლებაზე, ეს საკითხი ასევე დარჩება. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება კარგია ან ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ნებისმ­იერ ხელისუფლებას უჭირს ბიზნესისთვის­ თვითნებურად რეგულაციების დაწესება. ამიტ­ომაც აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა, რათა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს.
აზარტული თამაშები პოპულარულია ეკონომიურად გაჭირვებულ ქვეყნებში, სადაც ღარიბ ხალხს ამ თამაშებით უცებ გამდიდრების იმედს უჩენენ. მსგავსი რამ მოხდა საქართველოშიც და რადგან ეს სისტემა­ არ არის რეგულირებული, ძალ­იან ბევრმა მოქალაქემ, მათ შორის არასრულწლოვნებმა, ეს ყოველდღიურ საქმიანობად აქციეს.
ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან, რასაც ხელი უნდა შეუშალოს ხელისუფლებამ. სხვა შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესი არ იტყვის უარს იოლ ფულზე, რომელსაც მისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს".

თამაშით დასრულებული სიცოცხლის ქრონიკა

2 წელიწადში დაახლოებით 20 სტატია მაქვს დაწერილი თვითმკვლელობებზე, რომელთა მიზეზი ონლაინკაზინოები იყო. თვითმკვლელთა უმეტესობა 17-18 წლის იყო, დანარჩენები კი ოჯახის მამები, რომელთაც თამაში გაჭირვებიდან გამოსავლად მოეჩვენათ. ასეთი რამ ადამიანს არ ავიწყდება, მაგალითად, ჩემი ახლობლის 16 წლის ვაჟის ამბავი. ჩემი ახლობელი კარგი დედა იყო, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოახერხა უბედურებას წინ აღდგომოდა... ბიჭმა სესხი ონლაინკაზინოში­ წაგების შემდეგ აიღო და ვალი ვეღარ დააბრუნა, სესხზე კატასტროფული ჯარიმები დაედო. ეს ოჯახს წერილობით აცნობეს. ბიჭმა წერილი დამალა. ზამთრის ერთ დილას კი ფანჯარა გამოაღო და ეზოს მიაჩერდა. როცა შეწუხებულმა დედამ სთხოვა, ფანჯარა მიხურე, გაცივდებიო, თანხმობის ნიშნად თავი კი დაუქნია, მაგრამ ფეხი რაფას დაჰკრა და მეათე­ სართულიდან გადახტა...

16 წლის გოგას ტრაგედიაც დიდხანს არ დაავიწყდებათ ახალციხელებს. წუხდნენ, თავი როგორ ჩამოიხრჩო, აკი ამბობდა, დედას და ჩემს დებს ჩემს მეტი პატ­რონი არავინ ჰყავთო?! ბიჭი ბაზარშიც ედგა დედას გვერდით და პროდუქტების გაყიდვაში ეხმარებოდა... მაგრამ ერთხელ, ზამთრის ცივ საღამოს, დებს დაუბარა, თუ დამაგვიანდეს, არ შეგეშინდეთო და შინიდან წავიდა. როცა დაბნელებისას­ ბიჭი აღარ გამოჩნდა, დედამ მთელი უბანი გააღვიძა, შვილი მომაძებნინეთო. გამთენიისას მეზობელ ქუჩაზე სახლის ნანგრევებში იპოვეს, შემორჩენილ ჭერზე თოკით ეკიდა... ახლობლებს ვერ გაეგოთ, ასეთ კარგ ბიჭს თავი რატომ უნდა მოეკლა. ბოლოს, გოგას თანაკლასელმა გოგონამ გამიმხილა, რაღა აზრი აქვს დამალვას, გოგა თამაშობდა და ონლაინბანკების ვალი ჰქონდა. გადახდა რომ მოსთხოვეს, დედას თქმა ვერ გაუბედა და თავი მოიკლაო.
ჟანგიანი მავთულით ჩამოიხრჩო თავი გლდანში 17 წლის ოთარ ნ.-მაც. ბიჭი ოთხშვილიანი ოჯახიდან იყო; მან მავთული მაშინ აიტანა სახლის მეორე­ სართულზე, როცა მთელი ოჯახი შინ იყო. ხმაური არავის გაუგონია. როცა ბებია ავიდა და ეს საშინელება დახვდა, შვილიშვილის ფეხები ხელში დაიჭირა და კივილი დაიწყო, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. ონლაინკაზინოების ვალის გამო ჩამოიხრჩვეს თავი კაზრეთში 38 წლის რ. გ.-მ და ოზურგეთში - 45 წლის შ.დ.-მ. ერთმა სამი მცირეწლოვანი შვილი დატოვა, მეორემ - ორი. ორივე წერილებში ოჯახს პატიებას სთხოვდა... ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში 60 წლის მამაკაცმა შვილის ვალების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - საჭმელში მჟავა გააზავა და თავი მოიწამლა.

ელიოზის სინდრომი

ნინა გოგოხია, ფსიქოლოგი:
- ხომ გახსოვთ ელიოზი, "ნატვრის ხის" პერსონაჟი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ნატვრისთვალს იპოვიდა ან ოქროს თევზს დაიჭერდა და ყოველდღე დილაადრიანად მის საძებნელად მიდიოდა. შინ კი ჩამოკონკილი, მშიერი და გათოშილი ოჯახი ელოდებოდა. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოებისა თუ ონლაინბეთების ტყვეები დღეს კოლექტიურ ელიოზად მოგვევლინენ. კოლექტიური ელიოზები ანგრევენ და აუბედურებენ თავიანთ გარშემო ყველაფერს და ხშირად ამას ნიღბავენ წუხილით, რომ თითქოსდა ონლაინკაზინოში თამაშითა და ფულის მოგებით ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. ეს არის ვითომ წუხილი და ვითომ ზრუნვა, რასაც ემატება ცრუ ილუზია, რომ ოდესღაც გაგიმართლებს, მოიგებ და აშენდები - სწორედ ამ გზით მივდივართ ელიოზთან. იმ ელიოზთან, რომელიც მშიერ ოჯახს ყოველ დილას თავს ალოცვინებს ვითომ მათი გადამრჩენელი ნატვრისთვალის მოსაპოვებლად, სინამდვილეში კი მათ აუბედურებს. იმ ელიოზთან, რომელიც თავისი უცნაური ახირების გამო ყველასგან გარიყულია. ელიოზი, შესაძლოა, თავადაც ვერ ხვდება (ან არ უნდა, მიხვდეს) რას სჩადის, როგორ სწირავს განუხორციელებელი ოცნების დევნით შვილებს... ელიოზი ცრუ ილუზიებმა იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ასევე ამთავრებს სიცოცხლეს ბევრი თანამედროვე ელიოზი - ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულებს, ყველასგან გარიყულებს, ვალებში ჩაძირულებს, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ.

ეთერ ერაძე
ემა ტუხიაშვილი
luxo
25 მაისი 2016 11:16
ჰიმალაის მთებთან არსებულმა პატარა, მონარქიულმა სახელმწიფომ, არამცთუ ნარკომანიას და კაზინოებს, თუთუნის წევას მოუღო ბოლო, და ეს სახელმწიფო არც რუსეთის და არც ევროკაშირის წევრი არ არის ,არც დემოკრატიულობას იჩემებს.
luxo
25 მაისი 2016 10:53
ჰიმალაის მთებთან არსებულმა პატარა, მონარქიულმა სახელმწიფომ, არამცთუ ნარკომანიას და კაზინოებს, თუთუნის წევას მოუღო ბოლო, და ეს სახელმწიფო არც რუსეთის და არც ევროკაშირის წევრი არ არის ,არც დემოკრატიულობას იჩემებს.
BEDO
22 მაისი 2016 21:56
იღუპება ოჯახები! დროზე რაიმე თუ არ ვიღონეთ,ძალიან მძიმე შეგეგებს მივიღებთ! მთავრობას ვთხოვთ მიიღოს კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ზომები ამ საგანგაშო მდგომარეობის გამოსასწორებლად. მთავრონსა!!!!! ნუ იქნებით მარტო საკუთარი კეთილდღეობაზე ზრუნვით დაკავებულები, იზრუნეთ ქვეყნისა და ხალხისათვის....გაიგეთ????????

რედაქტორის რჩევით